საქმე №ას-1219-2018 22 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ.ს–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან სამინისტრო) მიმართ და მოითხოვა დამსაქმებლის 2016 წლის 6 დეკემბრის #910 და 2016 წლის 27 დეკემბრის #1/კ-462 ბრძანებების ბათილად ცნობა, ქ.ქუთაისის #13 საკარო სკოლის დეირექტორის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის სახით თვეში 750 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ 2014 წლის 11 სექტემბერს ერთხმად აირჩია მოსარჩელე დირექტორის პოზიციაზე, რის შემდეგაც, მას და სკოლას შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. დასაქმებული პირნათლად და წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, უზრუნველყოფდა სკოლაში წესრიგს და დარღვევების გამოვლენისთანავე ახდენდა რეაგირებას შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელების შეფარდების გზით. მომდევნო სასწავლო წლისთვის სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით, 2016 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელემ ბანკიდან გამოითხოვა სკოლის ერთი წლის ამონაწერი, რა დროსაც აღმოაჩინა სკოლის ბუღალტრის მიერ თანხების უკანონოდ მითვისების ფაქტი. ამონაწერში მითითებული იყო, რომ სკოლის თანხა ირიცხებოდა „ცეკვის წრის“ მასწავლებლის ანგარიშზე, მაშინ, როდესაც სკოლაში არ არსებობდა რაიმე წრე, თანხის მიმღები მასწავლებელი რეალურად არის ბუღალტრის - ნ.კ–ის შვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ დაუყოვნებლივ მიმართა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამეტის მიერ მომზადებული დასკვნიდან ირკვევა, რომ სკოლის ბუღალტერი უკანონოდ ითვისებდა თანხას და მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავდა სკოლის დირექტორი. ბუღალტერს შემუშავებული ჰქონდა სკოლის ფინანსების მითვისების სქემა, რაც აამოქმედა წინა დირექტორის დროს და შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული მითვისებული თანხის დიდი ნაწილი სწორედ წინა დირექტირის მოშაობის პერიოდზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და დაუყოვნებლივ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს ბუღალტრის უკანონო ქმედებების შესახებ, მინისტრის გადაწყვეტილებით სწორედ ის განთავისუფლდა სამსახურიდან. თავდაპირველად, შიდა აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით (#910, 06.12.2016), ქ. ქუთაისის #13 საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება და სამეურვეო საბჭოს წარედგინა მიმართვა, მოსარჩელისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სამეურვეო საბჭომ იმსჯელა მინისტრის მიმართვასთან დაკავშორებით, შეისწავლა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, მოისმინა დირექტორის განმარტებები და დარწმუნდა მის უდანაშაულობაში, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება არ შეეწყვიტა უფლებამოსილება სკოლის დირექტორისათვის. მიუხედავად დამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებისა, სამინისტრომ მაინც გამოსცა #1/კ-462 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი მტკიცებულებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას. კონტროლის განხორციელების მიზნით, სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, ასევე, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას. მოპასუხის შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბერს #805 ბრძანების საფუძველზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაევალათ სსიპ ქალაქ ქუთაისის #13 სააჯრო სკოლის ინსპექტირება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქ.ქუთაისის რესურსცენტრის 2016 წლის 10 ავისტოს კორესპონდენციაში დასმულ საკითხების შესაბამისად. ჩატარებული ინსპექტირებით გამოვლინდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რაც დადასტურდა სკოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და ახსნა-განმარტებებით, ხოლო, შედეგებზე შედგა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა. 2016 წლის 22 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწინილად მიიჩნია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სკოლას მისცემოდა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო, სამეურვეო საბჭოს მიმართა წარდგინებით სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის შესახებ. რაც შეეხება უშუალოდ მოსარჩელის გათავისუფლებას, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნითა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის ბუღალტერის მხრიდან სისტემატური ხასიათი ჰქონდა საკუთარი და შვილის _ გ.კ–ის საბანკო ანგარიშებზე თანხების თვითნებურად გადარიცხვის ფაქტებს (ჯამში 58 996,38 ლარი), რიგ შემთხვევებში სკოლაში ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა პირი, რომელსაც სკოლასთან არ ჰქონია შრომითი ურთიერთობა, ხოლო, ბუღალტერი სკოლაში არ ცხადდებოდა შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო დროს, რაზეც დირექტორს რეაგირება არ ჰქონია. ქ.ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2016 წლის 13 დეკემბრის კორესპონდენციით შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 12 დეკემბრის #10 ოქმი. ოქმში დაფიქსირებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა პოზიციები და არგუმენტაციები დაკავებული თანამდებობიდან სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხზე, რის საფუძველზეც მათ გადაწყვიტეს, მოქმედ დირექტორს არ შეწყვეტოდა უფლებამოსილება. სამეურვეო საბჭოს ოქმის თანახმად, საბჭოს წევრი თ.კ–ი აცხადებდა, რომ მისთვის აშკარაა სკოლაში განხორციელებული დარღვევები, თუმცა მნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტი, რომ დარღვევები აღმოჩენილ და გადაცემულ იქნა შესასწავლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფინანსური პოლიციისათვის თავად დირექტორის მიერ. სამეურვეო საბჭოს წევრთაგან, ნ.კ–ძის მოსაზრებით, ნ.ს–ძე თავს არ ზოგავს სკოლისთვის და კარგი ხელმძღვანელია როგორც კოლექტივისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. ნ.შ–ძე აღნიშნავს, რომ დირექტორის მიმართ გატარებული ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური. ქ.კ–ას მოსაზრებით, თნამდებობიდან გათავისუფლება არ არის გასატარებელი ღონისძიების უკიდურესი ფორმა, რაც არ არის დაფიქსირებული დარღვევების შესაბამისი და თანაზომიერი. ფ.დ–ის განმარტებით, მიზანშეწონილად მიაჩნია დირექტორს მიეცეს ვადა დარღვევების გამოსასწორებლად, ხოლო, დარღვევების დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კვლავ იმსჯელოს გათვისუფლების საკითხზე. ოქმში დაფიქსირებული პოზიცია წარმოადგენს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებიც არ არის გამყარებული შესაბამისი არგუმენტაციითა და დასაბუთებით. ვინაიდან ფინანსური ოპერაციები უკვე განხორციელებულია და სკოლას მიადგა სოლიდური ფინანსური ზიანი, რაც უარყოფითად აისახა მის საქმიანობაზე, შესაბამისად მისი გამოსწორება უკვე გარკვეულწილად შეუძლებელია (თანხა, რომელიც არამიზნობრივად იქნა ბუღალტრის მიერ გადარიცხული თავისი და თავისი შვილის ანგარიშზე, უნდა მოხმარებოდა სკოლის საჭიროებებს, რაც არ განხორციელებულა). ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სამეურვეო საბჭოს პოზიცია მოსარჩელისათვის უფლებამოსილების ვადამდე ვადამდე შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია. გარდა სამეურვეო საბჭოს დაუსაბუთებელი არგუმენტებისა, ოქმში ასახულია სკოლის დირექტორის პოზიციაც: მისი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მან სრული ნდობა გამოუცხადა სკოლის ყოფილ ბუღალტერს და რომ ბუღალტერის მოვალეობაა ფინანსების კონტროლი და თავად უნდა გაუწიოს რეკომენდაციები დირექტორს შემოსავლებთან და ხარჯთან დაკავშირებით. აღნიშნული არ წარმოადგენს დირექტორის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან არ აბათილებს ფაქტს, რომ ნ.ს–ძის დირექტორობის პერიოდში (2 წელი) ბუღალტერმა თვითნებურად განკარგა დაახლოებით 33 000,00 ლარამდე ისე, რომ დირექტორს მისი საქმიანობა არ გაუკონტროლებია. დანაშაულის შეუტყობინებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დაფარვის შემთხვევაში შესაძლებელია დამდგარიყო დირექტორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნულით დირექტორი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სკოლის ფინანსებს არ აკონტროლებდა, რაც კანონმდებლობის დარღვევასა და დირექტორის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობას წარმოადგენს. სკოლის დირექტორი არ იყო უფლებამოსილი, სრული ნდობა გამოეცხადებინა ბუღალტრისათვის და მისთვის მიენდო ფინანსების კონტროლი, ვინაიდან კანონმდებლობით ცალსახად არის გაწერილი, რომ სკოლის დირექტორი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას. ასევე დადგენილია, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე ეკისრება ხელმძღვანელს. სკოლის ბუღლტერი სკოლაში დასაქმებული პირია, რომელიც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, ხოლო, სკოლის დირექტორს, როგორც ხელმძღვანელს, ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა გაეწია ბუღალტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებაზე. გარდა ამისა, ფინანსურ დოკუმენტაციაზე დაფიქსირებულია მოსარჩელის ხელმოწერები, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოადგენს დირექტორის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელ ფაქტს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის #429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეკონომიკური მოვლენების ამსახველ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. სამინისტო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 6(1) პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილი არ იყო, დათანხმებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე არ შეეწყვიტა უფლებამოსილება სკოლის დირექტორისათვის. დასკვნაში მითითებული დარღვევები და ზემოაღნიშნული მოთხოვნების ისეთი ხარისხით უგულებელყოფა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან, განხილული უნდა იქნეს როგორც დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 6 (1) პუნქტის, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელესთნ შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველია. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, არც მოსარჩელის სხვა მოთხოვნები ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბატილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის სადავო ბრძანებები და მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. მოპასუხე მოსარჩელის სასამარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თვეში 750 ლარის ოდენობით.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწუბეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩვარი დაკმაყოფილდა, გასაჩვრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩეკუ არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 11 სექტემბერს შედგა სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომლის დადგენილებითაც სსიპ #13 საჯარო სკოლის დირექტორად 6 წლის ვადით არჩეულ იქნა მოსარჩელე, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, 2007 წლის ნოემბრიდან დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, იყო ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე;
1.2.2. 2014 წლის 11 სექტემბერს, ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლასა და დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სკოლის დირექტორს განესაზღვრა შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მათ შორის სკოლის დირექტორი ვალდებული იყო, ემართა სკოლა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოედგინა სკოლა მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარემართა სკოლის ყოველდღიური საქმიანობა და უზრუნველეყო მისი ფინანსური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენება სკოლის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შეესრულებინა საკუთარი საქმიანობა. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, „დამსაქმებელი“ და „დასაქმებული“ პასუხისმგებელი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე;
1.2.3. 2014 წლის 11 სექტემბერს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გამოსცა #1.2/1634 ბრძანება სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლის დირექტორად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში მოსარჩელის რეგისტრაციის შესახებ;
1.2.4. 2013 წლის 6 სექტემბერს, სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლასა და ნ.კ–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელმა მიიღო დასაქმებული საჯარო სკოლის ბუღალტრად. დასაქმებული ვალდებული იყო, შეესრულებინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხოლო, თავის მხრივ დამსაქმებელი, სხვა ვალდებულებებთან ერთად, ამავე ხელშეკრულების 1.6. პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო კონტროლი გაეწია დასაქმებულის მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ქვემდებარეობის მიხედვით ბუღალტერი სამსახურებრივ დამოკიდებულებაშია დირექტორთან;
1.2.5. 2012 წლის 1 სექტემბერს, ერთი მხრივ, სკოლის წარმოდგენილ (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ნ.ს–ძეს) და მეორე მხრივ, გ.კ–ს შორისდაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ.კ–ი დასაქმდა ცეკვის მასწავლებლად და მისი შრომის ანაზღაურება 2012 წლის 15 სექტემბრიდან განისაზღვრა 35,66 ლარით. 2013 წლის 30 იანვარს ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „დასაქმებულს მიეცემა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 36.32 ლარის ოდენობით“;
1.2.6. 2012 წლის 12 დეკემბერს, სს „ლ.ბ–ის“ იმერეთის რეგიონალურ ფილიალსა და სსიპ ქალაქ ქუთაისის #13 საჯარო სკოლას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მიხედვით „კლიენტი“ არის სკოლა და მას წარმოადგენს სკოლის დირექტორი. ხელშეკრულების თანახმად, კლიენტი ვალდებულია, დროულად შეატყობინოს ბანკს მისამართის შეცვლის შესახებ და/ან იმის შესახებ თუ, მისი აზრით, ამონაწერში დაშვებულია შეცდომა ან განხორციელებულია არაავტორიზირებული ოპერაცია. კლიენტი ასევე ვალდებულია, ყურადღებით შეამოწმოს ოპერაციების ჩანაწერები და ანგარიშების ამონაწერები, იგი ვალდებულია, რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კლიენტი მიმართავს და უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს, დაეყრდნოს და იმოქმედოს ყველა დავალების შესაბამისად. კლიენტი აღიარებს და თანახამაა, რომ ბანკმა განახორციელოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას. ამასთან ამავე ხელშეკრულებით, კლიენტი აღიარებს, რომ თანახმაა ბანკმა განახორციელოს კლიენტის მიერ მიწოდებული ნებისმიერი დავალება, რაც მოიცავს ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოჭრას, იმ შემთხვევაშიც, თუ დავალების ავტორიზაცია კლიენტის მიერ არ მომხდარა, ამასთანავე, არაავტორიზებულ ოპერაციაზე ან დავალებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება კლიენტს. ბანკი უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, შეამოწმოს მიღებული დავალების ნამდვილობა;
1.2.7. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისადმი 2016 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელის მიმართვის თანახმად, 2016 წლის 2 აგვისტოს, მომდევნო წლის სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით, მან სს „ლ.ბ–იდან“ მოითხოვა სკოლის ანგარიშიდან ერთი წლის ამონაწერი. ამონაწერის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ სკოლის ანგარიშიდან ბუღალტერს 05.08.2015 წლიდან 01.08.2016 წლის ჩათვლით გ.კ–ის ანგარიშზე გადარიცხული ჰქონდა 16 255 ლარი ცეკვის წრის გადასახადის დანიშნულებით, მაშინ, როდესაც სკოლაში არ ფუნქციონირებდა რაიმე წრე. ამავე მიმართვით დირექტორმა ითხოვა შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
1.2.8. 2016 წლის 23 აგვისტოს სკოლის დირექტორმა მიმართა სს „ლ.ბ–ის“ იმერეთის რეგიონული ფილიალის მმართველს და მოითხოვა 2011 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით ინფორმაციის მიწოდება სკოლის თანამშრომლების სახელფასო რეესტრების შესახებ ჩაშლილი ფორმით;
1.2.9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 25 ოქტომბრის #805 ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს დაევალა #13 საჯარო სკოლის ინსპექტირება ბრძანების დანართით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად. საკითხთა შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლას უნდა მისცემოდა წერილობითი გაფრთხილება, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს უნდა უზრუნველეყო 5 სამუშაო დღის ვადაში სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა და განხილვის შედეგებთან დაკავშირებით სამინისტროში სათანადო ანგარიშის წარდგენა (თანდართული დოკუმენტაციით), ამასთან, სკოლას ერთი თვის ვადაში უნდა მოეხდინა რეაგირება შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და წარედგინა ანგარიში (თანდართული დოკუმენტაციით) სამინისტროში. დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით უნდა გადასცემოდა სამართალდამცავ ორგანოს, რადგან მიჩნეული იქნა, რომ მასში დაფიქსირებული დარღვევები შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს;
1.2.10. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, მოცემულ სკოლაში შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გარდა, დადგენილია სკოლის ბუღალტის ქმედებით სკოლისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემდეგი ფაქტები. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის დასაქმების პერიოდში ამავე სკოლის ბუღალტერსა და მის შვილზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული და მათ საბანკო ანგარიშებზე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხულ თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 32 858.95 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სკოლის ბიუჯეტს, კერძოდ:
ა) სკოლის ბუღალტერი2012 წლის იანვრიდან 2016 წლის ივლისამდე ხელფასს იღებდა არასწორად.უმეტეს შემთხვევაში ხელფასს იღებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სხვადასხვა პერიოდებში შეთანხმებული საშტატო განრიგებით დადგენილი ბუღალტრის თანამდებობრივ სარგოებზე მეტი ოდენობით;
ბ) სკოლის ბუღალტერი ნ.კ–ი თავის პირად და მისი შვილის - გ.კ–ის პირად საბანკო ანგარიშებზე, ხელფასის გარდა, რიცხავდა გარკვეულ თანხას, თუმცა, სკოლამ თანხის გადარიცხვის რაიმე სამართლებრივი საფუძველი ვერ წარადგინა. ამავე სკოლის დირექტორის განმარტებით, სკოლის ბუღალტერი თვითნებურად რიცხავდა ხსენებული თანხას მათ შორის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის დასაქმების პერიოდში შემდეგი ოდენობით:
- 2014 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ნ.კ–ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხა შეადგენს 564.24 ლარს (ხელზე ასაღები);
- 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნ.კ–ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხა შეადგენს 1 806.01 ლარს (ხელზე ასაღები);
- 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნ.კ–ის საბანკო ანგარიშზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხულია 1033.10 ლარი (ხელზე ასაღები);
- 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით ნ.კ–ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხა შეადგენს 1 550.60 ლარს (ხელზე ასაღები);
- 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გ.კ–ის საბანკო ანგარიშზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხული თანხა შეადგენს 13 260.00 ლარს;
- 2015 წლის განმავლობაში გ.კ–ზე ხელფასის სახით ზედმეტად გაცემული თანხა შეადგენს 3 000.00 ლარს (ხელზე ასაღები);
- 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გ.კ–ის საბანკო ანგარიშზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხულია 9 245.00 ლარი (ხელზე ასაღები);
- 2016 წლის სექტემბრამდე გ.კ–ზე ხელფასის სახით ზედმეტად გადარიცხულია 2 400.00 ლარი (ხელზე ასაღები).
1.2.11. მოსარჩელის დირექტორობის პერიოდში ყველა გადარიცხვას ინტერნეტ ბანკის საშუალებით ახორციელებდა ბუღალტერი. აღნიშნული გარემოება არც ამ უკანასკნელს გაუხდია სადავოდ. მოსარჩელის განმარტებით, დირექტორად მუშაობის 2 წლის განმავლობაში მისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი, რომ სკოლას გახსნილი ჰქონდა ინტერნეტ ბანკი და სარგებლობდა აღნიშნული სერვისით;
1.2.12. დირექტორად დანიშვნის დღიდან - 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2016 წლის 2 აგვისტომდე მოსარჩელეს არასოდეს მიუმართავს ბანკისათვის და არ მოუთხოვია სკოლის ანგარიშის საბანკო ამონაწერები. იგი ხელფასის უწყისებს ხელს აწერდა, ბეჭედსაც თვითონ სვამდა მათზე და აგზავნიდა ბანკში ისე, რომ არც ერთხელ არ მოუხდენია დარიცხული ხელფასის, სკოლის რეესტრის ან საბანკო რეესტრის დაანგარიშება და მათი ურთიერთშედარება, რის საფუძველზეც აღმოჩენილი იქნებოდა უწყისებში არსებული სხვაობა. დასაქმებულმა, როგორც სკოლის დირექტორმა, მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა სკოლაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები, რაც დირექტორად მუშაობის 2 წლის შემდეგ იქნა სერიოზული დარღვევები:
- მოსარჩელემ, როგორც დირექტორმა, 2016 წლის 12 სექტემბერს გამოიცა #1/კ-147 ბრძანება სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც: 1. სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვისათვის, დამტკიცდა სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალი დანართის შესაბამისად. 2. სკოლის ბუღალტერს დაევალა სკოლის მასწავლებლებისა და თანამშრომლებისათვის სახელფასო ანაზღაურება სამუშაოზე მოეხდინა გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით. 3. სკოლის შემოსასვლელი კარის მეთვალყურეს დაევალა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე კონტროლი და ამ ბრძანების ყველა დაინტერესებული პირისათვის გაცნობა;
- შრომითი ხელშეკრულების პირობების და სკოლის შინაგანაწესით მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სკოლის ბიუჯეტს, მოსარჩელემ 2016 წლის 6 სექტემბერს გამოიცა #1/კ-138 ბრძანება სკოლის ბუღალტერ ნ.კ–ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ;
- 2016 წლის 8 სექტემბერს მანვე გამოიცა #1/კ-138 ბრძანება გ.კ–თან შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ;
- 2016 წლის 10 აგვისტოს გახსნა ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი საკუთარ სახელზე და როგორც სამეურვეო საბჭოს თავადვე განუცხადა, მხოლოდ აღნიშნული პერიოდიდან დაიწყო ყოველთვიურად სკოლის თანხების ხარჯვის საკითხის შემოწმება, აღნიშნულ პერიოდამდე კი ის ენდობოდა სკოლის ბუღალტერს;
1.2.13. 2016 წლის 6 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა #910 ბრძანება, რომლის მიხედვითაც წერილობითი გაფრთხილება მიეცა საჯარო სკოლას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე სკოლის სამეურვეო საბჭოს დაევალა, განეხილა სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სათანადო ანგარიში წარედგინა სამინისტროში ხუთი სამუშაო დღის ვადაში; სკოლას უნდა მოეხდინა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარედგინა (თანდართული დოკუმენტაციით) საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში, ერთი თვის ვადაში;
1.2.14. 2016 წლის 12 დეკემბერს შედგა სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით სკოლის დირექტორს არ შეუწყდა უფლებამოსილება და მიეცა ვადა სკოლაში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრისათვის;
1.2.15. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროს 2016 წლის 21 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-61 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, 2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება სსიპ - ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2.16. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლის თანხების მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
1.2.15. სსიპ ქ.ქუთაისის #13 საჯარო სკოლისათვის მიყენებული ზიანი, მათ შორის მოსარჩელის სკოლის დირექტორად მუშაობის პერიოდში 32 858.95 ლარს შეადგენს, რაც მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროისათვისაც არ არის ანაზღაურებული.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის შედავებებს და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომელიც სპეციალურ კანონთან _ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად წესრიგდება შრომის კოდექსით (შკ-ის 1.2. მუხლი). ხსენებული საკანონმდებლო დანაწესები აწესრიგებენ შრომითი ურთიერთობის მოშლის წესსა და პირობებს, რომელთაგან საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს სპეციალური კანონის _ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტზე, რომელიც ადგენს სამინისტროს უფლებას, სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის მოშლაზე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს და თავად გადაწყვიტოს ხსენებული საკითხი. მოცემულ შემთზხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ შიდა აუდიტის დასკვნაში გადმოცემული დარღვევი მართებულად შეაფასა გამოვლენილი დარღვევები სკოლის დირექტორის მხრიდან შრომითი ურთიერთობის უხეშ დარღვევად, რამდენადაც, ხსენებული პოზიცია მოიცავს მათ შორის დირექტორის მენეჯერული უნარების ქონას, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობასაც მოიცავს მიუხედავად იმისა, დარღვევა გამოწვეულია თუ არა უფლებამოსილი პირის უშუალო მონაწილეობით, თუკი დამსაქმებელს მიადგა ზიანი და დირექტორმა წლების განმავლობაში არ განახორციელა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული კონტროლის ფუნქციები, ამგვარი ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამართლებულია მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლა. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობებზე მითითებას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეშად დარღვევის მოტივით ხელშეკრულების მოშლის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირვეი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს რა ფაქტების დამდგენ ინსტანციას, ამ სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენა დაუშვებელია, არამედ, შეფასების საგანი შეიძლება იყოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული მტკიცებულებების, მათ შორის სხდომის ოქმებში ასახული მხარეთა განმარტებების შეფასების სისწორე. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელსაც დაურთო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენი ნ.კ–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე. მართალია, ამ განაჩენს კასატორი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში ობიექტურად ვერ წარადგენდა, თუმცა, ეს გარემოება წერილობითი მტკიცებულების მიღებას, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ვერ დაედება საფუძვლად. ამასთანავე, პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლისთვის გადამწყვეტია მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა, იმგვარად, რომ მას დანაშაულის ჩადენაში არავინ ედავება, შესაბამისად, ხსენებული მტკიცებულება არ ამართლებს საკასაციო საჩივარს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატა უარს აცხადებს მის განსახილველად მიღებაზე და უბრუნებს მხარეს.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ.ს–ძეს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2019წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. ნ.ს–ძეს ასევე დაუბრუნდეს 13.05.2019წ. #ა-2248-19 განცხადებაზე დართული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გზავნილისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენის ასლი 12 (თორმეტი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი