Facebook Twitter

საქმე №ას-457-2019 16 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – რ., ე., ე. და ს. ა–ბი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ.ქ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ., ე., ე. და ს. ა–ბის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, იურიდიული მომსახურების საზღაურის _ 2 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს და მიუთითეს, რომ იურიდიული მომსახურების გაწევა საქმის მასალებით არ დასტურდება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით-სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 1 500 ლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 10.10.2018წ. საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით-სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით-სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივრის ფაქტობრივი დასაბუთება ძირითადად ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა (სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებათა) შეფასების სისწორესა და მტკიცებულებათა გამოთხოვის, ასევე, მათი საქმიდან ამოურიცხაობის კანონიერებას, გარდა ამისა, მხარეები პრეტენზიას აცხადებენ ამავე სასამართლოს მხრიდან თანასწორობის პრინციპის დარღვევისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის თაობაზე, რამდენადაც, მიიჩნევენ, რომ მოსამართლის მხრიდან აზრის წინასწარ გამოთქმით მან დაარღვია პროცესის ფუნდამენტური პრინციპები. ყოველივე ზემოხსენებული კი, მათი მოსაზრებით, გამორიცხავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის განუხილველად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ., ე., ე. და ს. ა–ბის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ვიდრე ხსენებულ საკითხს გადაწყვეტდეს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩვრის განხილვის პროცესუალურ ფარგლებზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლების სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლო ამოწმებს კონკრეტულ პროცესუალურ საკითხზე ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების სისწორეს და არ არის უფლებამოსილი, ამ ფორმატში შეაფასოს საკითხები, რომლებიც, კანონის თანახმად, კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, საკითხები, რომლებიც სააპელაციო/საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება, წინამდებარე განჩინებით ვერ იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 1 500 ლარის გადახდა;

1.2.2. ეს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

1.2.3. პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტები არ ეთანხმებოდნენ მათთვის 1 500 ლარის დაკისრებას, რის გამოც სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სწორედ ხსენებული თანხით განისაზღვრება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

1.4. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრით პირის ფუნდამენტური უფლებების (მათ შორის სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი) დარღვევა სადავოდ არ გაუხდია, არამედ, ფორმალურპროცესუალური თვალსაზრისით, სააპელაციო საჩივარი მტკიცებულებათა გამოკვლევის კანონიერებაზეა დამყარებული, ხოლო კერძო საჩივარში გამოთქმული ზემოხსენებული პრეტენზიები, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ დაედება საფუძვლად.

1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. კერძო საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს რ.ა–ის მიერ მ.ქ–ძისა და უ.მ–ძის სახელზე გაცემული მინდობილობების, ასევე, მ.ქ–ძის განცხადების ასლები. როგორც ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში არაერთხელ აღინიშნა, საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალურ მხარეზე და არა გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივ კანონიერებაზე, წარმოდგენილ მტკიცებულებებს ხსენებულ საკითხთან შემხებლობა არ აქვთ, შესაბამისად, მხარეებს უნდა დაუბრუნდეთ აღნიშნული დოკუმენტები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ., ე., ე. და ს. ა–ბის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორებს დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (რ.ა–ის მიერ მ.ქ–ძისა და უ.მ–ძის სახელზე გაცემული მინდობილობების, ასევე, მ.ქ–ძის განცხადების ასლები) 4 (ოთხი) ფურცლად (ს.ფ.253-256)

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური