საქმე №ას-816-2019 19 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.თ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.შ–ძე, ი.ბ–ი, მ.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ვ.თ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.შ–ძის, ი.ბ–ისა და მ.ბ–ის (შემდგოში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა პირველ და მესამე მოპასუხეს შორის 2015 წლის 27 მარტს, ასევე, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და სადავო ქონებებზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო გარიგებები კანონის მოთხოვნათა დაცვით იყო გაფორმებული და მათ ნამდვილი იურიდიული შედეგი _ საკუთრების უფლების გადაცემა მოჰყვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და შეწყდა სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა სარჩელზე უარის თქმის უფლება და არა სააპელაციო საჩივარზე, ამასთანავე, რწმუნებულს მარწმუნებლისათვის ხსენებული საპროცესო მოქმედება არ შეუთანხმებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ვ.თ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში შემოწმების საგანს წარმოადგენს აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის მოტივით საქმისწარმოების შეწყვეტის კანონიერება. ხსენებული საკითხის სწორად შეფასებისათვის პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
1.2.1. მოსარჩელის/აპელანტის ინტერესებს სასამართლოში სხვა პირებთან ერთად წარმოადგენდა ადვოკატი მ.გ–ი. მისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, რომელიც გაცემულია განუსაზღვრელი ვადით. ხსენებული მინდობილობის საფუძველზე მარწმუნებელმა რწმუნებულს სხვა საპროცესო მოქმედებებთან ერთად მიანიჭა მისი სახელით სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლება;
1.2.2. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე, რის გამოც, სააპელაციო პალატამ შეწყვიტა საჩივარზე საქმისწარმოება;
1.2.3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ცალმხრივად მოშლის ფაქტი საქმის მასალებით დადატურებული არ არის.
1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების კანონიერებასთან დაკავშირებით, რადგანაც არ იკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე და 96-ე მუხლების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეს საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვა შეუძლია, მიანდოს მესამე პირს, რომელთა ურთიერთობას მატერიალურ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით მოწესრიგებული სახელშეკრულებო ურთიერთობა უდევს, თავის მხრივ, დავალების ხელშეკრულების საპროცესო მხარეს წარმოადგენს ის, რომ სასამართლოს უნდა წარედგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებული მარწმუნებლის ცალმხრივი ნება _ მინდობილობა, ამასთანავე, ვიდრე მინდობილობას ვადა არ გასვლია ან მხარე არ წარადგენს დავალების ხელშეკრულების მოშლის დამადასტურებელ შესაბამის აქტს, სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს წარმომადგენლის იმ ახსნა-განმარტებებისა თუ შუამდგომლობების საფუძველზე, რომელთა წარდგენითაც ახორციელებს რწმუნებული მარწმუნებლის ინტერესების დაცვას, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს, საქმის- წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმისწარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილება შეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.
1.5. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სასამართლო წარმომადგენლის საპროცესო მოქმედებებს შესაბამის იურიდიულ კვალიფიკაციას ანიჭებს და მხედველობაში იღებს თავად წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრულ ფარგლებში. ამ მხრივ კანონმდებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრავს მხარის იმ უფლებათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებაც მარწმუნებლის მიერ მინდობილობაში მითითებაზეა დამოკიდებული: უფლებამოსილება სასამართლოში საქმისწარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა: სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
1.6. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას აცხადებს იმ გარემოებაზე, რომ მინდობილობა არ შეიცავდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებას, ამასთან, ხსენებული საპროცესო მოქმედება არ იყო შეთანხმებული მასთან. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელზე უარის თქმის უფლება იმდენად ფართო საპროცესო უფლებაა, რომ ის თავის თავში მოიცავს ნებისმიერ საჩივარზე, მათ შორის სააპელაციო თუ კერძო საჩივარზე უარის თქმის შესაძლებლობას, რაც შეეხება იმას, იყო თუ არა უარის თქმა შეთანხმებული მარწმუნებელთან, მისი მხოლოდ ზეპირი მითითება სადავო გარემოების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია, რადგანაც მსგავსი უფლების მინიჭებით კერძო საჩივრის ავტორმა თავიდანვე შეიზღუდა თავი ამ უფლების რწმუნებულის მხრიდან განკარგვით, ხოლო მინდობილობის ძალაში ყოფნის განმავლობაში სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა შუამდგომლობაზე.
1.7. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სარჩელზე/საჩივარზე უარის თქმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გარანტირებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარეობს და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, უარის თქმის პირობებში მაინც იმსჯელოს მხარის პრეტენზიის საფუძვლიანობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
1.8. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც მხარემ ვერ წარადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება, რაც კერძო საჩივრის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.თ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური