Facebook Twitter

საქმე №ას-1728-2019 14 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.პ–ო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ.პ–ომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.შ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 56 110 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 3 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელისაგან, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ისესხა 65 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხით მან შეიძინა რესტორანი. მხარეებმა შეადგინეს აქტი, სადაც მოპასუხე კისრულობდა ვალის დაბრუნების ვალდებულებას არაუგვიანეს 2010 წლის სექტემბრისა, თუმცა საბოლოო ანგარიშგების დასრულებამდე ყოველთვიურად დამატებით უნდა გადაეხადა 1000 აშშ დოლარი.

3. მოპასუხემ დათქმულ დროს ვალის დაბრუნება ვერ შეძლო და დაფარა ფულადი ვალდებულების მხოლოდ ნაწილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 56 110 აშშ დოლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ორივე მხარე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აპელანტის მიმართ დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 15 აგვისტოს, 15 აგვისტოდან მხარეს ჰქონდა 14 დღის ვადა, რომელიც ამოიწურა 29 აგვისტოს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 30 აგვისტოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

8. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო. მოპასუხემ აცნობა სასამართლოს დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის მიზეზი. ამასთან, მოპასუხეს არ ჩაბარებია დაზუსტებული სარჩელი, რომელიც საბოლოოდ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა.

9. მხარის განმარტებით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ უნდა გასაჩივრდეს სსსკ-ის XXVI 284-ე მუხლის მე-4-6 პუნქტების ნაწილების მიხედვით და არა XXVII თავში 2591 მუხლის საფუძველზე.

10. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო. აპელანტის წარმომადგენელი გეგმავდა შვებულებაში გასვლას, ასევე, არსებობდა ალბათობა, რომ მისი შვებულებაში ყოფნის დროს განჩინება ჩაებარებინა მის ახლობლებს, რაც ხელს შეუშლიდა სააპელაციო საჩივრის შეტანას, აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი წესითა და ვადის დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

14. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

15. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

16. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

17. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე წარმომადგენლის მეშვეობით პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, რაც დასტურდება სასამართლო სხდომის ოქმით (ს.ფ 128) და არც კერძო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა.

18. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში არ მიუმართავს.

19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო.

20. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

21. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

22. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია და საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი სასამართლო მოხელის ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, წარმოდგენილი არ არის წერილობითი დოკუმენტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების განმავლობაში მოპასუხის მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ (იხ. სუსგ 1.01.2019წ. საქმე №ას-1392-2019).

23. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

24. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

25. სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოპასუხისათვის დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდგომი დღიდან – 16 აგვისტოდან. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2019 წლის 29 აგვისტოს ამოიწურა.

26. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2019 წლის 30 აგვისტოს, კანონით დადგენილი იმპერატიული ვადის გასვლის შემდეგ.

27. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის შეფასება კერძო საჩივრის ფარგლებს სცდება და საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.შ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე