საქმე №ას-770-2019 19 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.რ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ იმა „ა–ის“ თავმჯდომარე თ.ჭ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ქონების მიკუთვნება, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ.ს–მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.რ–ძისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა-ის“ (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორის, ხოლო, მეორე _ ამხანაგობა ან თავდაპირველი თანამოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ამხანაგობის 2015 წლის 24 დეკემბრის #4 კრების ოქმის ბათილად ცნობა (რომლის საფუძველზეც აღირიცხა უძრავი ქონება (შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება) პირველი მოპასუხის საკუთრებად), სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისათვის მიკუთვნება, პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ამ ქონების გამოთხოვა და მისთვისვე მოსარჩელის სასარგებლოდ 43 200 ლარის (მესაკუთრის ნებართვის გარეშე უძრავი ქონების ფლობისათვის), ასევე, ქონების ფაქტობრივად გადაცემამდე ყოველთვიურად 1 200 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ სადავო ქონება განკარგულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება პირველი მოპასუხისათვის სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და უძრავი ნივთი მიეკუთვნა მოსარჩელეს, პირველი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გადაეცა მოსარჩელეს ქ.თბილისში, ...... მდებარე 32 კვ.მ მანსარდი და ამავე სართულზე მდებარე 41,37 კვ.მ ფართი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე, საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.რ–ძის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის თაობაზე, ასევე, მის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
1.1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულია ამ კანონის მიზანი და დადგენილია, რომ იგი საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნას ემსახურება. ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე ნორმის მე-4 პუნქტით, იურიდიული დახმარება გაიწევა ასევე სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის. როგორც წესი, ამა თუ იმ საკანონმდებლო ნორმით წარმოშობილი უფლების განხორციელება დამოკიდებულია თავად კანონისმიერ წინაპირობებზე, კერძოდ, უფლების რეალიზაციისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ლეგიტიმურ სტანდარტს, რომელსაც თავად კანონმდებელი ადგენს. სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობისათვის კი, ამგვარ წინაპირობებს ადგენს ხსენებული კანონის მე-5 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა (მისი სასამართლოში წარმომადგენლობა) მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე.
1.2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარე არც ერთ ზემოხსენებულ პირობას არ აკმაყოფილებს, კერძოდ, საქმეში მართალია, მრავლადაა წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერები, თუმცა, კერძო საჩივრის ავტორი მისი სუბიექტი არ არის. ასეც რომ არ იყოს, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხარემ დაიცვა თუ არა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასებით უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, სახეზე არ არის რაიმე სამართლებრივი სირთულე, რომელიც იურიდიული დახმარების კვალიფიციურად გაწევასა და შესაბამისად, კერძო საჩივრის წარმატებულობაზე იქონიებდა გავლენას. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.1. რაც შეეხება უშუალოდ კერძო საჩივრის საფუძვლიანობის საკითხს, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2.2. სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაცვის საკითხის შესაფასებლად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე:
2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა პირველი მოპასუხე, რომელსაც განემარტა მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი, მისი ჩაუბარებლობის შედეგები, ასევე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა;
2.2.2. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2019 წლის 30 მარტი;
2.2.3. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებით ირკვევა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრულ ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, კერძოდ, მოსარჩელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა იგი 2019 წლის 26 მარტს ჩაიბარა. რაც შეეხება აპელანტს, მან სასამართლოს ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული ვადის დარღვევით, 2019 წლის 12 აპრილს მიმართა და ამავე დღეს ჩაბარდა გადაწყვეტილება;
2.2.4. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, ის სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 16 აპრილს.
2.3. მოხმობილი გარემოებების სამართლებრივად შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
2.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ [დიდი პალატა] 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
2.5. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 2.2.2.-.2.2.4. პუნქტებში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, აპელანტის მხრიდან საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე (გასაჩივრების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 31.03.2019წ. და რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე 13.04.2019წ. იყო შაბათი, სსსკ-ის 61.2 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 15.04.2019წ, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 16.04.2019წ.) და მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც მის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.რ–ძის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის თაობაზე არ დამაყოფილდეს.
2. ლ.რ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური