Facebook Twitter

საქმე №ას-1015-2019 24 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ჭ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, …… (საკადასტრო კოდი: № ……) (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.ა–ის (შემდგომში − „მოსარჩელე“) სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი – 2018 წლის 11 იანვარი. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 დეკემბრის №A17091588-023/001 განკარგულება.

2. ვ.ჭ–ი (შემდგომში − „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) არის სადავო უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე.

3. 2018 წლის 25 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. 2019 წლის 11 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 18 იანვარს მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღნიშნული დავა პირდაპირ და უშუალო კავშირში იყო მოცემულ სამოქალაქო დავასთან, რადგან ადმინისტრაციული სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ განკარგულების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა სადავო უძრავი ქონება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმის დასრულებამდე სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, მოპასუხის ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, მათ შორის, სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მიერ ფლობის შესახებ. მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა (შესაგებელშიც და სააპელაციო საჩივარშიც მოპასუხე მიუთითებდა სადავო უძრავი ქონების მისამართზე, როგორც ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მითითება, რომ იგი მოცემულ საქმეზე წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს და დადგენილად მიიჩნია ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონოდ ფლობის ფაქტი.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.

12. მოპასუხის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მხარეებს არ მისცა მორიგების შესაძლებლობა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საქმის მორიგებით დასრულება საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი, მათ შორის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეებს არ გამოუთქვამთ მზაობა მორიგებისათვის. უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით მოსარჩელემ უარყო მორიგების წინაპირობების არსებობა და განმარტა, რომ მოპასუხის აღნიშნული პრეტენზია მიზნად ისახავდა საქმის განხილვის გაჭიანურებას.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ.

14. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. მოსარჩელე ბოროტად იყენებს საკუთრების უფლებას. დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეა, რომელსაც დავალიანების გადაუხდელობის გამო იძულებით აუქციონზე გაუყიდეს სახლი. მოპასუხე მზადაა აანაზღაუროს დავალიანება. მოსარჩელესაც მხოლოდ თანხის მიღების ინტერესი აქვს და არა – ბინის. ამდენად, სადავო უძრავი ქონებიდან მოპასუხის გამოსახლების აუცილებლობა არ არსებობს;

14.2. მოპასუხემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, რადგან მოცემული დავის გადაწყვეტა შეუძლებელი იყო სხვა დავის გადაწყვეტამდე.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმის დასრულებამდე სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

20. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია მითითებული ადმინისტრაციული საქმის მიმდინარეობის დასრულებამდე წინამდებარე საქმის განხილვამ გამოიწვია თუ არა საქმის გარემოებათა არასრული დადგენა, რაც სასამართლო განჩინებას იმდენად დაუსაბუთებელს ხდის, რომ შეუძლებელი ხდება მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

21. საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი წინაპირობა განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

22. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. ამრიგად, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (იხ. სუსგ №ას-266-253-2016, 2016 წლის 14 ივნისი).

23. განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისათვის გადაცემა. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ საფუძველზე, რომ იგი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, მოპასუხე კი უკანონოდ ფლობს ამ ქონებას (იხ. ტ.1. ს.ფ. 2-17).

24. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

25. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულთაგან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი მოცემული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე ითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ განკარგულების (№A17091588-023/001) ბათილად ცნობას, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა სადავო უძრავი ქონება (იხ. ტ.1. ს.ფ. 147-149).

28. მოპასუხე მხარემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების, დასაშვებად ცნობისა და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ (იხ. ტ.1. ს.ფ. 150-151). აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელით მოპასუხე ითხოვს სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის –აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 28 დეკემბრის №A17091588-023/001 განკარგულების – ბათილად ცნობას.

29. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული დავის ფარგლებში მოთხოვნილია იმ განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა სადავო უძრავი ქონება და მოცემულ დავაში სწორედ აღნიშნული ბინიდან ყოფილი მესაკუთრის (მოპასუხე) გამოსახლებაა დადგენილი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს განსახილველ საქმეზე, სადაც წარდგენილია ვინდიკაციური სარჩელი და მისი დაკმაყოფილებისათვის კანონით განსაზღვრული სამი კომპონენტის (მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის უფლება) ერთობლივად არსებობაა აუცილებელი.

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია დავებს შორის ურთიერთმიმართება იმ თვალსაზრისით, პარალელურად მიმდინარე დავაში სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 დეკემბრის №A17091588-023/001 განკარგულების ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მიმდინარე დავაში მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში, რომელმაც წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, უნდა იმსჯელოს საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პერიოდისათვის მოცემული დავის სამართლებრივ ურთიერთკავშირზე 2017 წლის 28 დეკემბრის №A17091588-023/001 განკარგულების ბათილობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე დავასთან, რის შედეგად უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები და აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვიტოს სარჩელის ბედი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის ფარგლების, დავის მონაწილე სუბიექტების, დავის არსისა და დავათა შორის სამართლებრივი ურთიერთკავშირის დადგენისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების დეტალური შესწავლისა და შეფასების შედეგად, უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა ვინდიკაციური სარჩელის შემაფერხებელი გარემოებები და ამ გარემოებათა დადგენისათვის სხვა საქმეში დასადგენი გარემოებების გათვალისწინების აუცილებლობა.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე