Facebook Twitter

საქმე №ას-409-2019 16 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ს.კ–ა“ (მოსარჩელე, მოპასუხე მესამე პირის სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ–ი (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით _ ნ.ო–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. შპს „ს.ს.კ–ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე მესამე პირის სარჩელზე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე თავდაპირველ და მესამე პირის სარჩელებზე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, 2013 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების _ 39 700 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 300 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით;

1.2. ნ.ო–მა (შემდგომში _ მესამე პირი) ასევე მიმართა სასამართლოს სარჩელით თავდაპირველი მოსარჩელისა და მოპასუხის მიმართ მოპასუხისათვის, თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, საკომისიოს _ 39 700 აშშ დოლარის, ხოლო, თავდაპირველი მოსარჩელისათვის მესამე პირის სასარგებლოდ ამ თანხის 10%-ის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მარტივი შესაგებლებით მოპასუხეებმა სარჩელები არ ცნეს და მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების/ დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 39 700 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მესამე პირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, თავდაპირველ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 2 000 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასწორია, რადგანაც წარდგენილი სააპელაციო საჩივარი შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლით სარჩელისათვის დადგენილ მოთხოვნებს. საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლად სასამართლო მიუთითებს საპროცესო ვადის დარღვევას, რაც არასწორია, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება აპელანტმა მასში მითითებული წესის შესაბამისად გაასაჩივრა 2018 წლის 2 ნოემბერს, ხოლო, სააპელაციო პალატა განჩინებაში არასწორად უთითებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებად 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.ს.კ–ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებაზე აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა თუ არა კანონით დადგენილ ვადაში. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 22 ოქტომბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თავდაპირველი მოპასუხის განცხადება იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;

1.2.2. 2018 წლის 22 ოქტმბერს სასამართლომ განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გამოიტანა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაპირველ მოსარჩელეს განმცხადებლის სასარგებლოდ დააკისრა 2 000 ლარის გადახდა;

1.2.3. აღნიშნული დამატებითი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნათ მხარეებს და აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს (წარმომადგენლობითი უხლებამოსილება იხ. საქმის მასალებში) პირადად ჩაბარდა 2018 წლის 7 ნოემბერს;

1.2.4. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ ის სასამართლოს წარედეგინა ხელზე 2018 წლის 22 ნოემბერს.

1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევათა დაშვების თაობაზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების დაუცველობა ამა თუ იმ მხარის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის აბსოლუტური საფუძველია, რადგანაც საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის შედეგებს იმპერატიულად ადგენს.

1.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა (სსსკ-ის 369-ე მუხლი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, დაიწყო 2018 წლის 8 ნოემბერს და ამავე კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა ამავე წლის 21 ნოემბერს, ოთხშაბათს, დღის 24:00 საათზე, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 22 ნოემბერს (მასზე დართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ამავე რიცხვითაა დათარიღებული), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც რომ სააპელაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდიდა მისთვის 2 000 ლარის დაკისრების კანონიერებას, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ საპროცესო ვადის დაცვის შემთხვევაშიც კი, არ იარსებებდა ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.ს.კ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური