Facebook Twitter

საქმე №ას-512-2019 16 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.დ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.დ–ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მოპასუხის მიერ ვალდებულებათა დარღვევის გამო, მისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი ხანდაზმულია, გარდა ამისა, დაუსაბუთებელია, როგორც მოთხოვნის ფაქტობრივი თვალსაზრისით, ისე _ მოთხოვნის მოცულობიდან გამომდინარე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 216-ე მუხლის დარღვევით არასწორად უარყო აპელანტის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. სასამართლოს დასაბუთებით, მ.ნ–ძემ წარადგინა უფლებამოსილების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი, თუმცა, აპელანტის უფლებებს სხვა პირებიც იცავდნენ სასამართლოში. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტი იურიდიული პირია, რომლის ინტერესებსაც საერთო სასამართლოებში იცავენ სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები და მათი საშტატო ერთეული არის ხუთი, აქედან ერთი უფროსი, ხოლო, ოთხი _ თანამშრომელი. თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ ინდივიდუალურად, შეზღუდული მინდობილობის ფარგლებში და შეუძლებელია წარმომადგენლის სპონტანურად ჩანაცვლება. სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირი _ თ.ი–ი არის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირი და დავათა სიმრავლის გამო, შეუძლებელია წარმომადგენლობა გასწიოს ამ პირმა სასამართლოში. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილ მინდობილობებში მითითებული პირებიდან კ.ს–ძე 2018 წლის 19 მარტიდან აღარ წარმოადგენს სააგენტოს თანამშრომელს, ხოლო, მ.ც–ი, 2018 წლის 5 ნოემბრიდან იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში. სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ 7 მარტს სააგენტოს ჩართულობით სხვადასხვა სასამართლოში დანიშნული იყო რამდენიმე სხდომა, რაც ობიექტურად შეუძლებელს ხდიდა მათ სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას, ხოლო თავად მ.ნ–ძე ამავე დღეს, 12:00 საათზე მონაწილეობას იღებდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2019 წლის 7 მარტს, 13:00 საათზე;

1.2.2. საქმის განხილვის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 6 დეკემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის კანცელარიას;

1.2.3. 2019 წლის 6 მარტს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მ.ნ–ძემ, წარადგინა სააგენტოს მიერ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, 2019 წლის 28 თებერვალს ჩაბარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გზავნილი და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი, რომლის თანახმადაც სააგენტო 2019 წლის 7 მარტს, 12:00 საათზე, როგორც კასატორი დაბარებული იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე. ხსენებულის საფუძველზე წარმომადგენელმა მოითხოვა საქმის განხილვის გადადება. შუამდგომლობას არ ერთვის რაიმე დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მ.ნ–ძეს ეკისრებოდა სააგენტოს ინტერესების დაცვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე;

1.2.4. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. სასამართლომ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა, ხოლო, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო სხდომის გადადების შესაძლებლობა გარანტირებულია მაშინ, თუ სახეზეა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი საპატიო მიზეზი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის სასამართლო სხდომაზე მხარის/წარმომადგენლის გამოცხადებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებას იმის თაობაზე, რომ მხარედ გვევლინება იურიდიული პირი, რომელიც, ფიზიკური პირისაგან განსხვავებით, საკუთარ უფლებამოსილებებს სასამართლო სხდომაზე ახორციელებს წარმომადგენლის მეშვეობით (სსსკ-ის 93-ე მუხლი), რომელიც წესდების ან დებულების შესაბამისად, უფლებამოსილია დაიცვას ამ პირის ინტერესები.

1.4. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობების შემოწმებით, პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ყველა დოკუმენტის უფლებამოსილების ვადა გასულია, გარდა სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის _ თ.ი–ის სახელზე გაცემული მინდობილობისა. საკასაციო სასამართლო, რასაკვირველია, ზოგადად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააგენტოს ინტერესების დაცვა უფლებამოსილ თანამშრომელთა ვალდებულებას წარმოადგენს და ის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში უნდა განხორცილდეს, თუმცა, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სხვა წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც არცთუ ისე ცოტა ხნით ადრეა ინფორმირებული სხდომის შესახებ, დებულებით გათვალისწინებულმა ნებისმიერმა პირმა, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები საქმის განხილვის ხელშეწყობისათვის, რაც თუნდაც მის გამოცხადებას არ გამორიცხავს რომელიმე კონკრეტულ პროცესზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს სასამართლოში მყარად დადგენილ იმ მიდგომას, რომ მხარე არა სასამართლო ინსტანციის, არამედ, უწყების ჩაბარების დროის შესაბამისადაა ვალდებული, გამოცხადდეს სასამართლოში და შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე წარადგინოს იმ ინსტანციაში, რომელმაც მოგვიანებით ჩააბარა შეტყობინება. ამ თვალსაზრისით, უდავოა, რომ სააპელაციო პალატის უწყება მხარეს გაცილებით ადრე ჩაბარდა, ვიდრე საკასაციო სასამართლოსი, ამასთან, საქმეში წარდგენილი წერილობითი შუამდგომლობით არ დგინდება, რომ მხოლოდ მ.ნ–ძე უნდა გამოცხადებულიყო საკასაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე.

1.5. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივარზე დართული საშტატო ნუსხის თანახმად, იურიდიულ დეპარტამენტში სულ ოცი საშტატო ერთეულია. მართალია ისინი დაყოფილია სამართლებრივი უზრუნველყოფის, სასამართლოებთან ურთიერთობისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურებად, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება სააგენტოს დებულება, რომელიც აუკრძალავდა იურიდიული დეპარტამენტის ქვესამსახურის რომელიმე თანამშრომელს სასამართლოში გამოცხადებას სამსახურის ინტერესების დასაცავად. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ამტკიცებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ისეთი საპატიო მიზეზის არსებობას, რომელიც გაამართლებდა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას. ასეთ ვითარებაში სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა ამავე კოდექსის 216-ე მუხლი და მართებულად უარყო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა.

1.6. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპროცესო შედეგს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

1.7. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი (მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი), ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ფორმალურად არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.

1.8. მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული განჩინების გაუქმების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალსიწინებული წინაპირობების არარსებობა სადავო არაა, რაც შეეხება საპატიო მიზეზის არსებობას, მასზე ზემოთ უკვე ვრცლად იმსჯელა სასამართლომ და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით ამგვარი წინაპირობის არსებობა არ დგინდება, რაც კერძო საჩივრის უარყოფის საფუძველია.

1.9. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური