ბს-473-450(კს-05) 24 ივლისი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სპს სამეცნიერო ცენტრი «გ-ა»
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 16 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» დირექტორმა გ. ღ-ემ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 150000 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» ქონება 2002 წლის 22 აპრილიდან იყო დაყადაღებული ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნით. აღნიშნული ყადაღა მოიხსნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უკანონო მოქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური და მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატა ორგანიზაციის განვითარების ხელის შეშლით, კერძოდ, ორგანიზაციამ ვერ გაიმარჯვა ტენდერში, ვერ მიიღო გრანტი, უცხოელებთან და საბანკო ურთიერთობებში დაკარგა ნდობა (ს.ფ. 1-2).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 136-137).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ამ» და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 38-39).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით აპელანტს დაევალა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსება, კერძოდ, 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა (ს.ფ. 142-143).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინებით სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ხარვეზის შევსება _ 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» მმართველ გ. ღ-ეს ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდა 2006 წლის 2 მაისს. 10 მაისს მან სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც უთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. განცხადებას თანდართული ჰქონდა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მართვის ტერიტორიული სამსახურის ........ განყოფილების მიერ გაცემული ცნობა მასზედ, რომ გ. ღ-ის ოჯახი განიცდიდა მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, ასევე საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც «გ-ას» ანგარიში ¹......... დახურული იყო უმოძრაობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული ნორმა ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ. ამავე კოდექსის 48-ე მუხლით იურიდიული პირის მიმართ დასაშვები იყო მხოლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება, განაწილვადება ან მათი ოდენობის შემცირება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 18 აპრილის განჩინებით აპელანტს ერთხელ უკვე გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ. 155-157).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ამ».
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ უკანონოდ დააყადაღა სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» ქონება. იგი არ მოიაზრებოდა ორგანიზაციად, ხოლო გ. ღ-ე წარმოადგენდა ფიზიკურ პირს, რომელიც იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია პროცესის ხარჯები აანაზღაუროს იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდება (ს.ფ. 165-166).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განჩინებით სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მოიაზრებოდა არა ორგანიზაციად, არამედ ფიზიკურ პირად, ვინაიდან «მეწარმეთა შესახებ» კანონის 2.6 მუხლის თანახმად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით იურიდიული პირის მიმართ დასაშვები იყო მხოლოდ სასამართლოს ხარჯების გადახდის გადადება, განაწილვადება და მათი ოდენობის შემცირება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ერთხელ უკვე განახორციელა (ს.ფ. 1771-180).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით. სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ამ» აღნიშნული ხარვეზი არ შეავსო და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შუამდგომლობის უსაფუძვლობისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობის არსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სპს სამეცნიერო ცენტრი «გ-ა» «მეწარმეთა შესახებ» კანონის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს იურიდიულ პირს. მოსარჩელეს არ წარმოადგენს გ. ღ-ე როგორც ფიზიკური პირი, რის გამოც მისი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება დაუშვებელია სპს-ის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის დროს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული ნორმა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ და სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ა», როგორც იურიდიული პირი, ვერ ისარგებლებს აღნიშნული მუხლით დადგენილი შეღავათით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის ნათია წკეპლაძის
გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ, 2006 წლის 24 ივლისს განიხილა სპს სამეცნიერო ცენტრ «გ-ას» კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების გამოტანისას ვიხელმძღვანელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე და 247-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით _ არ ვეთანხმები კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობას და ვრჩები განსხვავებულ აზრზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოში აპელაციაშივე აღძრულ იქნა შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე /იხ.ს.ფ. 140/. სააპელაციო სასამართლოს წერილობით შუამდგომლობასთან დაკავშირებით საერთოდ არ უმსჯელია, ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მიზეზით /იხ.ს.ფ. 142-142/.
ს.ფ 145-146-ზე წარმოდგენილია აპელანტის განცხადება «ხარვეზის შევსების შესახებ», რომელშიც კვლავ ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის განჩინებით სპს სამეცნიერო ცენტრი «გ-ას» სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით დაუშვებლობის გამო /იხ.ს.ფ. 155-157/.
მიმაჩნია, რომ საპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აპელანტის წერილობით შუამდგომლობაზე განჩინებით და მხოლოდ შემდეგ დაედგინა ხარვეზის შევსების ვადა, რათა აპელანტისათვის გარკვეული ყოფილიყო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის თაობაზე, რის შემდეგად მას დარჩებოდა შესაძლებლობა შესაბამისი საპროცესო მოქმედების სახელმწიფო ბაჟის გადახდისა.
ვთვლი, რომ სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის ნორმებით განსაზღვრული ვალდებულება მხარის შუამდგომლობის განხილვის თაობაზე. ასეთად ვერ მიიჩნევა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობა იურიდიული პირის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან სსსკ-ის 47-ე მუხლით გათავისუფლების შეუძლებლობაზე, რამდენადაც მითითებული განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები არ შეესაბამება ერთმანეთს, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მსჯელობს ზემომითითებულზე (ამასთან, უთითებს მხოლოდ აპელანტის 2006 წლის 02 მაისის შუამდგომლობას და არაფერს ამბობს სააპელაციო საჩივარში აღძრულ შუამდგომლობაზე, რაც მიუთითებს, რომ სასამართლო აპელაციის დასაშვებობის სტადიაზე მის შინაარს არ გასცნობია), ხოლო სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, აპელაცია დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 284-ე მუხლის მოთხოვნას, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გამომდინარეობდეს მოტივირებული ნაწილიდან.
აგრეთვე, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია კერძო საჩივარი დასაშვებად სსსკ-ის 414-417-ე მუხლების საფუძველზე 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით /იხ.ს.ფ. 176-177/, ხოლო 2006 წლის 20 ივნისის განჩინებით უსაფუძვლოდ, რომ არ შეუმოწმებია სსსკ-ის 414-417-ე მუხლებთან მისი რეალური შესაბამისობა, კერძოდ, კერძო საჩივარი შემოტანილია არა სპს-ს, ან მისი პარტნიორის სახელით, არამედ ფიზიკური პირის _ «ტექ. მეც. დოქტორის გ. ღ-ის მიერ /იხ.ს.ფ. 165/, გ. ღ-ე, როგორც ფიზიკური პირი ვერ იქნება მიჩნეული კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილ პირად, ვინაიდან იგი საქმეს აწარმოებდა, როგორც სპს-ს ანუ სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორის სტატუსით. სააპელაციო სასამართლომ წინარე განჩინებებით იმსჯელა არა ფიზიკური პირის მიერ შეტანილ, არამედ სპს-ს მმართველის გ. ღ-ის აპელაციის დასაშვებობაზე.
მითითებული არაერთგზის საპროცესო დარღვევების გამო ვთვლი, რომ კერძო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას და კერძო საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას.