საქმე №ას-854-2019 19 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ე–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ე–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის დავალიანების _ 28 317,89 ლარის, სარგებლის _ 4 570,48 ლარის, პირგასამტეხლოს _ 3 000 ლარისა და საკომისიოს _ 82,17 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების, ასევე, დავალიანების ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული ნივთისა და მოპასუხის სხვა კუთვნილი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 22 000 ლარის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით-სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 28 317.89 ლარის, პროცენტის, 4 570.48 ლარის, პირგასამტეხლოს - 300 ლარისა და საკომისიოს, 82.17 ლარის, გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკის საგანი, ასევე, მოპასუხის სხვა ქონება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვლა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, დაუძლეველი ძალით. 2019 წლის 2 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა ტურით კურორტ ბახმაროში, 4 აპრილს აპირებდა თბილისში დაბრუნებას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების მიზნით, თუმცა უამინდობის გამო ვერ შეძლო. ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაუჯდა ტელეფონი და მომხდარის შესახებ ვერც სასამართლოს და ვერც მარწმუნებელს მიაწოდა ინფორმაცია. მისი მარწმუნებელი არის ავად, დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი და ის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ე–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. 2019 წლის 5 აპრილს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლოს სხდომის თაობაზე აპელანტის უფლებამოსილ წარმომდგენელს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;
1.2.2. დანიშნულ დროს სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი;
1.2.3. რაიმე ცნობა, რომელიც მხარის/წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება;
1.2.4. გამოცხადებულმა აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
1.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი და/ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ფორმალურად არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.
1.5. მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული განჩინების გაუქმების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). განსახილველ შემთხვევაში, მხარე განჩინების გაუქმებას, სწორედ 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვს (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის), კერძოდ, უთითებს, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით, რის გამოც მან ვერც გამოცხადება და ვერც სასამართლოს/მხარის წინასწარი ინფორმირება ვერ შეძლო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მითითებულ დროს აპელანტის წარმომადგენლის კუროტ ბახმაროში ყოფნის, ამინდის გაუარესებისა და სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობას დაადასტურებდა, სხვა რაიმე ცნობა, რომ პროცესის დღეს მეტეოროლოგიური მდგომაროება შეიცვალა, საქმის მასალებით არ ირკვევა. გარდა ამისა, კერძო საჩივარს არ ერთვის უშუალოდ აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება (სსსკ-ის 215.3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით... ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში პალატა უარყოფს მხარის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მან ბრალეულად დაარღვია საკუთარი საპროცესო მოვალეობები.
1.6. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება, რაც მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ე–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური