Facebook Twitter

საქმე №ას-486-2019 16 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ფ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

რ.ფ–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჭ–ას (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ნოტარიუსის მიერ 2016 წლის დეკემბერში გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით (პირგასამტეხლოს განაკვეთის _ 0,3%-ის 0,03%-მდე შემცირება, ასევე, პირგასამტეხლოს 2015 წლის სექტემბრიდან და არა 2013 წლიდან ათვლა).

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, პირგასამტეხლოს განაკვეთის _ 0,3%-ის 0,04%-მდე შემცირებაზე განაცხადა თანხმობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა სანოტარო სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 2013 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,03%-ით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგანაც სახეზეა მხარის/წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სასამართლო სხდომის თაობაზე მას მართლაც ჩაბარდა უწყება, თუმცა, მასში ნაცვლად 2019 წლის 14 მარტისა, 14 აპრილია მითითებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ფ–ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2019 წლის 24 იანვარს, 17:00 საათზე. აღიშნულის შესახებ ეცნობათ მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;

1.2.2. დანიშნულ სხდომაზე აპელანტი/მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა. წარმომადგენელმა წარადგინა ოჯახის წევრის გარდაცვალების მოწმობა და იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ, 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით დააკმაყოფილა და საქმის განხილვა დაინიშნა ამავე წლის 14 მარტს, 17:00 საათზე. საქმის განხილვის გადადებისა და სხდომის ახალი თარიღის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის შესაბამისად, გამოცხადებულ მხარეს ჩამოერთვა ხელწერილი, ხოლო, გამოუცხადებელი აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს (რწმუნებულება იხ. საქმის მასალებში) ეცნობა უწყების პირადად ჩაბარების გზით (სსსკ-ის 70-ე მუხლი);

1.2.3. საქმეში წარმოდგენილი უწყების თანახმად, რომლის ჩაბარებასაც მასზე ხელმოწერით ადასტურებს აპელანტის წარმომადგენელი, საქმის განხილვა დანიშნულია 2019 წლის 14 მარტს, 17:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-20 სხდომის დარბაზში;

1.2.4. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი/მისი წარმომადგენელი და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენიათ მათ სასამართლოში, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

1.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი და/ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ფორმალურად არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.

1.5. მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული განჩინების გაუქმების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). განსახილველ შემთხვევაში, მართალია, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საპატიო მიზეზი, თუმცა, პალატა მას არ იზიარებს, რადგანაც მისი მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობები. ის ფაქტი, ეცნობა თუ არა აპელანტს სასამართლო სხდომის თარიღი სწორად, უნდა შემოწმდეს ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით). საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ), განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო უწყების ასლის თანახმად, რომლის ჩაბარებასაც აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადასტურებს ხელმოწერით, სხდომის დღე 2019 წლის 14 მარტია, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისთვის გადაცემული უწყება შეიცავდა არასწორ მონაცემებს, საქმეში არ მოიპოვება, უფრო მეტიც, თუკი მხარის ეს პრეტენზია მართლაც შეესაბამება რეალობას, მას შეეძლო კერძო საჩივრისათვის დაერთო მის ხელთ არსებული არასწორი მონაცემების შემცველი უწყება, რაც არ გაუკეთებია, შესაბამისად, მისი პრეტენზია, რომ სასამართლომ არასწორად აცნობა სხდომის თარიღი, ვერ იქნება გაზიარებული.

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ფ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური