Facebook Twitter

საქმე №ას-970-2019 19 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. ი.ა.მ.ჰ.

2. სს „ი.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სრულად დაკმაყოფილება;

2. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ა.მ.ალ ჰაირიმ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სს „ი.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოშის“ მიმართ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ უძრავ ქონებასა (მდებარე ქ.ბათუმში,...., ს/კ # .....; #05.27.23.004.01.128; #05.27.23.004.01.061; #05.27.23.004.01.514; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #3-ში, #05.24.05.130; ფიროსმანის ქ.#16-ში, უძრავი ქონების საერთო საკადასტრო კოდი #....., ინდივიდუალური საკუთრების საგნები: ......; .......; ......; .....; ..... ; .... ; ......; ......; .......; ......; .......; .......; ...... ; .......; .......; ......; ......; .......; ........; .........; .........; ........; ........; ..........; .........; .........., ........; ......; ........; ........; .........; ......; .......; .........; .......; .......; ........; ........; .......; .....; ......; .......; ........; ......; ......; ......; .......; .......; ........; ........; .......; .......; ......; ........; .......; ......; .......) და საქართველოში, ყველა საბანკო ანგარიშზე (75 157,3 აშშ დოლარის ფარგლებში) ყადაღის დადების მოთხოვნით. განმცხადებლის განმარტებით, მას მოწინააღმდეგე მხარის მიმართ აღძრული აქვს საარბიტრაჟო სარჩელი, რომლის მასალების თანახმადაც, არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების მაღალი ალბათობა, კერძოდ: საარბიტრაჟო მოსარჩელემ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადაუხადა თანხა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოიპოვა შესაძენი ქონების მომავალ მესაკუთრედ დარეგისტრირების უფლება, თუმცა, საარბიტრაჟო მოპასუხემ არ დაარეგისტრირა ხსენებული უფლება. სამომავლო საკუთრებას მესამე პირთა წინაშე არსებული ვალდებულებებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გათვალისწინებით დაედო ყადაღა. განცხადებლის აზრით, ხსენებული მოწმობს მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდების მცდელობას და თუკი საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ ექნება შესაბამისი საპროცესო გარანტიები, სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის მთელი ქონება სხვადასხვა ბანკის სასარგებლოდ იპოთეკითაა დატვირთული, ასევე, რეგისტრირებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის ყადაღა, რის გამოც, სავარაუდოა, რომ მისთვის დასაკისრებელი თანხისა და ვალდებულების დარღვევით განპირობებული საურავების გათვალისწინებით, განმცხადებლის მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფის საგანი არასაკმარისი იქნება. ვალდებულების დარღვევა მოწინააღმდეგე მხარემ სწორედ რეგისტრირებული შეზღუდვით ახსნა, რაც აღარ წარმოადგენს მხარეთა შორის დავის საგანს. განმცხადებლის განმარტებით, საარბიტრაჟო სარჩელით მოთხოვნილია ნასყიდობის საფასურის დაბრუნება, უძრავი ქონების გაქირავების გამო გადასახდელი თანხის, მიუღებელი შემოსავლის, სულ _ 75 157,3 აშშ დოლარის დაკისრება. სარჩელის საფძველს კი, წარმოადგენს მხარეთა შორის 2016 წლის 8 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საარბირტაჟო მოპასუხის მხრიდან დარღვევის გამო ხელშეკრულებიდან გასვლა. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შესრულებული აქვს ვალდებულება და გადახდილი აქვს ნასყიდობის მთლიანი ღირებულების ნახევარზე მეტი, რის შედეგადაც მოიპოვა სამომავლო საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, მისი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო ქონება უფლებარივად დაიტვირთა და მოსარჩელის სამომავლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეუძლებელი აღმოჩნდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განჩინებით განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ.ბათუმში, ..... მდებარე 166.5 კვ.მ ფართს (ინდივიდუალური საკუთრების საგანს _ უძრავ ქონებებს: ს/კ .....; ........; .........; .......). განმცხადებლის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის სახელზე საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე (75 157,3 აშშ დოლარის ფარგლებში) ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს მხარეებმა, საარბიტრაჟო მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, საარბიტრაჟო მოპასუხემ _ განცხადების სრულად უარყოფა მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ისინი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების/შეცვლის წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობების არსებობა და ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები (გამოყენებული ზომის საკმარისობა მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების თვალსაზრისით).

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილისა და 1971 მუხლის თანახმად, საარბირტაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სსსკ-ის XXIII თავი). რაც შეეხება უშუალოდ შესაფასებელ საკითხს, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე:

3.1. განმცხადებლის მიერ აღძრული საარბიტრაჟო მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 75 157,3 აშშ დოლარს;

3.2. საარბიტრაჟო სარჩელი აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის 2019 წლის 16 აპრილის დადგენილებით მიღებულია წარმოებაში;

3.3. განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ქონებები საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს, რომელთაგან ნაწილზე _ ქ.ბათუმში, ...... მდებარე 166.5 კვ.მ ფართზე (ინდივიდუალური საკუთრების საგანი _ უძრავი ქონებები: ს/კ .......; .......; ........; .......) სხვა პირთა უფლებები ან რაიმე შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;

3.4. საარბიტრაჟო სარჩელით მოთხოვნილი თანხა უკავშირდება მოპასუხის მიერ 40,9 კვ.მ უძრავ ქონებაზე დადებული სამომავლო ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობას;

3.5. საარბიტრაჟო მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოსაყენებელი ქონების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, ისევე, როგორც მოწინააღმდეგე მხარეს სარწმუნო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია წარმატებული სამეწარმეო საქმიანობა (არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები).

4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია წარმატების საკმარისი წინაპირობა.

5. საარბიტრაჟო საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მოთხოვნას გამყიდველის მხრიდან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დარღვევას უკავშირებს (სააპელაციო პალატამ სახელშეკრულებო ურთიერთობა დააკვალიფიცირა ნარდობად, თუმცა, აღნიშნულს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს) და პრეტენზიას აცხადებს მეორად მოთხოვნებზე: ის გავიდა ხელშეკრულებიდან და მოითხოვს, როგორც უკვე განხორციელებული შესრულების დაბრუნებას, ისე _ ზიანის ანაზღაურებას. თეორიული თვალსაზრისით მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე, 407-ე, 394-ე, 411-ე მუხლებისა, შესაბამისად, არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები.

6. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს გამოყენებული ღონისძიებისა და მოსარჩელის მოთხოვნის პროპორციულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მოთხოვნისა და უზრუნველყოფის ღონისძიების თანაზომიერების მტკიცება კანონმდებელმა განმცხადებელს დააკისრა იმ პირობებში, როდესაც უზრუნველყოფის ზომას ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს. ამ მხრივ, განცხადება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო, სააპელაციო პალატის შეფასება გასაზიარებელია, რომელიც ემყარება შემდეგ მოტივებს:

6.1. საარბიტრაჟო სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა გამომდინარეობს 40,9 კვ.მ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან;

6.2. უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულია მოპასუხის კუთვნილი, ვალდებულებისგან დაუტვირთავი 166,5 კვ.მ უძრავი ქონება და არ არსებობს სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე 7000 კვ. მეტრით მეტი ქონების დაყადაღების საფუძველი.

7. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის საჩივრის პრეტენზიას განცხადებაში მითითებული სხვა უძრავი ნივთების დაყადაღების აუცილებლობის თაობაზე, ისევე, როგორც ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ და ამ უკანასკნელ მოთხოვნასთან მიმართებაში დამატებით აღნიშნავს, რომ გარდა მოთხოვნისა და მისი უზრუნველყოფის საშუალების პროპორციულობისა, მხარე ვერ ამტკიცებს რა უკიდურესი საჭიროება არსებობს იმისა, რომ იურიდიულ პირს ანგარიშზე დაედოს ყადაღა, რაც მისი სამეწარმეო ფუნქციონირებისათვის ანგარიშის დაყადაღების სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, გაუმართლებელი და ზიანის მომტანი ტვირთის დაკისრებაა.

8. რაც შეეხება საარბიტრაჟო მოპასუხის პრეტენზიას, რომელიც ძირითადად კომპანიის გადახდისუნარიანობაზეა აგებული, პალატა მასაც უარყოფს იმ დასაბუთებით, რომ საჩივარში მითითებული ფაქტები არ არის გამყარებული სარწმუნო მტკიცებულებებით, საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მისი პრეტენზიის წარმატებულობის მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზი სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ არ არსებობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

9. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მოდავე მხარეთა საჩივრების დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 35618, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა.მ.ა.ჰ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. სს-ის „ი.ფ.ი.პ.თ.თ–ის წარმომადგენლობა საქართველოში“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისისა და 2019 წლის 12 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური