Facebook Twitter

24 იანვარი, 2020 წელი,

საქმე №ას-1649-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - სს „მ.ს.ც–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.თ–ა (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სს „მ.ს.ც–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) საკასაციო საჩივარი, მ.თ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფას, დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.თ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2020 წლის 16 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის ი.ნ–ძის განცხადება, რომლითაც მან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო საჩივრით კასატორს მოთხოვნილი ჰქონდა მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლო ხარჯების დაკისრება, გადაწყვეტილებაში კი არ არის განხილული აღნიშნული. იმ შემთხვევაში თუ დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კასატორი ითხოვს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, რომელშიც მითითებული იქნება საკითხი სასამართლო ხარჯების დაკისრებასთან დაკავშირებით.

განსახილველი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ზეპირი განხილვის გარეშე მიღებულ იქნა 2019 წლის 17 აპრილს და სასამართლოში არსებული საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სს „მ.ს.ც–ის“ წარმომადგენელმა ა.მ–ამ 2019 წლის 18 ნოემბერს ჩაიბარა პირადად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განმარტავს, რომ კასატორს ან მის წარმომადგენელს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეეძლო დაესვა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. სსსკ-ის 60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა კასატორისათვის დაიწყო 2019 წლის 19 ნოემბერს და დასრულდა ამავე წლის 25 ნოემბერს. კასატორის წარმომადგენლის განცხადება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 16 იანვარს შემოვიდა და მასზე დართული ფოსტის ბეჭდით ირკვევა, რომ განცხადება ფოსტაში 2020 წლის 15 იანვარს არის მიტანილი.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორის წარმომადგენელმა განცხადება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შემოიტანა, მისი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „მ.ს.ც–ს“ წარმომადგენლის ი.ნ–ძის შუამდგომლობა, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, დარჩეს გაუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი