Facebook Twitter

საქმე №ას-317-2019 16 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ხ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოპასუხე), ლ.ი–ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელება

დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ.ი–ემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ხ–ასა და მ.მ–ძის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოპასუხეებს შორის რეგისტრირებული #0102447 ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო;

2.2. მეორე მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მან ქორწინების რეგისტრაციის დროისათვის არ იცოდა მისი მეუღლის ქორწინებაში ყოფნის თაობაზე, ის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია და არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო პალატამ კი, აპელანტი უსაფუძვლოდ მიაკუთვნა იმ პირთა წრეს, რომელიც არ ფიგურირებდა მხარედ და სასამართლო გადაწყვეტილებით საჭირო იყო ერთ-ერთი მხრის მიმართ მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. განჩინებაში არ უმსჯელიათ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობაზე, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა რწმუნებულს, რომელიც იმყოფებოდა ავად და ვერ დაუკავშირდა მარწმუნებელს, დადგენილ დროში რწმუნებულმა ამის შესახებ აცნობა სასამართლოს და სთხოვა განჩინების უშუალოდ მხარისათვის გაგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ხ–ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდმდგენ სუბიექტთა განსაზღვრის კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. ლ.ი–ეს სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეებს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა. თავის მხრივ, სარჩელი ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მეორე მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და სარჩელით სადავოდ გამხდარი ქორწინება რეგისტრირებულია ადრე რეგისტრირებული ქორწინების შეუწყვეტლად;

1.2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მეორე მოპასუხემ მიუთითა მას და პირველ მოპასუხეს შორის მიმდინარე დავაზე, სადაც სასარჩელო მოთხოვნა ასევე რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობაა;

1.2.3. საქმეშია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები, რომლითაც გ.ხ–ას მოთხოვნა მ.მ–ძის მიმართ ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

1.2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით განსახილველ საქმეზე არ დააკმაყოფილა ლ.ი–ეს სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა მას და მეორე მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა.

1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობების არსებობის თაობაზე. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. დასახელებული ნორმა ადგენს სააპელაციო სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობის უფლებას და არ შეიძლება განიმარტოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპის გარეშე. განსახილველი ნორმის უმთავრესი დანიშნულებაა სააპელაციო გასაჩივრების სიბიექტების დადგენა: მხარეები, რომელთა უფლება-მოვალეობებესაც შეეხო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მესამე პირები, რომლებიც დამოუკიდებელ მოთხოვნას აცხადებდნენ დავის საგანზე (სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული წესის თანახმად, ნორმის მოქმედება შეიძლება შეეხოს ასევე იმ პირებს, რომლებიც დავაში არასწორად არ იყვნენ ჩაბმული და მათ გარკვეული უფლება-მოვალეოებები განესაზღვრათ გადაწყვეტილებით, ასევე, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად არასწორად ჩაბმული პირები, რომლებსაც რეალურად დამოუკიდებელი მოთხოვნა გააჩნიათ დავის საგანზე. მრავალთა შორის იხ სუსგ №ას-210-200-2016, 22 აპრილი, 2016 წელი).

1.4. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სარჩელით პირველ და მეორე მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების კანონიერებაა შედავებული და სასამართლომ ხსენებული მოთხოვნა უარყო, შესაბამისად, რა უფლება-მოვალეობები განესაზღვრა პირველ მოპასუხეს - გაურკვეველია. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა გასაჩივრების უფლების მქონე პირს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი უნდა ემყარებოდეს არა სუბიექტურ სურვილს გარკვეული სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისა, არამედ, ობიექტურ მოცემულობას, რომელიც გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირის ინტერესებს ლახავს.

1.5. საკასაციო სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს ხარვეზის გამოსწორებისა თუ მისი დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების საკითხთან დაკავშირებით და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: თავდაპირველად, 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს მართლაც დაუდგინდა ხარვეზი, თუმცა ეს გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგანაც ამ საპროცესო დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია (სსსკ-ის 393.3 მუხლი). იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო წარმოებაში მიიღებდა სააპელაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 187.2 მუხლების შესაბამისად, იარსებებდა გ.ჭ–ას სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი (სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), რადგანაც საქმეში წარმოდგენილია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელითაც გ.ხ–ას მოთხოვნა მ.მ–ძის მიმართ, ქორწინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პირველი და მეორე მოპასუხის (და არა მოსარჩელის მიმართ, რომელიც ადრე განხილული დავის სუბიექტს არ წარმოადგენს) მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეიუდიციული ძალა გააჩნია და ამ ფაქტებს გადაწყვეტილების სუბიექტები სადავოდ ვეღარ გახდიან.

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება.

2. კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება:

2.1. განსახილველი დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეა, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტით განსაზღვრული ბაჟი, ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება განახევრებას.

2.2. ვინაიდან კერძო საჩივარზე გადახდილია 50 ლარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-14, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ხ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. გ.ხ–ას (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 19.03.2019წ. #19705559 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური