საქმე №ას-268-2019 16 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ყ.თ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ყ.თ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ზიანის _ 3 604,90 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ზიანის დადგომაში ბრალი არ მიუძღვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 604,90 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატას არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, რადგანაც ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით აპელანტი მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა–ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 75 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარდგენა. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 10 დღით და განემარტა აპელანტს ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს (რწმუნებულება იხ. საქმის მასალებში), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა 2018 წლის 21 ნოემბერს. ამავე კოდექსის 60.2 და 61.2. მუხლების თანახმად, ხარვეზის გამოსწორების ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 22 ნოემბერს და, ვინაიდან უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 1 დეკემბერს;
1.2.3. აპელანტს დადგენილ ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის ფარგლებში (სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლება სასამართლოს ინიციატივით) იურიდიული პირი არ მოიაზრება, ამასთანავე, თუკი საგამონაკლისო წესით ფართოდ განიმარტება ხსენებული ნორმა, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ უნდა დასტურდებოდეს მატერიალური სახსრების არარსებობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ სწორედ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო უარყო შუამდგომლობა, რაც კერძო საჩივრით შედავებული არ არის. ასეც რომ არ იყოს, მხარე ვალდებული იყო, დადგენილ ვადაში მიემართა სასამართლოსათვის და თუკი არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, წარედგინა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები (მაგ: სსსკ-ის 48.1 მუხლის კონტექსტში).
1.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც სხვა დამოუკიდებელი მოთხოვნა წარუდგენია სასამართლოში. ასეთ შემთხვევაში, სრულიად გამართლებულია სააპელაციო პალატის მხრიდან საჩივრის განუხილველად დატოვება, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური