საქმე №ას-649-2019 16 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა, საქმის წარმოების შეჩერება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის შემცირება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ს–იმ“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.გ–ის (შემდგომში _ მოპასუხე აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოპასუხისათვის 1 253,81 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 627,22 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაeკისრა 760,23 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 411 აშშ დოლარით შემცირება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა, საქმის წარმოების შეჩერება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.გ–ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრის–, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიჩნეული საფუძვლიანად და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 760,23 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
1.2.2. ეს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წეს–. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების პასუხად აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ დაკისრებული თანხიდან მას 411 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სწორედ 411 აშშ დოლარის ნაწილში;
1.2.3. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება ეროვნული ვალუტით შეადგენდა 939,42 ლარს. ამ ფაქტს კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წეს– გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, საჩივრის ღირებულება გამოიანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა ფარგლებში ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტი მოითხოვდა 411 აშშ დოლარით დაკისრებული თანხის შემცირებას, რომელიც, როგორც ითქვა, 939,42 ლარს შეადგენს (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.4.).
1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
1.5. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კერძო საჩივარი მისი ავტორის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე შედავებას არ შეიცავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ამ კუთხით წინამდებარე განჩინებით არ იმსჯელებს.
1.6. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისა და ამ მიზნით საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონის კონსტიტუციურობის საკითხის შემოწმების მიზნით მიმართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება კონსტიტუციურ პრინციპებთან და დებულებებთან კანონის შეუსაბამობის ფაქტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა, რადგანაც, როგორც უკვე ითქვა, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შესაძლოა, გარკვეულ შეზღუდვას დაექვემდებაროს, რის თაობაზეც ზემოთ უკვე იმსჯელა სასამართლომ (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.5.), შესაბამისად, არც საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობაა სახეზე.
1.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6, 279-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ვ.გ–ის მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური