საქმე №ას-549-2019 16 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.შ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, ასევე, აღსრულების განაწილვადება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ.გ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.შ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით (მოსარჩელე მოითხოვს, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვროს შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა _ 6 571 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდეს არა 2018 წლის 6 იანვრიდან, არამედ _ 2018 წლის 1 აპრილიდან 120 დღის განმავლობაში და განისაზღვროს 79,20 აშშ დოლარით, შესაბამისად, დავალიანება დადგინდეს 6 650,2 აშშ დოლარის ოდენობით).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულება არ შეუსრულებია და ეკისრება, როგორც სესხის დაბრუნება, ისე _ პირგასამტეხლოს გადახდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და მოსარჩელის ვალდებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა _ 6 571 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო _ 396 აშშ დოლარით (0,03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 6 იანვრიდან 2018 წლის 26 ივლისამდე).
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით 396 აშ დოლარის ნაცვლად - 79,20 აშშ დოლარის დაკისრება. მანვე მოითხოვა ვალდებულების შესრულების განაწილვადება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ–ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში შეცვლა და გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება მოითხოვა. სააპელაციო საჩივრის თანახმად, მხარეს სურს 396 აშშ დოლარის შემცირება 79,20 აშშ დოლარამდე;
1.2.2. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაკისრებულ და მოთხოვნილ თანხას შორის სხვაობა შეადგენდა 316,8 აშშ დოლარს, რომელიც ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების შემთხვევაში, არ აღემატება 2 000 ლარს.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, საჩივრის ღირებულება გამოიანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა ფარგლებში ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტი მოითხოვდა დაკისრებული პირგასამტეხლოს _ 396 აშშ დოლარის შემცირებას 79,20 აშშ დოლარამდე, შესაბამისად, ამ თანხებს შორის სხვაობა 316,8 აშშ დოლარს შეადგენს (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.).
1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
1.5. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კერძო საჩივარი მისი ავტორის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე შედავებას არ შეიცავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ამ კუთხით წინამდებარე განჩინებით არ იმსჯელებს.
1.6. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატას არ უმსჯელია მის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, შესაბამისად, ხსენებული პრეტენზია მხარის მოთხოვნას ვერ დაედება საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე - შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან მისი განაწილვადების საკითხის გადაწყვეტა შეუძლია გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. იმ ვითარებაში კი, როდესაც ზემდგომი სასამართლო მხარის საჩივარს დაუშვებლად მიიჩნევს, მას არც ამ ტიპის შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობა გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო და მხარეს არ ერთმევა უფლება, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს მას.
1.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური