Facebook Twitter

საქმე №ას-835-2019 19 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ.ვ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ჯ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

თანამოპასუხეები თავდაპირველ სარჩელზე _ მ.გ–ძე, ე.დ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნები:

1.1. ე.ჯ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ვ–ეს“, მ.გ–ძისა და ე.დ–ის (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელის მფლობელობაში დაბრუნების მოთხოვნით;

1.2. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, მხარეთა შორის 2017 წლის 1 ნოემბერს დადებული ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა თავდაპირველი სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო;

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელიც.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით-თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპაუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა მეორე და მესამე მოპასუხის მიერაც, თუმცა, ამ ნაწილში დავა მიმდინარეობს და საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდება), მოითხოვა მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დავის საგნის არარსებობის გამო, შეწყდა სააპელაციო წარმოება შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივარი ძირითადად ემყარება იმ გარემოებას, დაიშვება თუ არა სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტა დავის საგნის არარსებობის მოტივით და, ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი არის თუ არა სასამართლო, იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის ანალოგიით, როდესაც ფიზიკური პირების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში დავა კვლავ მიმდინარეობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „რ.ვ–ეს“ კერძო საჩივარი, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება, ასევე, შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და შეგებებული სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დავის საგნის არარსებობის გამო, აღიარებითი მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის კანონიერება. ვიდრე პალატა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის კვლევისას საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული განჩინების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, ხომ არ ვლინდება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში), ისე _ სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

1.3. განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ნივთის ვინდიცირება. სარჩელის შესწავლით ირკვევა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა ქირავნობის საგანს და დამქირავებლის მხრიდან ვალდებულებათა დარღვევის, ასევე, შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების შეუძლებლობის გამო (გაზრდილი ქირის გადახდა), გამქირავებელი ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან. მოპასუხემ ნივთის ვინდიცირების მოთხოვნის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამქირავებლის ცალმხრივი ნების ბათილად ცნობა, ამდენად, შესაფასებელია აღიარებითი შეგებებული სარჩელის დასაშვებობის საკითხი. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:

ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას;

ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;

გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

1.4. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

1.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ [დიდი პალატა] №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ებები: 10.11.2015, #ას-937-887-2015; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

1.6. შეგებებული სარჩელის თანახმად, მისი ავტორის იურიდიულ ინტერესს ნივთის ფლობის გაგრძელება წარმოადგენს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის ფარგელებში (სკ-ის 170.1 და 172.1 მუხლები) მოპასუხეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი შეუძლია, წარადგინოს და მიუთითოს მფლობელობის მართლზომიერებაზე. ისეთ ვითარებაში, როდესაც დავა ქირავნობიდან ნაწარმოებ მფლობელობას შეეხება, მფლობელს შეგებებული სარჩელის აღუძვრელად შეუძლია, მიუთითოს ქირავნობის მოშლის შესახებ ნების ბათილობაზე (სკ-ის 54 მუხლი) და, როგორც სანივთო (სკ-ის 162-ე მუხლი), ისე _ სახელშეკრულებო (ქირავნობის ან იჯარის შემთხვევაში _ სკ-ის 531-ე ან 581-ე მუხლი) ნორმებით დაიცვას საკუთარი მფლობელობა.

1.7. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).

1.8. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „რ.ვ–ას“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი) და შპს „რ.ვ–ას“ შეგებებული სარჩელი ე.ჯ–ის მიმართ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური