საქმე №ას-244-2019 16 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ხ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ.მ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–ას (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ # ....., შემდგომში _ უძრავი ქონება) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს, როგორც კრედიტორს, აუქციონის შემდგომ გარკვეული თანხა გადაუხადა, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით-სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით-სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რადგანაც მხარეს წარდგენილი ჰქონდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, გარდა ამისა, აპელანტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია და საკითხი ეხება მისი შვილების ერთადერთ საცხოვრისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.ხ–ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ნოემბრის განჩინებით-მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 10 დღით და აპელანტს განემარტა მისი შეუსრულებლობის შედეგები;
1.2.2. დადგენილ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელიც თავდაპირველად წარდგენილი, ხარვეზიანი სააპელაციო საჩივრის ასლია, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება;
1.2.3. 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით-სააპელაციო პალატამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 7-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით კვლავ მოსთხოვა აპელანტს, როგორც დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ისე _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
1.2.4. აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ეს მოქმედება მას უკვე შესრულებული ჰქონდა.
1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ აპელანტმა ხარვეზი სრულყოფილად არ გამოასწორა და მას დაკისრებული საპროცესო მოქმებები ჯეროვნად არ განუხორციელებია. ამ თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს, როგორც თავდაპირველად, ისე, მოგვიანებით წარდგენილ სააპელაციო საჩივარს, სადაც შუამდგომლობის გრაფაში კვლავ მითითებულია, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს მხარე წარადგენს ხარვეზის გამოსწორების ეტაპზე. ამგვარი საპროცესო მოქმედებით აპელანტმა არათუ სცადა ხარვეზის გამოსწორება, არამედ, პრაქტიკულად, იდენტური, უკვე ხარვეზიანი სააპელაციო საჩივრის ასლი წარუდგინა სასამართლოს. თავად სააპელაციო საჩივარი კი ფაქტობრივად შეიცავს მხოლოდ მოთხოვნას მისი განმაპირობებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საჩივრის დასაბუთების ვალდებულება არ წარმოადგენს კანონის ფორმალურ მოთხოვნას, არამედ, სწორედ ამ დასაბუთების საფუძვლიანობაზეა დამოკიდებული სააპელაციო წარმოების წარმატება, რამდენადაც, სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება (სსსკ-ის მე-4 მუხლი) და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
1.5. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომლის თანახმადაც მას წარდგენილი ჰქონდა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, გაზიარებას არ ექვემდებარება, ისევე, როგორც მისი შედავება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებისა და არასრულწლოვანთა საცხოვრისთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იძულებით გადაადგილებისა და ამ მხრივ შესაძლო მართლზომიერ მფლობელობაზე მოპასუხეს არც კი მიუთითებია პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ამ შედავებას მხარე საქმის არსებითად განხილვის ეტაპიდან ვერ წარადგენს, რაც შეეხება არასრულწლოვანთა უფლებას საცხოვრისზე, პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნები მოცემულ დავაში მოპასუხეებად არ ყოფილან ჩაბმული და შესაბამისად, გადაწყვეტილების სუბიექტური ფარგლები (სსსკ-ის 266-ე მუხლი) მათ მიმართ არ ვრცელდება.
1.6. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტს, მიუხედავად საპროცესო ვადის გაგრძელებისა, ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია. ასეთ შემთხვევაში, სრულიად გამართლებულია სააპელაციო პალატის მხრიდან საჩივრის განუხილველად დატოვება, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
1.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ხ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური