საქმე №ას-579-2019 19 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ძე, ჭ.ხ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ.მ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–ძისა და ჭ.ხ–ას (შემდგომში _ მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ, ნოტარიუსის მიერ 1976 წლის 5 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, 2016 წლის 22 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, 1975 წლის 17 ივნისს გარდაცვლილი ბებიის მემკვიდრედ მოსარჩელის ცნობისა და უძრავი ქონების (ს/კ #.....) 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღეს, გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით აპელანტის/მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან არ არსებობდა ხსენებული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. განჩინების შინაარსიდან ირკვევა, თითქოს მოწინააღმდეგე მხარე ერთხელ უკვე დათანხმდა სხდომის გადადებას და განმეორებით გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს სხვა გზა აღარ ჰქონდა. რეალურად აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი ერთხელ მართლაც გადაიდო და ჩაინიშნა 18 იანვარს, თუმცა პირველად 2018 წლის 5 ოქტომბერს დანიშნული სხდომა მოწინააღმდეგე მხარის თხოვნის საფუძველზე გადაიდო, 2018 წლის 2 ნოემბერს დანიშნული სხდომა გადაიდო სასამართლოს ინიციატივით მხარეთა შესაძლო მორიგების გამო და ჩაინიშნა 2018 წლის 7 დეკემბერს, 15:00 საათზე. ეს უკანასკნელი სხდომა, მხარეებთან შეუთანხმებლად სასამართლომ 2018 წლის 13 დეკემბერს, 17:00 საათზე გადადო, თუმცა, იმ მიზეზით, რომ კერძო საჩივრის ავტორს ამ დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული ჰქონდა სამი სხდომა, მისი შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 18 თებერვალს, 17:00 საათზე დანიშნა სხდომა. მოგვიანებით მხარემ დაზუსტებული კერძო საჩივრით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ 2019 წლის 18 იანვარს, სასამართლო სხდომის წინა დღეს, საინფორმაციო საშუალებებიდან გაირკვა, რომ უამინდობის გამო გორი-იგოეთის მონაკვეთზე დაზიანდა ოცამდე ავტომობილი. ვინაიდან სხდომა ქ.ქუთაისში იყო დანიშნული 17:00 საათზე, აპელანტსა და მის წარმომადგენელს ქ.თბილისში დაბრუნება მოუხდებოდათ გვიან საათებში, ამის გამო მძღოლმა, რომელიც აპელანტის ახლობელი იყო და რომლის სატრანსპორტო საშუალებითაც გადაადგილდებოდნენ, როგორც ქ.ამბროლაურში, ისე _ ქუთაისში, უარი განაცხადა გაყოლაზე. აღნიშნულის შესახებ მოსამართლის თანაშემწეს სხდომის დღეს, დილის საათებში ეცნობა, როგორც მობილურით, ისე _ პირადი და სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 2019 წლის 18 იანვარს, 09:57 საათზე მომხდარის შესახებ ეცნობა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელსაც, რომელიც თავდაპირველად დაპირდა, რომ სხდომის გადადებაზე თანხმობას წერილობით გაუგზავნიდა სასამართლოს, თუმცა, მოგვიანებით სატელეფონო კომუნიკაციაზეც უარი განაცხადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.მ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, ამავე წლის 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაინიშნა ნ.მ–ის სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა მთავარ სხდომაზე. მხარეთა შუამდგომლობების საფუძველზე კი, დანიშნული სასამართლო სხდომები რამოდენიმეჯერ გადაიდო;
1.2.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც წერილობით დაეთანხმა მოწინააღმდგე მხარის წარმომადგენელი, სასამართლოს მთავარი სხდომა გადაიდო 2019 წლის 18 იანვარს, 17:00 საათზე, რომლის თაობაზეც მხარეებს/მათ წარმომადგენლებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;
1.2.3. 2019 წლის 18 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, არაერთი საინფორმაციო საშუალებით შეიტყო, რომ ამინდის მკვეთრი გაუარესებისა და გზის მოყინვის გამო გორი-იგოეთის გზატკეცილზე რამოდენიმე ადგილას მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და მთლიანობაში ოცამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა. ის და აპელანტი ცხოვრობენ ქ.თბილისში, ასეთ პირობებში მგზავრობა ვერ იქნება უსაფრთხო, ამასთანავე, პროცესის დროის გათვალისწინებით, უკან დაბრუნება მოუხდებოდათ ღამის საათებში, რის გამოც, მხარე მოითხოვდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლას;
1.2.4. 2019 წლის 18 იანვარს, 12:32 საათზე, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს, მის მიერ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე მოსამართლის თანაშემწემ გაუგზავნა აპელანტის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების შესახებ და აცნობა ხსენებულის თაობაზე, თუმცა, მას რაიმე წერილობითი მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია;
1.2.5. 2019 წლის 18 იანვარს, 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი, ხოლო, გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ისე _ საქმის განხილვის გადადებაზე და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების წინაპირობები. ამ მხრივ პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმის განხილვის გადადების კანონისმიერ წინაპირობას წარმოადგენს საპატიო მიზეზის არსებობა. თავის მხრივ, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად განიხილება ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული შემთხვევები: მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით აპელანტი გამოცხადების შეუძლებლობას ასაბუთებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული უამინდობის ცნობით, კერძოდ, გზის მოყინვის გამო, სასამართლოს სხდომის წინა დღეს მოხდა არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომის წინა დღეს ამინდის გაუარესება თავისთავად არ ნიშნავს მხარის გამოცხადების შეუძლებლობას, ამ მხრივ არ არის წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულებები (მაგ: საპატრულო პოლიციის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალური ცნობა), რომლებიც სასამართლო სხდომის დღეს უამინდობის გამო აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში გადაადგილების შესაძლებლობას გამორიცხავდა. გარდა ამისა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გადაადგილების შეზღუდვა (მაგ: სარკინიგზო ტრანსპორტის) არც ერთი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული. მხოლოდ ის გარემოება, რომ წინა დღეს საავტომობილო გზა იყო მოყინული, ვერ გახდება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ისევე, როგორც მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის შესაძლო დაპირება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე თანხმობის გაცხადების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილი.
1.4. რაც შეეხება სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საკითხს, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
1.5. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი და/ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ფორმალურად არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.
1.6. მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული განჩინების გაუქმების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). განსახილველ შემთხვევაში, მხარე განჩინების გაუქმებას, სწორედ 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვს (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის), კერძოდ, უთითებს, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, თუმცა, ამ პოზიციას პალატა ვერ იზიარებს ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3. პუნქტში ჩამოყალიბებული განმარტებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც მხარის მოსაზრებას, რომ არსებობდა სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება. კერძო საჩივარზე დამატებით დართული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასება (სსსკ-ის 105-ე მუხლი), არ უქმნის სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, რაც მხარის მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური