საქმე №ას-542-2019 16 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი.კ–ი, ზ.მ–ი, ზ.გ–ძე, ნ.ყ–ი, თ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ–ი, ტ.კ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები: ა.გ–ძე, დ.გ–ი, თ.ლ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვს ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
ნ.ჯ–მა და ტ.კ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი.კ–ის, ზ.მ–ის, ზ.გ–ძის, ნ.ყ–ის, თ.თ–ძის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები), ა.გ–ძის, დ.გ–ისა და თ.ლ–ძის (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხეები) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის, მოსარჩელეების სასარგებლოდ, სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 10 000-10 000 აშშ დოლარის დაკისრება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ 10 000-10 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.კ–მა, ზ.მ–მა, ზ.გ–ძემ, ნ.ყ–მა და თ.თ–ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვს ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება უსაფუძვლოდ უარყო და მიიჩნია, რომ იგი პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდა მაშინ, როდესაც მხარის მიზანი სახელმწიფო ბაჟის მოძიება იყო, გარდა ამისა, აპელანტთა შუამდგომლობები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე კმაყოფილდებოდა მხოლოდ ნაწილობრივ, ხუთი დღით, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.კ–ის, ზ.მ–ის, ზ.გ–ძის, ნ.ყ–ისა და თ.თ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელებაზე უარის თქმისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო პალატამ, იმ საფუძვლით, რომ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე უარყო შუამდგომლობა, ხოლო სააპელაციო საჩივარზე, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინა ხარვეზი, რომლითაც მის ავტორებს დაევალათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის (800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 10 (ათი) დღით და აპელანტებს განემარტათ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგები;
1.2.2. აპელანტებმა ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორეს და სასამართლოში წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 537 ლარის ქვითრის დედანი და იშუამდგომლეს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე;
1.2.3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტთა მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ საპროცესო ვადა ოთხჯერ გაუგრძელა მხარეებს: ორჯერ 10-10, ხოლო ორჯერ _ 5-5 დღით;
1.2.4. სააპელაციო პალატას აპელანტთა წარმომადგენელმა კვლავ მიმართა შუამდგომლობით საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ აღარ დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით დატოვა განუხილველად.
1.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტებს და განმარტავს, რომ ხარვეზის სრულად ან ნაწილობრივ გამოუსწორებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველია, ამ საფუძვლის გამოყენებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს მის თანაზომიერებაშიც: იყო თუ არა მხარისათვის განსაზღვრული ვადა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად საკმარისი და შეზღუდვის გამოუყენებლობა პროპორციულია თუ არა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესებისა. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხუთ თვეზე მეტ ხანს იხილებოდა, უფრო მეტიც, გარდა სახელმწიფო ბაჟისა, აპელანტებს ევალებოდათ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, თუმცა, მათ ეს საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებიათ. ამგვარი მოქმედებები ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ეწინააღმდეგება, გარდა ამისა, თითქმის ნახევარი წელი ნამდვილად საკმარის ვადას წარმოადგენდა დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, რომელიც, როგორც ზემოთაც ითქვა, არ განხორციელებულა.
1.4. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ აპელანტთა შუამდგომლობები ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურების მიზანს და ამ შემთხვევაში სახეზე იყო შუამდგომლობის მოხსნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი. იმ ვითარებაში კი, როდესაც თითქმის 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მხარემ არ გამოასწორა ხარვეზი, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
1.5. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.კ–ის, ზ.მ–ის, ზ.გ–ძის, ნ.ყ–ისა და თ.თ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური