Facebook Twitter

საქმე №ას-1427-2018 7 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ.გ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ჯ.ა–ი, რ.ს–ძე (მოპასუხეები)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.გ–ამ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ა–ისა და რ.ს–ძის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. ჯ.ა–სა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 24 მარტს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა;

1.2. ჯ.ა–სა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 24 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა;

1.3. 2015 წლის 05 მაისს მოსარჩელესა და რ.ს–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უძრავი ქონება, მდებარე მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი, სოფელი ......, ს.კ. ....., აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით ჯ.ა–ისა და რ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

9. 2020 წლის 6 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა გ.ღ–ძემ და მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში არსებული A19183365 სააღსრულებო წარმოების შეჩერება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

9.1. საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის დავის საგანს წარმოადგენს 2014 წლის 24 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 24 ოქტომბერს გაცემულია 2014 წლის 30 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი;

9.2. ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 30 სექტემბერს გაცემული ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცელი (დუბლიკატი) მოპასუხე მხარემ წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ითხოვს მის აღსრულებას. შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში დაწყებულია სააღსრულებო წარმოება;

9.3. მოპასუხის მიერ აღიარებული და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 23772 აშშ დოლარი მოსარჩელის მიერ გასტუმრებულია. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს 15 000 აშშ დოლარი. თუმცა, ისინი სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვენ 48 432 აშშ დოლარის გადახდას, რაც დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 21 იანვრის A19183365 წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;

9.4. იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება საკასაციო საჩივარი და, შესაბამისად, სარჩელი 2014 წლის 24 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო ამავდროულად განხორციელდება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზება და კრედიტორის დაკმაყოფილება, ასეთ შემთხვევაში, აზრს დაკარგავს მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მოსარჩელე ვეღარ შეძლებს იპოთეკით დატვირთული ქონების დაცვას, ქონება აღმოჩნდება მესამე პირების საკუთრებაში და ამავე დროს, კრედიტორს უსაფუძვლოდ გადაეცემა უძრავი ქონების რეალიზებით მიღებული თანხა. შესაბამისად, ვეღარ აღდგება მოსარჩელის დარღვეული უფლება და ყველა შემდგომი სამართლებრივი დავა უშედეგო აღმოჩნდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

13. განმცხადებელი მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში არსებული A19183365 სააღსრულებო წარმოების შეჩერებას.

14. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უძრავი ქონება, მდებარე მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი, სოფელი ......, ს.კ. ....., აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

15. დადგენილია ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

16. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენ ნაწილში უარის თქმის შესახებ.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, რამდენადაც მოცემულ დავაზე საქმის წარმოება დასრულებულია და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2014 წლის 24 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და 2014 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.გ–ას წარმომადგენლის გ.ღ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე