საქმე №ას-152-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჯ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ.ჯ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან მზღვეველი) მიმართ, მოპასუხისათვის 11 739 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო ერთ-ერთ უმსხვილეს ორგანიზაციაში _ შპს „კ.ბ.გ–ში“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლისს 10 ოქტომბერს დამსაქმებელმა საკუთარი ინიციატივით მოშალა მასთან შრომის ხელშეკრულება. 2016 წლის 18 ოქტომბრიდან მოსარჩელე დაზღვეული იყო მოპასუხის მიერ იძულებითი უმუშევრობის რისკზე. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეულს სადაზღვევო კომპანიიის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული და გადახდილი აქვს სოლიდური სადაზღვევო პრემიაც, 2017 წლის 6 ნოემბერის წერილით მზღვეველმა უსაფუძვლოდ განაცხადა უარი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. მოსარჩელის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 3 494 ლარს, ხელზე მისაღები თანხა კი _ 2 795 ლარს. მოპასუხე ვალდებულებას იღებდა, რომ იძულებითი უმუშევრობის დადგომისას აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის ხელფასის 70%, ანუ თვეში 1 956 ლარი. შესაბამისად კომპანიას ეკისრება ვალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელეს ექვსი თვის საკომპენსაციო თანხა - 11 739 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოსარჩელის წარმომადგენელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. საქმეში წარმოდგენილი, მოპასუხისათვის კორესპონდენციის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოპასუხის კანცელარიას 2017 წლის 24 ნოემბერს. მზღვეველს განმარტებული ჰქონდა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგები. მიუხედავად ამისა, მხარემ შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით წარადგინა სასამართლოში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 739 ლარის გადახდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით მზღვეველის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/ განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 20.11.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა დამზღვევმა მზღვეველისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით;
1.2.2. მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, ასევე, გზავნილი მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 21.11.2017წ. მასვე ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება, ასევე, ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა;
1.2.3. სასამართლო გზავნილით მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა და განემარტა ამ საპროცესო მოქმედების არასაპატიოდ შეუსრულებლობის შედეგები;
1.2.4. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიან ვადაში სარჩელზე შესაგებელის წარდგენა, კერძოდ:
· 28.11.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარადგინა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე საფოსტო შეტყობინების ბარათი;
· საფოსტო შეტყობინების თანახმად, 24.11.2017წ. სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის კანცელარიას. გზავნილის ჩაბარების დასტურზე აღნიშნულია როგორც მისი მიმღები პირის ხელმოწერა, ისე _ დასმულია მოპასუხის კანცელარიის სპეციალური ბეჭედი (სსსკ-ის 73.8 მუხლი);
. მოპასუხე სადავოდ ხდის იმას, რომ კანცელარიას გზავნილი ჩაბარდა სამუშაო დროის გასვლის შემდეგ, რა დროსაც შემოსვლის თარიღად სასამართლოს გზავნილის პირველ გვერდზე აისახა მომდევნო სამუშაო დღის თარიღი – 27.11.2017წ. და შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შესაბამის სამსახურს. აღნიშნული თარიღიდან 10 დღის ვადაში, 2017 წლის 7 დეკემბერს მან წარადგინა კიდეც შესაგებელი სასამართლოში;
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა (სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი). საპატიო მიზეზის კონტექსტში სასამართლომ ასევე სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც არ იძლეოდა სსსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს).
1.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის დადგენისას სასამართლო ამოწმებს მოსარჩელის მხრიდან დაცულია თუ არა მითითების ტვირთი, კერძოდ, სარჩელში გადმოცემული ფაქტები შეესაბამება თუ არა დამფუძნებელი ნორმის აღწერილობით ნაწილს, რადგანაც, როგორც ითქვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფაქტები დადგენილად მიიჩნევა, შესაბამისად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება ამ ეტაპზე აღარ ხდება. პალატა მიიჩნევს, რომ ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებენ სარჩელს (სკ-ის 799.1 მუხლი), შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების ყველა პროცესუალური წინაპირობა. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე, იგი საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა მოიშალა მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო (შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), რაც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას გამორიცხავს, საკასაციო განხილვის საფუძველი ვერ გახდება ზემოხსენებულ მიზეზთა გამო.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ-ებები: Nას-964-929-2016, 6 მარტი, 2017 წელი; ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 07.02.2019წ. #1549531000 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 586,95 ლარის 70% _ 410,865 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 07.02.2019წ. #1549531000 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 586,95 ლარის 70% _ 410,865 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე