Facebook Twitter

საქმე №ას-757-2019 19 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ნ.კ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და არსებითად განხილვა

დავის საგანი – ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ.კ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თეა და ნ.კ–ების (შემდგომში _ პირველი ან მეორე მოპასუხე, აპელანტები, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. შესაგებლის თანახმად, სადავო ხელშეკრულებები დადებულია კანონის მოთხოვნათა საფუძველზე და ამ გარიგებებს შედეგად უფლების განკარგვა მოჰყვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით-სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულებები და უძრავი ქონება საკუთრებაში დაუბრუნდა მოსარჩელეს.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით-სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და არსებითად განხილვა. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა აპელატთა წარმომადგენელს, რომელსაც ჰქონდა ვირუსული ინფექცია და დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულება მან ერთი დღის დაგვიანებით შეძლო, რაც საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევაზე მიანიშნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.კ–ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოობა. ამ თვალსაზრისით კი, დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით-სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მისი გამოსწორების მიზნით მხარეებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა;

1.2.2. აღნიშნული განჩინება 2019 წლის 11 მარტს პირადად ჩაბარდა აპელანტების უფლებამოსილ წარმომადგენელს;

1.2.3. დადგენილი ხარვეზი მხარეებს შეეძლოთ, გამოესწორებინათ 2019 წლის 21 მარტის ჩათვლით, სასამართლოს კი, მხარეთა წარმომადგენელმა მიმართა ერთი დღის დაგვიანებით _ 2019 წლის 22 მარტს.

1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368.5-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

1.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის თაობაზე. ამ გარემოების ფაქტობრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ავადმყოფობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის მიზნებისათვის ავადმყოფობა, მართალია, საპატიოდ მიიჩნევა, თუმცა ფაქტის მტკიცებისათვის კანონი ადგენს შესაბამის სტანდარტს _ ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამგვარი მტკიცებულება მხარეს არც სააპელაციო სასამართლოში წარუდგენია და არც კერძო საჩივარზე დაურთავს, შესაბამისად, მისი პრეტენზია გაზიარებას ვერ დაექვემდებარება და ვერც საპროცესო ვადის აღდგენას დაედება საფუძვლად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლისა.

1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური