Facebook Twitter

№ას-1838-2019 27 იანვარი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ჯ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.ე–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ.ჯ–ამ, (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე.ე–ის“ (შემდგომში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და 1740 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით გ.ჯ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე მითითებით, დატოვებული იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ჯ–ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი თანხის ოდენობა აღემატება 2 000 ლარს, ვინაიდან სარჩელში მითითებულია ორი მოთხოვნა: 1. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და 1740 ლარის დაკისება 2. 681.50 ლარის ანაზღაურება. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 2421 ლარს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული უფლების რეალიზაცია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ჯ–ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კანონიერება.

ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას ამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამოდენიმე სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებაზე:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ნორმის განმარტებით ირკვევა, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტას ემსახურება.

მეორე ინსტანციის სასამართლომ, გ.ჯ–ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას დაადგინა, რომ საჩივრის ღირებულება (1740 ლარი) არ აღემატება სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას და მიიჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის წინაპირობებს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

პალატა არ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 2421 ლარს.

საქმის მასალების თანახმად ირკვევა, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისთვის 1740 ლარის დაკისრება, ხოლო 681.50 ლარი, რომელზეც საჩივრის ავტორი აპელირებს გახლავთ მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეზე სამართალწარმოების შედეგად გაწეული პროცესის ხარჯები.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის, ისევე, როგორც სარჩელისა თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი იმგვარად, რომ სასამართლო პროცესის ხარჯებს, მათ შორის, მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ/გადასახდელ ბაჟს, დავის საგნის ღირებულებაში ვერ მოაქცევს (იხ. სუსგ №ას-230-218-2017, 28 აპრილი, 2017 წელი). აღსანიშნავია, რომ „დავის საგანში“, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები (იხ. სუსგ №ას-1528-1442-2012, 24 დეკემბერი, 2012 წელი, №ას-757-725-2014,1 დეკემბერი, 2014 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 1740 ლარს და ამ თანხაში ვერ იქნება გათვალისწინებული (ექსპერტიზის ჩატარება, საექსპერტო ბიუროსთვის წერილების გაგზავნა, თარჯიმნისთვის დოკუმენტის თარგმნა, სამონატო მომსახურება) პროცესის ხარჯები.

განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გ.ჯ–ას სააპელაციო საჩივარის საგნის ღირებულება შეადგენს 1740 ლარს და პროცესის ხარჯები ვერ იქნება გათვალისწინებული ძირითადი დავის საგნის შემადგენელ ნაწილად.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული უფლება და განმარტავს შემდეგს:

სასამართლოს ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა ხოლო მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარ ჩარევას საფუძვლად უდევს საკანონმდებლო საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, იგი ლეგიტიმურ მოქმედებად მიიჩნევა და აღნიშნული გამორიცხავს კასატორის უფლების დარღვეულად მიჩნევის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის მნიშვნელობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს, სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია და გ.ჯ–ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება კერძო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, პალატა მიჩნევს, რომ მისი ნახევარი 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოვალეს რადგან კრედიტორის მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 1740 ლარს. შესაბამისად, მოცემული მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატ მოსამართლეთა განსახილველ დავათა კატეგორიაში ექცევა, რის გამოც, სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, განახევრებას ექვემდებარება; პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) გ.ჯ–ას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-14, 39-ე, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. გ.ჯ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორს გ.ჯ–ას (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ. ბ–ას მიერ 08/11/2019 წ. #1 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 25 ლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი 25 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე