საქმე №ას-569-2019 23 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ნ–ა, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.კ–ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს მ.ნ–ასა და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ, მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება, ასევე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.კ–ძემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.კ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივარი ძირითადად იმ გარემოებას ემყარება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულ იქნა არაკანონიერი შემადგენლობით, რამდენადაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო მხარის მოთხოვნა, შეეჩერებინათ გადაწყვეტილების აღსრულება. სააპელაციო პალატამ კი, ხსენებული მოთხოვნა უარყო და ამავე დღეს გასცა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული და საქმე განხილულია არაკანონიერი შემადგენლობით, ვინაიდან ამგვარ სამართალწარმოებას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი. ხსენებული განჩნება შეეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხს, ხოლო ბათილად ცნობის ფაქტობრივ წინაპირობად მხარე საქმის არაკანონიერი შემადგენლობით განხილვას მიიჩნევს.
3. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანი ვერ გახდება ქვემდგომი სასამართლოს იმ განჩინების კანონიერება, რომლითაც განმცხადებელს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე ეთქვა უარი, რადგანაც აღნიშნული მოთხოვნა არსებითად განხილულ იქნა სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც განცხადება უარყო, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მხარის მოთხოვნა განიხილა კერძო საჩივრის ფარგლებში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო პალატა დაადგენს, რომ არსებობს ხსენებული განჩინების ბათილად ცნობის წინაპირობები, გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხი მაინც სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, ის წარმოადგენს კერძო საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
4. რაც შეეხება თავად განჩინების ბათილად ცნობის საკითხს, ამ მხრივ, როგორც უკვე ითქვა, კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობაზე აპელირებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის უარყოფისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემით დასტურდება ხსენებული ფაქტი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს და განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი (სსსკ-ის LII თავი) არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების კიდევ ერთ შესაძლებლობას, არამედ, იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას. თავის მხრივ, რამდენადაც საქმისწარმოების განახლება ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის რეალიზაციისთვისაა დადგენილი, იმდენადვე ამავე ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს და საქმისწარმოება განახლდეს მხოლოდ ისეთ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა მაღალი ალბათობით იმისი დაშვების შესაძლებლობას, რომ არსებობს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები. პრეცედენტული სამართლის თანახმად, „კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმისწარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.). განსახილველი საკითხის პროცესუალურსამართლებრივი კვალიფიკაციისათვის საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ხსენებული ნორმა შინაარსობრივად გულისხმობს იმ მოსამართლის მონაწილეობით, საქმის განხილვას, რომელსაც გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის განხილვისაგან აცილების/თვითაცილების საფუძველი. ამგვარად კი, ვერ ჩაითვლება მხარის მიერ განჩინების ბათილად ცნობის წინაპირობად მითითებული საფუძვლები (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლე სიმონ ჩხაიძეს, რომელმაც 2018 წლის 11 სექტემბერს კოლეგიური შემადგენლობით განიხილა ნ.კ–ძის კერძო საჩივარი, ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში ჰქონდა გაცემული განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარის _ მ.ნ–ას სასარგებლოდ, კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი, რითაც მოიხსნა უძრავ ქონებაზე არსებული ყადაღა; სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ ეცნობა არც ნ.კ–ძეს და არც უზენაეს სასამართლოს, სადაც ასევე იხილებოდა ნ.კ–ძის კერძო საჩივარი; მოსამართლის ამ მოქმედებით დაირღვა ნ.კ–ძის უფლება, ჰქონოდა ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან, ინფორმაციის არქონის გამო, ნ.კ–ძემ და უზენაესმა სასამართლომაც ფუჭი შრომა გაწიეს).
5. რაც შეეხება მოგვიანებით წარმოდგენილ განცხადებებს, საკასაციო სასამართლო გაეცნო და შეფასების გარეშე ტოვებს მათ, რადგანაც რიგ შემთხვევაში, მათში პირველი ინსტანციის წარმოებაში არსებულ საკითხზეა საუბარი, ხოლო, როგ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას შეეხება ან ამავე მხარეთა შორის მიმდინარე სხვა დავაზეა საუბარი. განჩინების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ კერძო საჩივრის ფარგლებში ხსენებული საკითხები ვერ იქნება შესწავლილი საკასაციო პალატის მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30)). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერებასთან ასევე არ აქვს შემხებლობა ამ განცხადებებზე დართულ მტკიცებულებებს, რომლებიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარისათვის დაბრუნებას ექვემდებარება.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით არსებითად სწორად იქნა შეფასებული საქმისწარმოების განახლების წინაპირობები (სსსკ-ის 105-ე მუხლი) და, ვინაიდან მხარის პრეტენზიები არ იძლეოდა საქმისწარმოების განახლების შესაძლებლობას, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სწორად არ დააკმაყოფილა განცხადება, ამ განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ნ.კ–ძეს დაუბრუნდეს #ა-2061-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 5 (ხუთი) ფურცლად, #ა-3026-19 განცხადებაზე დართული _ 222 (ორას ოცდაორი) ფურცლად, #ა-3351-19 განცხადებაზე დართული _ 15 (თხუთმეტი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ნ. ბაქაქური