საქმე №ას-760-2019 19 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები: ბ.ბ–ი, ე.ბ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. სს „კ.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ბ–ის, ბ.ბ–ისა და ე.ბ–ას (შემდგომში _ მოპასუხეები ან აპელანტები, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ მოპასუხეებისათვის 5 229,37 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ, 2 476,80 ლარის ნაწილში ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით - სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 4 494,10 ლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე.ბ–მა, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, რადგანაც არ იმყოფებოდა საქართველოში, გარდა ამისა, პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორი სოციალურად დაუცველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ბ–ის კერძო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო სასამართლომ, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტთა შუამდგომლობა სახლმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე (სსსკ-ის 47-ე მუხლი) და აპელანტებს 7-დღიანი ვადის დაცვით დაავალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. განჩინების შესწავლით დგინდება, რომ მხარეებს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები ამომწურავად განემარტათ;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, 2019 წლის 9 მარტს ჩაბარდა აპელანტის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, მეუღლეს;
1.2.3. 2019 წლის 6 აპრილს კერძო საჩივრის ავტორმა ფოსტის საშუალებით მიმართა სასამართლოს, წარადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აპელანტთა ოჯახის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი, ს.ბ–ისა და ტ.ს–ას შესაძლებლობის შეზღუდვის თაობაზე ცნობა, საკუთარი პასპორტის ასლი, რომლითაც ირკვევა წითელ ხიდზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა 18.11.2018წ. და 21.02.2019წ. და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
1.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველია, ამ საფუძვლის გამოყენებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს მის თანაზომიერებაშიც: იყო თუ არა მხარისათვის განსაზღვრული ვადა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად საკმარისი და შეზღუდვის გამოუყენებლობა პროპორციულია თუ არა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერი ინტერესებისა.
1.4. საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის შესწავლით მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრის, მეუღლისათვის შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საკმარისი საფუძველია, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს ... უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ... უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. გარდა იმისა, რომ აპელანტის მეუღლისათვის შეტყობინების ჩაბარება ზემოხსენებული წესიდან გამომდინარე, აპელანტისათვის ჩაბარებად მიიჩნევა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტსაც, რომ 2019 წლის 9 მარტისათვის კერძო საჩივრის ავტორის ქვეყანაში არყოფნის ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება, რამდენადაც სახელმწიფო საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ბეჭედი ასახავს 2019 წლის 21 თებერვლის მდგომარეობას;
1.5. პალატა სრულად უარყოფს მხარის არგუმენტს, რომლის თანახმადაც სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხეთა ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარზე: შესაგებლის თანახმად, მოპასუხეები ზემოხსენებულ ბაზაში რეგისტრირებული არ არიან, ხოლო, სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოთხოვნილია ქონებრივი მდგომარეობის გამო, გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის წინაპირობების არსებობაზე ემსჯელა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი მხარემ წარადგინა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში და ისიც საპროცესო ვადის დარღვევით, რის გამოც, განცხადებაზე დართული დოკუმენტები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, შეფასებას აღარ ექვემდებარებოდა.
1.6. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარდგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რის გამოც, არ არსებობდა საპროცესო ვადის აღდგენის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთან, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
1.7. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა ამ ნაწილში კერძო საჩივარს განუხილველად ტოვებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შემდეგ გარემოებათა გამო:
1.7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს კერძო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, არამედ, იგი შეიძლება მხოლოდ ზემდგომი (სააპელაციო/საკასაციო) წესით გასაჩივრდეს, შესაბამისად, ე.ბ–ის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ბ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს, ხოლო, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური