საქმე №ას-1015-2019 24 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.ჭ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით საქმის წარმოების შეჩერება
დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ა–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ჭ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..... (საკადასტრო კოდი: №....) (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. 2019 წლის 11 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 18 იანვარს მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღნიშნული დავა პირდაპირ და უშუალო კავშირში იყო მოცემულ სამოქალაქო დავასთან, რადგან ადმინისტრაციული სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ განკარგულების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა სადავო უძრავი ქონება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული საქმის დასრულებამდე სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველი დავის საგანი იყო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მესაკუთრეობის ფაქტის დადგენა, მოპასუხის მიერ მფლობელობის განხორციელება და აღნიშნული მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა/არარსებობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მესაკუთრეობის ფაქტი დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე და მიუთითა, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა ისეთი გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს გახდიდა მოცემული დავის გადაწყვეტას შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ადმინისტრაციული დავის დასრულებამდე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
9. აღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით საქმის წარმოების შეჩერება.
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრა ადმინისტრაციული სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტამდე შეუძლებელია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის განხილვა. შესაბამისად, არსებობს საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
14. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ასეთ შესაძლებლობას კანონმდებელი უშვებს მხოლოდ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მიმართ. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლით დადგენილია, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, გარდა ამ კოდექსის 280-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, 187-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება ასევე საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
18. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები გამოვლინდა მისი წარმოებაში მიღების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე, 414-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.ჭ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. ვ.ჭ–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს დ.ღ–ის (პ/ნ: .....) მიერ 2019 წლის 15 ივლისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე