Facebook Twitter

საქმე №ას-274-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზ. ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჯ.მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. და დ. ც–ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ. და დ. ც–ებმა (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები ან კრედიტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჯ.მ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 130 000 ლარის, ხოლო, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ _ 140 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები ცხოვრობენ და საკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ქონება ჭიათურის რაიონის სოფელ ..... მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამუშაოების შედეგად დაზიანებულია მათი საცხოვრებელი სახლები, დამხმარე ნაგებობები და დეფორმირებულია მიწის ნაკვეთები. დაზიანებების გამო შეუძლებელია ქონების უსაფრთხო ექსპლუატაცია. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეებს აუნაზღაუროს მოყენებული ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას მოსარჩელეებისათვის ზიანი არ მიუყენებია. ამგვარი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხე სამთო სამუშაოებს ასრულებს სახელმწიფოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე და ზიანს ვერ მიაყენებს მოსახლეობას, რადგან მოქმედებს კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ ამტკიცებს სამთო სამუშაოების წარმოებასა და მოსარჩელეთა უძრავი ქონების დაზიანებას შორის მიზეზობრივ კავშირს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 43 330 ლარის, ხოლო, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ _ 46 665 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. პირველი მოსარჩელის საკუთრებაში (საერთო საკუთრება) ირიცხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ....., დაზუსტებული ფართობი: 1300 კვ.მ; შენობა ნაგებობა: #01 საერთო ფართით - 138.04 კვ.მ, #02 საერთო ფართით - 15.75 კვ.მ, #03 საერთო ფართით - 25.76 კვ.მ, #04 საერთო ფართით - 7.28 კვ.მ, ასევე, მიწის ნაკვეთი ს/კ #....., დაზუსტებული ფართობი: 932.00 კვ.მ; შენობა ნაგებობა: #01 საერთო ფართით - 3.2 კვ.მ, #02 საერთო ფართით - 20.0 კვ.მ, #03 საერთო ფართით - 7.34 კვ.მ);

1.2.2. მეორე მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი ს/კ #....., შენობა ნაგებობა: #01 საერთო ფართით - 140.6 კვ.მ, #02 საერთო ფართით - 35.0 კვ.მ, #03 საერთო ფართით - 14,0 კვ.მ, #04 საერთო ფართით - 13.5 კვ.მ, #05 საერთო ფართით - 9.0 კვ.მ, #06 საერთო ფართით - 12.2 კვმ, #07 საერთო ფართით - 20.0 კვ.მ, #08 საერთო ფართით - 12.0 კვ.მ, ასევე, ორი მიწის ნაკვეთი ს/კ #ს.კ.......; #ს.კ.38.11.34.165);

1.2.3. მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... აწარმოებს კარიერულ სამუშაოებს და ახორციელებს მანგანუმის ნედლი მადნის ამოღებას კარიერული წესით;

1.2.4. 22.09.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე პირველი მოსარჩელის სახლის და დამხმარე ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა ძირითადში არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა. დაზიანებები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობით: ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით შენობის ირგვლივ შემონაკირწყლის არ ქონის გამო, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით, 2009 წლიდან დღემდე ნაფარცხების კარიერზე მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოებით. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე გაიკრას, შენობის შიგა სივრცეში თაბაშირის, ხოლო შენობის გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) კარიერზე სამუშაოების დასრულებამდე;

1.2.5. 05.10.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მათი კონსტრუქციები არ შეესაბამება სამშენებლო და სეისმური ნორმების მოთხოვნებს. არსებული დაზიანებები შენობებს მიღებული აქვთ სხვადასხვა მიზეზებით: ფუძე-საძირკვლების დასუსტებით, ექსპლუატაციის პერიოდში მომხდარი მიწისძვრებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლობითი აფეთქებებით, კარიერზე დღემდე მოქმედი ბურღვითი სამუშაოებით, მეწყრული პროცესებით. ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ ზემოთაღნიშნული მიზეზებიდან რომელმა, რა დროსა და რა მოცულობით ზიანი მიაყენა შენობა-ნაგებობებს დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია;

1.2.6. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს (ს.კ....... და ....) მათ ზედაპირზე ვიზუალურად ფიქსირდება გახსნილი ნაპრალები (ერთმანეთის პარალელური), გადახრილი ხეები და ადგილობრივი ჩავარდნები, რაც მეწყრული პროცესების ნიშნებია, თუმცა ამის დაზუსტებისთვის აუცილებელია სათანადო გეოლოგიური კვლევის ჩატარება. აღნიშნული დეფორმაციებისა და დაზიანებების გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს მიმდებარედ მოპასუხის მიერ ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები;

1.2.7. 20.01.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით, მთლიანობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... პირველი მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექსპერტს მიზანშეწონილად მიაჩნდა ფასადის მხარეს მდებარე კედლის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, შენობის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით;

1.2.8. სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, შემდეგი:

ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #.....) მდებარე საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობებზე აღინიშნება საყრდენი კედლების ბზარები. მიწის ნაკვეთებზე (ს/კ #.....; .....; .....), მათი ზედაპირის ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება: გადახრილი ხეები, ერთმანეთის პარალელურად გახსნილი ნაპრალები, რიგ ადგილებში გრუნტის ჯდომები. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ #......; .....) საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობებზე აღინიშნება საყრდენი კედლების ბზარები. მიწის ნაკვეთებზე (ს/კ #......; ......;), მათ ზედაპირზე ვიზუალური დათვალიერებით აღინიშნება: გადახრილი ხეები, ერთმანეთის პარალელურად გახსნილი ნაპრალები, რიგ ადგილებში გრუნტის ჯდომები;

ბ) მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღდგენითი ღირებულების დადგენა შესაძლებელი იქნება შესაბამისი აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების პროექტების შედგენის შემდეგ. შესაბამისი აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების პროექტის შედგენის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დადგინდეს, მოცემულ ადგილზე შესაძლებელია თუ არა აღნიშნული ქონების აღდგენა. მოცემული უძრავი ქონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია;

გ) მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქონება დაზიანებულია;

დ) მოსარჩელეთა მიერ მითითებულ უძრავ ქონებას აღენიშნება საყრდენი კედლების ბზარები, მათი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია;

ე) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით ტექნიკურად შეუძლებელია განისაზღვროს, რა პერიოდის განმავლობაში არის მიყენებული აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაზიანებები;

ვ) აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზის განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია.

ზ) ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლებელია, იყოს, მის ჩრდილოეთ მხარეს 200-250 მეტრში მდებარე სამთო კარიერი;

თ) მოსარჩელეთა მითითებულ უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანის კონკრეტული მიზეზის დასადგენად საჭიროა ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა და დეტალური გამოკვლევისათვის საჭირო ღონისძიებების შედგენა;

1.2.9. 2016 წლის 11 ოქტომბერს კრედიტორებმა მიმართეს მოვალეს და ითხოვეს კომისიის გამოყოფა, რათა შეეფასებინათ მათი ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მითითებული წერილი ჩაბარდა მოპასუხეს, თუმცა, მოსარჩელეთა თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. სარჩელში მე-3 პუნქტად მითითებული ხსენებული გარემოების წინააღმდეგ შესაგებელში აღნიშნულია, რომ „ეს ფაქტობრივი გარემოება არავითარ კავშირში არ არის განსახილველ დავასთან, ვინაიდან განცხადებით მიმართვა და აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არრეაგირებით, მოპასუხის აზრით არ შეიძლება დადასტურდეს ზიანის მიყენების ფაქტი“;

1.2.10. პირველი მოსარჩელე საკუთარი საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობების და მიწის ნაკვეთებისათვის მიყენებულ ზიანის ოდენობას 130 000 ლარით განსაზღვრავს, ხოლო, მეორე მოსარჩელე _ 140 000 ლარით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია და არც მიუთითებია. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ზიანი გარდა მოპასუხის ქმედებისა, სხვა გარე ფაქტორებითაცაა განპირობებული, შესაბამისად, მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში 66,67%-ს შეადგენს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408.1 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სავალდებულოა დადგინდეს დელიქტური ქმედების განმაპირობებელი ფაქტები: მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ნეგატიური შედეგის დადგომა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ეს წინაპირობები, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, რომელთა ყოველმხრივი შესწავლის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ სახეზეა დელიქტიდან გამომდინარე მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა, რადგანაც ზიანის მიმყენებელმა საკუთარი ქმედების მართლზომიერება ვერ დაამტკიცა. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საკასაციო სასამართლო, მხარეთა შედავებების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას ფულად მოთხოვნასთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როდესაც სახეზეა შერეული ბრალი, მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრისათვის პალატამ სწორად გამოიყენა/განმარტა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის (IRYNA LYTVYN) მიერ 14.03.2019წ. #1552563511 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 167 ლარისა და 14.03.2019წ. #1552563591 საგადახდო დავალებით გადახდილი 2 334 ლარის 70% _ 3 150,7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ჯ.მ–ს“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის (IRYNA LYTVYN) მიერ 14.03.2019წ. #1552563511 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 167 ლარისა და 14.03.2019წ. #1552563591 საგადახდო დავალებით გადახდილი 2 334 ლარის 70% _ 3 150,7 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე