საქმე №ას-38-2020 10 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,ს.ქ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ო.გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ო.გ–ის“ სარჩელი შპს ,,ს.ქ.“ წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
დასახელებული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მომჩივანს მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.
2020 წლის 29 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენელმა ე.კ–მა წარმოადგინა განცხადება იმაზე მითითებით, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა კომპანიის მიერ გადახდილია, რის გამოც ინტერესი კერძო საჩივრის მიმართ აღარ გააჩნია და უარი თქვა კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის ავტორის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სამოქალაქო საქმე მოპასუხის კერძო საჩივართან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადმოეცა 2020 წლის 20 იანვარს.
2020 წლის 29 იანვრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა და უარი თქვა კერძო საჩივარზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას იხელმძღვანელოს არა მხოლოდ საკასაციო სამართალწარმოებისათვის დადგენილი სპეციალური ნორმების დანაწესებით, არამედ ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებითაც, რომლებიც სპეციალური მოწესრიგებისაგან განსხვავებულ დებულებებს არ შეიცავენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე, რაც სასამართლოს შესაბამის მოხელესთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა (იხ. შეტყობინების აქტი), პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ს.ქ–ის“ კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.
კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, გამორიცხავს მისი დაბრუნების საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს.ქ–ის“ წარმომადგენლის ე.კ–ის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება შპს ,,ს.ქ–ის“ კერძო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე შპს ,,ო.გ–ის" სარჩელის გამო, შპს ,,ს.ქ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ლ. მიქაბერიძე