Facebook Twitter

საქმე №ას-151-2019 21 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ჯ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით (სამოქალაქო საქმეზე ნ.ჯ–ის სარჩელის გამო, ი.ბ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე) ნ.ჯ–ის 2017 წლის 10 ნოემბრის განცხადება სარჩელის, ასევე, მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ დარჩა განუხილველად.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ჯ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დარღვეული იყო მისი წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა.

4. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.ჯ–მა, მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა განმცხადებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ჯ–ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა საქმის წარმოების განახლების წინაპირობები. ამ თვალსაზრსით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით, რომლითაც საპროცესო ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დარჩა მოსარჩელის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი, დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება ნ.ჯ–ის ჩაბარდა 2018 წლის 22 თებერვალს, შესაბამისად, მისი გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, დაიწყო 2018 წლის 23 თებერვალს და ამოიწურა 6 მარტს. კერძო საჩივარი მისმა ავტორმა ფოსტას 2018 წლის 7 მარტს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ ჩააბარა;

2.2. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მხარე მიიჩნევს იმას, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება მას 2018 წლის 22 თებერვალს ჩაბარდა. მხარისგან დამოუკიდებელი გარემოების გამო, მოპასუხის მიმართ კერძო საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2018 წლის 7 მარტს. 2018 წლის 6 მარტს, 12 -დღიანი საპროცესო ვადის დაცვით, ნ.ჯ–ს მოუხდა საქართველოს ფოსტის საშუალებით განცხადებით მიმართვა „განმარტების წერილით“ ერთდღიანი საპროცესო ვადის მოთხოვნაზე, რომ შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე, 27 მოპასუხეთაგან დარჩენილ 9 მოპასუხის კერძო საჩივრებს გადააგზავნიდა მეორე დღეს.

3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს, თუმცა ნორმით განსაზღვრული თითოეული წინაპირობა ექვემდებარება ვიწრო განმარტებას, რამდენადაც საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას. თავის მხრივ, რამდენადაც საქმის წარმოების განახლება ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის რეალიზაციისთვისაა დადგენილი, იმდენადვე ამავე ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა მაღალი ალბათობით იმისი დაშვების შესაძლებლობას, რომ არსებობს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები. პრეცედენტული სამართლის თანახმად, „კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).

4. განსახილველ შემთვევაში, გარდა იმისა, რომ მხარე ფაქტობრივად ადასტურებს განჩინების კანონიერებას, რომლის გაუქმებასაც მოითხოვს განცხადებით (როგორც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში, ისე _ წინამდებარე კერძო საჩივარში ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს საპატიოდ უნდა შეფასდეს, თუმცა პალატა ამ მოსაზრების წინააღმდეგ სსსკ-ის 59.4 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოობისა, განჩინებებისა და გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები აღდგენას არ ექვემდებარება), იგი ვერ მიუთითებს საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ამასთანავე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს მოცემული დავის მიმართ ნამდვილი ინტერესი არ გააჩნია: საქმეში წარმოდგენილი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნ.ჯ–ის სარჩელზე ი.ბ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე წარმოება შეწყდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკმაყოფილდებოდა ნ.ჯ–ის კერძო საჩივარი, მაინც არ იარსებებდა უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც სარჩელზე, რომელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობასაც ეს განცხადება ემსახურებოდა, საქმის წარმოება შეწყვეტილია.

5. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე