Facebook Twitter

საქმე №ას-635-2019 28 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - რ.ქ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ფ–ი (თავდაპირველი მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.ქ–ამ (შემდგომში - „განმცხადებელი“ ან „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ფ–ის (გვარის შეცვლის შემდეგ გ.ჯ–ი), მ.ჯ–ის, ზ.ფ–ის, ლ.მ–ას, ნ.ნ–ას და გ.ო–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხე ზ.ფ–ს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო დანარჩენმა მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ.ჯ–ს (პ/ნ .....) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ......, ს/კ ..... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.ჯ–ს და ნ.ნ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის 5 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; გ.ჯ–ს და ნ.ნ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ექსპერტიზის ხარჯის - 60 ლარის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფასურის - 21 ლარის, ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 42 ლარის და საჯარიმო ავტოსადგომის სარგებლობის საფასურის - 209 ლარის ანაზღაურება; გ.ჯ–ს და ნ.ნ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება; გ.ჯ–ს და ნ.ნ–ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 294.21 ლარის გადახდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ.ჯ–ს (პ/ნ .....) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ......, ს/კ ...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ, ტ. 1. ს.ფ. 411-414).

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ, გ.ჯ–მა და ნ.ნ–ამ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ჯ–ისა და ნ.ნ–ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ.ჯ–ს, ნ.ნ–ას და ლ.მ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის 5500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ გ.ჯ–ს არ აღმოაჩნდება საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის - 5500 აშშ დოლარის ასანაზღაურებლად, მოსარჩელის მიმართ დამატებითი პასუხისმგებლობა ზემოხსენებული თანხის ფარგლებში დაეკისროთ მ.ჯ–სა და ზ.ფ–ს; მოსარჩელის სარჩელი გ.ო–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; გ.ჯ–ს, ნ.ნ–ას, ლ.მ–ას, მ.ჯ–სა და ზ.ფ–ს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის, ექსპერტიზის საფასურის - 60 ლარის, სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის საფასურის - 21 ლარის, ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 42 ლარის და საჯარიმო ავტოსადგომის სარგებლობის საფასურის - 209 ლარის ანაზღაურება; გ.ჯ–ს, ნ.ნ–ას, ლ.მ–ას, მ.ჯ–სა და ზ.ფ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 294.21 ლარის გადახდა; ლ.მ–ას, მ.ჯ–ს და ზ.ფ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 261 ლარის ოდენობით; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ.ჯ–ს (პ/ნ .....) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ......, ს/კ ....., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ.ჯ–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით გ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. 2020 წლის 17 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ბ.ბ–მა და მოითხოვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველი მოპასუხის ზ.ფ–ის საკუთრებაში რიცხულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება:

9.1. ახმეტის რაიონი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთი 1667.00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები №01 და №02, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №50.10.40.157;

9.2. ახმეტის რაიონი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთი 1681.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....;

9.3. თბილისი, ......, ფართი: 53.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...... თავდაპირველი მოპასუხის ზ.ფ–ის კუთვნილი 1/4 ნაწილი.

10. განმცხადებელმა მიუთითა, რომ:

10.1. მოცემული სამოქალაქო დავის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული იქნა აკრძალვა მოპასუხე მ.ჯ–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ......., ს/კ ........ აღნიშნულ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის მომენტში ქონება იყო იპოთეკის საგანი მ.ჯ–ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად და იყო უფლებრივად ნაკლიანი, ანუ იპოთეკარ მხარეს, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შეეძლო პრეტენზია წარედგინა და ამ ქონების რეალიზაციით მიეღო დაკმაყოფილება;

10.2. 2019 წლის მაისსა და ოქტომბერში მოსარჩელის წარმომადგენელს წერილობით ეცნობა, რომ აღმასრულებელ დ.ე–ის წარმოებაშია სააღსრულებო ფურცელი, გაცემული 2017 წლის 8 სექტემბერს, მოვალე მ.ჯ–ის წინააღმდეგ და მიმდინარეობს ზემოაღნიშნული ქონების იძულებითი რეალიზაციის პროცესი;

10.3. იპოთეკის საგნის მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით წარმოიშობა აუქციონის დანიშვნის საფუძველი, რომელიც აღსრულების შეუჩერებლობის შემთხვევაში (მოსარჩელეს შეჩერების საფუძველი არ გააჩნია, რამდენადაც ეს ქონება არის იპოთეკის საგანი და კრედიტორ მხარეს აქვს უზრუნველყოფილი მოთხოვნა) ცხადია, ქონების რეალიზაციით დასრულდება და იპოთეკის საგნის მესაკუთრე დაკარგავს კუთვნილ მატერიალურ სიკეთეს. ასეთ ვითარებაში კი, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება არათუ გაძნელდება, არამედ - შეუძლებელი იქნება, აუქციონზე უძრავი ნივთის გასხვისების სამართლებრივი შედეგებიდან და შემძენის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე. კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აუქციონს დაქვემდებარებული ქონების მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსით ისარგებლებს, მოცემულ საქმეზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქონების ახალ მესაკუთრეს ვერ წარედგინება პრეტენზია;

10.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით სასამართლომ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ზიანის მიმყენებელ გ.ჯ–ს (ზიანის მიყენების დროს არასრულწლოვანი), არ აღმოაჩნდება საკმარისი ქონება ზიანის ანაზღაურების მიზნით, დამატებითი ქონებრივი პასუხისმგებლობა, მიყენებული ზიანის ფარგლებში დაეკისრებათ მის მშობლებს: მ.ჯ–ს და ზ.ფ–ს;

10.5. რამდენადაც, ის ქონება, რომელიც ეკუთვნის მოპასუხე მ.ჯ–ს და წარმოადგენს იპოთეკის საგანს, სავსებით რეალურია, რომ რეალიზებული იქნას, მიზანშეწონილია, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაყადაღდეს მოპასუხე ზ.ფ–ის ქონებაც;

10.6. ვინაიდან მოსარჩელის მიერ ინიცირებულ დავას რეალური საფუძველი გააჩნია, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით რ.ქ–ას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ამონაწერი ან ცნობა საჯარო რეესტრიდან უძრავ ნივთზე (ახმეტის რაიონი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთი 1681.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი №.....) უფლებრივი მდგომარეობის შესახებ განცხადების განხილვის დროისათვის, რომლითაც დადასტურდებოდა ზ.ფ–ის საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ნივთზე.

12. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, 2020 წლის 27 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენელმა ბ.ბ–მა წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 23 იანვარს მომზადებული ცნობა (პასუხი) №19031, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე რაიონი ახმეტა, სოფელი ......., საკადასტრო კოდი №..... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 1681.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ....) რეგისტრირებულია ზ.ფ–ის (პირადი ნომერი: ......) საკუთრების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.

17. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ჯ–ს, ნ.ნ–ას და ლ.მ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის 5500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება; დადგინდა, რომ, იმ შემთხვევაში თუ გ.ჯ–ს არ აღმოაჩნდება საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის - 5500 აშშ დოლარის ასანაზღაურებლად, მოსარჩელის მიმართ დამატებითი პასუხისმგებლობა ზემოხსენებული თანხის ფარგლებში დაეკისროთ მ.ჯ–სა და ზ.ფ–ს.

20. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველი მოპასუხის ზ.ფ–ის საკუთრებაში რიცხული შემდეგი უძრავი ქონების დაყადაღებას:

20.1. ახმეტის რაიონი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთი 1667.00 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები №01 და №02, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....;

20.2. ახმეტის რაიონი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთი 1681.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....;

20.3. თბილისი, ......, ფართი: 53.00 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...... ზ.ფ–ის კუთვნილი 1/4 ნაწილი.

21. ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთებზე, საკადასტრო კოდით №...... და საკადასტრო კოდით №....., ზ.ფ–ის საკუთრების უფლება დასტურდება 2019 წლის 17 დეკემბერს მომზადებული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, ხოლო უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით №..... - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 23 იანვარს მომზადებული ცნობით (პასუხი) №19031.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ.ჯ–ს (პ/ნ ......) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ......., ს/კ ....... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელის უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიება დარჩა ძალაში.

23. მოსარჩელე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში უთითებს, რომ, ვინაიდან ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, ამ ქონებაზე აკრძალვის რეგისტრაციის მომენტშივე, მ.ჯ–ის მიერ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო იპოთეკით, 2017 წლის 8 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს დასახელებული ქონების იძულებითი რეალიზაციის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაშიც, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება აუქციონზე უძრავი ნივთის გასხვისების სამართლებრივი შედეგებიდან და შემძენის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე არათუ გაძნელდება, არამედ - შეუძლებელი გახდება.

24. განცხადებას თან ერთვის კერძო აღმასრულებლის დ.ე–ის 2019 წლის 28 მაისის №A19001435-018/001 და 2019 წლის 8 ოქტომბრის №A19001435-018/003 წერილები, რომელთა თანახმად, კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 08 სექტემბერს გაცემული №2/29466-16 სააღსრულებო ფურცელი, სააღსრულებო წარმოება A19001435, მოვალე: მ.ჯ–ი (......); სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით აღნიშნულ საქმეზე უახლოეს ვადაში დაინიშნება იძულებითი აუქციონი მ.ჯ–ის (....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .....; მისამართი: ქალაქი თბილისი, .......; საკუთრების ტიპი: საკუთრება; საკუთრება: ფართი სართული 3, ბინა №36, ფართი: 74,06 კვ.მ.

25. ამდენად, მოცემულ საქმეზე გამოყენებულმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ზ.ფ–ის ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დასაბუთებულია.

26. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

27. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ №ას-449-431-2016, 2016 წლის 7 ივლისი).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება - უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება არათანაზომიერად შეზღუდავს მოპასუხე ზ.ფ–ის საკუთრების უფლებას და მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვისთვის საკმარისი იქნება მოპასუხისთვის აღნიშნული ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და აეკრძალოს თავდაპირველ მოპასუხეს ზ.ფ–ს (პ/ნ .....) მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების: ა) ახმეტის რაიონი, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №...... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1667.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01, №02); ბ) ახმეტის რაიონი, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №...... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 1681.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ......); გ) ქალაქი თბილისი, ......., ფართი: 53.00 კვ.მ., ზ.ფ–ის (პ/ნ ....) კუთვნილი ¼ ნაწილი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. უზრუნველყოფილი სარჩელის ფასია 5500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 198-ე, 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ქ–ას წარმომადგენლის ბ.ბ–ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აეკრძალოს თავდაპირველ მოპასუხეს ზ.ფ–ს (პ/ნ .....) მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების: ა) ახმეტის რაიონი, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №..... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1667.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01, №02); ბ) ახმეტის რაიონი, სოფელი ......., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №..... (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 1681.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: .....); გ) ქალაქი თბილისი, ......, ფართი: 53.00 კვ.მ., ზ.ფ–ის (პ/ნ ......) კუთვნილი ¼ ნაწილი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.......058 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე