საქმე №ას-1094-2019 18 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს.კ.უ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.თ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან ლიზინგის მიმღები), შპს „მ–ოს“ (შემდეგში: ლიზინგის გამცემი ან დამზღვევი) და გ.ხ–ს (შემდეგში: გამყიდველი) შორის, 2014 წლის 23 დეკემბერს, გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება L23122014/0043, შემდეგი პირობებით: ლიზინგის ვადა - ორი წელი; ლიზინგის საგანი - სატრანსპორტო საშუალება „MAZDA3“ სახელმწიფო ნომრით ...., რომელიც მფლობელობაში გადაეცა მოსარჩელეს და საკუთრების უფლებით აღირიცხა ლიზინგის გამცემის სახელზე; ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 7617,6 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 35-45).
2. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარებოდა სავალდებულო დაზღვევას ლიზინგის მიმღების ხარჯით (5.1 პუნქტი). სადაზღვევო პრემიის დაფარვა უნდა მომხდარიყო ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულების შემადგენელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაზღვევის საერთო ღირებულება შეტანილი იქნებოდა საერთო თანხაში, რომელიც ექვემდებარებოდა ლიზინგის მიმღების მიერ დაბრუნებას (5.2 პუნქტი). სადაზღვევო პოლისის თანახმად, ბენეფიციარი იქნებოდა ლიზინგის გამცემი კომპანია (5.3 პუნქტი; იხ. ტ.1, ს.ფ. 39).
3. ლიზინგის გამცემსა და სს „ს.კ.უ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) შორის, 2015 წლის 10 სექტემბერს, ერთი წლის ვადით გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეული იქნა ლიზინგის გამცემის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „MAZDA3“ სახელმწიფო ნომრით .... და გაიცა სადაზღვევო პოლისი № 1327460 (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 66-73; დაზღვევის პოლისი, ტ. 1, ს.ფ. 172; დანართი, ტ. 1, ს.ფ. 176).
4. ავტომობილის დაზღვევის პოლისით განისაზღვრა: დამზღვევი და მოსარგებლე - ლიზინგის გამცემი კომპანია; სადაზღვევო რისკები: ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ავტოტრანსპორტის ან მისი ნაწილების დაზიანება/განადგურება; სადაზღვევო პერიოდი - 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე; უფლებამოსილი მძღოლები - ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, ასაკობრივი ზღვარი 18-დან 70 წლამდე; უპირობო ფრანშიზა - ნულოვანი ფრანშიზა (ტ. 1, ს.ფ. 172).
5. ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის საერთო ღირებულება სრულად გადაიხადა (ტ. 1, ს.ფ. 46-64).
6. სალიზინგო ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა ლიზინგის მიმღების ხარჯით და სადაზღვევო პრემიის დაფარვა ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულების შემადგენელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად (5.1, 5.2 პუნქტები). ლიზინგის საერთო ღირებულების გადახდასთან ერთად, ლიზინგის მიმრებმა, ასევე, სრულად იქნა გადაიხადასადაზღვევო პრემია.
7. ქარელის რაიონის სოფელ რუისთან, 2016 წლის 12 მარტს, მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა ლიზინგის გამცემის კუთვნილი ავტომანქანა MAZDA3 სახელმწიფო ნომრით ..... სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა გ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელის მეუღლე), რომლის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისმობს მანევრირების წესების დარღვევას, რასაც შეჯახება მოჰყვა (ტ. 1, ს.ფ. 95-100, 101-103).
8. სამართალდამრღვევი მძღოლი არის ლიზინგის მიმღების მეუღლე და სადაზღვევო პოლისის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვაზე უფლებამოსილი პირია (ტ. 1, ს.ფ.157,172).
9. მზღვეველმა (მოპასუხემ) 04.04.2016წ. წერილით ლიზინგის გამცემს უარი განუცხადა ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე და უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების 6.15 მუხლის მე-2 პუნქტზე (ანაზღაურებას არ ექვემდებარება ქმედება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 829-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობების შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (ტ. 1, ს.ფ. 87, 88).
10. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ სალიზინგო კომპანიისაგან არაერთხელ მოითხოვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენება (ტ. 1, 116-118, 121, 122), თუმცა დამზღვევი (ლიზინგის გამცემი) უარს აცხადებდა დაეწყო სამართლებრივი დავა სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ.
11. ლიზინგის გამცემმა მიზანშეუწონლად მიიჩნია დავის დაწყება სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ და ლიზინგის მიმღებს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გულისხმობს პირის ბრალეული (განზრახ ან გაუფრთხილებელი) ქმედების არსებობას და იმ პირობებში, როდესაც არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლიზინგის მიმღების ბრალით, ლიზინგის გამცემს, როგორც დამზღვევს, მიზანშეუწონლად მიაჩნია დავის დაწყება და საწინააღმდეგოს მტკიცება სადაზღვევო კომპანიის (მზღვეველის) წინააღმდეგ (07.06.2016წ. და 08.07.2016წ. წერილები, ტ. 1, ს.ფ. 119-120, 123).
12. მოსარჩელემ (ლიზინგის მიმღებმა) 21.09.2016წ. წერილით, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მიმართა მოპასუხეს (ტ. 1, ს.ფ. 90-93), რომლის პასუხად პასუხად ლიზინგის გამცემმა მოსარჩელესგანუმარტა, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ლიზინგის გამცემმა კომპანიამ მზღვეველისაგან მიიღო წერილობითი პასუხი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარებოდა. ლიზინგის მიმღების მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელს დამზღვევმა აცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მესამე პირებისთვის კონფიდენციალური იყო და მოთხოვნილი დოკუმენტაცია ვერ გადაეცემოდა (ტ.1, ს.ფ. 94).
13. სასარჩელო მოთხოვნა
13.1. ლიზინგის მიმღებმა 2017 წლის 24 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს სადაზღვევო კომპანიის მიმართ და 2 300 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
13.2. სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.
14. მოპასუხის პოზიცია
14.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი არ არის. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი ეთქვა დამზღვევს, რადგან არ იყო გადახდილი სადაზღვევო პრემია და სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო უხეში გაუფრთხილებლობით.
15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ლიზინგის მიმღების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ის 316-ე, 317-ე, 349-ე, 799-ე, 836-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
16. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
16.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლიზინგის მიმღების სარჩელი დაკმაყოფილდა, მის სასარგებლოდ მზღვეველს 2 300 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 829-ე მუხლზე და განმარტა უხეში და მართივი გაუფრთხილებლობის გამიჯვნის შემთხვევები (იხ. ქვემოთ 17.9-17.11 ქვეპუნქტები), ასევე, მიუთითა სსკ-ის 408.1-ე მუხლზე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.
17.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ, მართალია, ლიზინგის გამცემი უშუალოდ დამზღვევ და დაზღვევით მოსარგებლე პირს წარმოადგენდა, თუმცა სადაზღვევო პრემიის გადახდის ეკონომიკური ტვირთის მატარებელი იყო მოსარჩელე - ლიზინგის მიმღები. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარებოდა სავალდებულო დაზღვევას ლიზინგის მიმღების ხარჯით (5.1 პუნქტი). სადაზღვევო პრემიის დაფარვა უნდა მომხდარიყო ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულების შემადგენელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად. დაზღვევის საერთო ღირებულება შეტანილი იქნებოდა საერთო თანხაში, რომელიც ექვემდებარებოდა ლიზინგის მიმღების მიერ დაბრუნებას (5.2 პუნქტი; ტ.1, ს.ფ. 39). შესაბამისად, თუ მზღვეველი აანაზღაურებდა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეულ ზიანს - შეაკეთებდა დაზიანებულ ავტომანქანას/გადაიხდიდა შეკეთების ღირებულებას/ სალიზინგო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემდეგ სწორედ მოსარჩელეს გადაეცემოდა საბოლოოდ საკუთრებაში შეკეთებული ავტომანქანა.
17.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გრაფიკის შესაბამისად, ლიზინგის მიმღებსლიზინგის საერთო ღირებულება უნდა გადაეხადა ყოველთვიური შენატანის სახით 23.01.2015წ. - 23.12.2016წ. პერიოდში, რის შემდგომაც ხელშეკრულების 15.8 მუხლის შესაბამისად, ლიზინგის გამცემი ლიზინგის მიმღებს გადასცემდა სატრანსპორტო საშუალებას საკუთრებაში, ეს უკანასკნელი კი ვალდებული იყო მიეღო იგი და საკუთარი ხარჯით გაეფორმებინა (ტ.1, ს.ფ.35-45).
17.4. ბოლო გადახდა ლიზინგის მიმღებს უნდა განეხორციელებინა 23.12.2016წ., თუმცა, საქმის მასალებით დგინდება, რომ ლიზინგის მიმღების მიერ 21.11.2016წ., ანუ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, განხორციელდა „კონტრაქტი L23122014/0043-ის წინსწრებით დაფარვა“ (ტ.1, ს.ფ.58). მოსარჩელის განმარტებით, მან ლიზინგის ხელშეკრულების ყველა პირობა სრულად შეასრულა და სარჩელის წარდგენის დროისათვის ავტომანქანა მისი საკუთრება იყო (ტ.1, ს.ფ.3).
17.5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ მოსარჩელის გამოკვეთილ ქონებრივ ინტერესზე. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა 12.03.2016 წ. და სადაზღვევო კომპანიამ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა 04.04.2016 წ. წერილით (ტ. 1, ს.ფ. 96, 87,88), ანუ ლიზინგის ვადის (23.12.2016წ.) ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე. მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგაც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ყოველთვიური სალიზინგო თანხის გადახდის ვალდებულებას და პარალელურად სალიზინგო კომპანიისგან (დამზღვევისაგან) აქტიურად ითხოვდა შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას. შესაბამისად, გასაზიარებელია მსჯელობა, რომ ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო შენატანის ყოველთვიურად კეთილსინდისიერად გადახდის, ხოლო მ–ვიანებით ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის თანხის სრულად მიღების შემდეგ, ამ უკანასკნელს დაკარგული ჰქონდა დაზღვეული ავტომობილის მიმართ სადაზღვევო ინტერესი, რაც გამოიხატა კიდეც სადავო ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე სადაზღვევო კომპანიასთან ფორმალურად წარმოებულ კომუნიკაციაში.
17.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ სალიზინგო ვალდებულების სრულად, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად შესრულებით და ლიზინგის საგნის საკუთრებაში მიღებით მოხდა ლიზინგის საგანზე - დაზღვეულ ავტომობილზე სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლების ლიზინგის მიმღებზე გადასვლა. სწორედ იგი გახდა დაზღვეულ ავტომობილზე რეალური სადაზღვევო ინტერესის მატერებელი სუბიექტი.
17.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო ინტერესი ის სამართლებრივი ინტერესია, რომელიც დამზღვევს გააჩნია დაზღვევის ობიექტის მიმართ. პირადი დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო ინტერესი მიმართულია დამზღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო ქონების დაზღვევისას - კი ქონების შენარჩუნებისაკენ. სადაზღვევო ინტერესი უნდა გაიმიჯნოს დაზღვევის ობიექტისგან. სადაზღვევო ინტერესი არ გულისხმობს მხოლოდ უფლებას დაზღვევის ობიექტზე ან მის ნაწილზე. სადაზღვევო ინტერესი მჭიდრო კავშირს გამოხატავს დამზღვევსა და დაზღვევის ობიექტს შორის. დაზღვევის ობიექტის ღირებულება გამოხატულებას ფულად ერთეულში პოულობს. სადაზღვევო ინტერესის ღირებულება კი შეიძლება ბევრად აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის ღირებულებას, რადგან სადაზღვევო ინტერესი მატერიალური და მორალური ინტერესების ერთობლიობაა (იხ.: ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.799, http://www.gccc.ge).
17.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ მოსარჩელის გამოკვეთილი ქონებრივი ინტერესის და დამზღვევის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საშუალების გამოყენებაზე უარის გაცხადების პირობებში, ლიზინგის მიმღებს აქვს უფლება, დაიცვას ინტერესები სასამართლო წესით და სალიზინგო კომპანიის (დამზღვევის) ნაცვლად თავად იდავოს კუთვნილ ავტომობილზე სადაზღვევო პერიოდში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
17.9. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს.
17.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევისას სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა მოსარჩელის (ლიზინგის მიმღების) მეუღლე, რომლის მიმართაც შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით - მანევრირების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება (ტ. 1, ს.ფ. 95-100, 101,102). საქმეში წარდგენილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 21.04.2016წ. წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარიმო ქვითარი გამოწერილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, მანევრირების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება და აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს შეჯახებას სიჩქარის გადაჭარბებით (ტ.1, ს.ფ. 101).
17.11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უამინდობისა და გზაზე წარმოქმნილი სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მძღოლმა (ლიზინგის მიმღების მეუღლემ) გაუფრთხილებლად იმოქმედა, არასწორი მანევრი გააკეთა, რასაც შედეგად ბორდიურთან შეჯახება მოჰყვა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლეოდა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას.
17.12. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.09.2016წ. ექსპერტიზის დასკვნის და 16.11.2016წ. წერილის შესაბამისად, ავტომობილზე MAZDA3 სახელმწიფო ნომრით ..... მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 2300 ლარს (ტ.1, ს.ფ.124-134).
17.13. მოპასუხეს ზიანის ოდენობა სადავო არ გაუხდია (იხ. შესაგებელი, ტ. 1, ს.ფ.139-150) და არც აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგოდ წარუდგენია რაიმე. ამდენად, დასაბუთებულია სარჩელი მოპასუხისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 2300 ლარის, ლიზინგის მიმღების სასარგებლოდ, დაკისრების თაობაზე.
18. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
18.1. მოპასუხემ (მზღვეველმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ლიზინგის მიმღების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
18.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუსგ #ას-1510-1425-2012, #ას-1217-1146-2012), ხოლო ზოგიერთ ნაწილში საერთოდ არ არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა; გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ასევე, სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; საქმე განხილულია პროცესუალური დარღვევებით, რამაც მტკიცებულებათა არასწორი შეფასება და ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა გამოიწვია, ზოგიერთი მტკიცებულება კი საერთოდ არ არის გამოკვლეული.
18.3. კასატორის განმარტებით, 2019 წლის 19 მარტს 11:55 საათზე დანიშნული იყო გადაწყვეტილების გამოცხადება, რომელზე დასწრებაც მხარეებისათვის სავალდებულო არ არის, შესაბამისად, მოპასუხე სხვა სხდომებიდან გამომდინარე არ აპირებდა გამოცხადებაზე დასწრებას. თუმცა, მოსამართლის თანაშემწემ, 19 მარტს 10:20 საათზე ტელეფონით აცნობა იურისტ ლ.ქ–ძეს, რომ 11:55 საათზე სხდომა გაგრძელდებოდა და არ იქნებოდა მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება. სააპელაციო სასამართლო დაუბრუნდა განხილვას და მტკიცებულებათა გამოკვლევას გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპიდან, რასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგში: სსსკ) არ ითვალისწინებს, ხოლო თუ საქმის განხილვა გადაიდო, მაშინ გადადებული საქმის შესახებ, კანონით დადგენილი წესით, სათანადო შეტყობინება უნდა ჰქონოდათ მხარეებს.
18.4. ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ სადაზღვევო პრემიას სადაზღვევო კომპანიაში იხდიდა ლიზინგის გამცემი და არა ლიზინგის მიმღები, დამზღვევი არ დაელოდებოდა მოსარჩელეს, ჩაურიცხავდა თუ არა იგი სესხისა და პრემიის თანხას, მზღვეველთან გადახდაზე პასუხისმგებელი იყო ლიზინგის გამცემი, როგორც დამზღვევი და მოსარგებლე.
18.5. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ნულოვან ფრანშიზაზე, რომელიც არის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის ფრანშიზა და არა- ნაწილობრივი ზიანის, შესაბამისად, მოთხოვნილ თანხას არ გამოაკლო ნაწილობრივ ზიანზე დადგენილი ფრანშიზა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია.
18.6. კასატორის განმარტებით, მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების შეფარდების შესაბამისად. ამას აკლდება ფრანშიზა ნაწილობრივ ზიანზე, მისი 10% - მინიმუმ 100 აშშ დოლარი. თუ სადაზღვევო ხელშეკრულებით ფრანშიზა არ არის გათვალისწინებული, იგი არც იწერება, ხოლო თუ ფრანშიზა აქვს, მაშინ ზარალის 0 %-ის ჩაწერა როგორი ქართულია, რეალურად პოლისში მითითებულია ზიანის 10%, მინიმუმ 100 დოლარი, ანუ თუ ზიანის 10% ნაკლებია 100 დოლარზე, მაშინ აკლდება 100 დოლარი. სადაზღვევო თანხა შეფარდებული საბაზრო ღირებულებაზე ანუ 5800 გავყოთ 6400 X100=90,62% (ე.ი. პროპორციის ცდომილება არის 90,62%). რაც შეეხება ზარალის ოდენობას, ანუ 2300 ლარი უნდა გამრავლდეს 90,62 %-ზე ანუ 2300X90,62%=215,74 ლარი (ეს თანხა არის პროპორციის თანხა). ამდენად, ზარალს ანუ 2300 ლარს უნდა გამოაკლდეს პროპორციის თანხა 215,74 ლარი და გამოაკლდეს ზარალის 10% (230 ლარი), მინიმუმ 100 აშშ დოლარი. მაგრამ რადგან 100 დოლარი მეტია 230 ლარზე და იგი 2016 წლის 12 მარტისთვის ლართან მიმართებით იყო 2,4258ზე, შესაბამისად, 100 დოლარი არის 242,58 ლარი და იგი მეტია 230 ლარზე, შესაბამისად, ზარალის ოდენობა არის 2300-215,74-242,58=1841,68 ლარი.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით სადაზღვევო კომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ სარჩელს პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი მხარე გააჩნია. დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა წარმოადგენს სარჩელის პროცესუალურ-სამართლებრივ გამოვლინებას, ხოლო მოპასუხისადმი მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მხარეა. ეს იმას გულისხმობს, რომ სარჩელს პროცესუალური თვალსაზრისით არ ექნება წარმატება, თუ მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით მოთხოვნა ნამდვილი, ან განხორციელებადი არ იქნება. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის განვრცობითი, და არა სიტყვა-სიტყვითი, განმარტების მიხედვით, მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ან პირების (კრედიტორი/ები) უფლებას, ხელშეკრულებიდან ან კანონიდან გამომდინარე ვალდებულების ძალით, მეორე პირისგან ან პირებისგან (მოვალე/ები) მოითხოვოს გარკვეული ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა – მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმიდან/ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს.
25. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 17.2-17.12 ქვეპუნქტებში ასახული ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს, როგორც დაზღვეული ნივთის მესაკუთრეს ჰქონდა სადაზღვევო ინტერესი, რომ სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება მიეღო (იხ. სუსგ #ას-733-1003-05, 21.10.05 წ.). ამდენად დასაბუთებულია და გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები სადაზღვევო ინტერესსის დოქტრინის საფუძველზე, რომლის მიზანია როგორც დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებს შორის კეთილსინდისიერი ურთიერთობის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა, ისე - საჯარო ინტერესის დაცვა, ასევე, მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაცვა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლი - ავტორი ქ. ირემაშვილი - www.gccc.ge - ველი 57-59). სწორედ სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის დაზღვეული ნივთის მესაკუთრედ და ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირად მიჩნევასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 17.4 და 17.6 ქვეპუნქტები), რადგან სალიზინგო ხელშეკრულების პირობების თანახმად, ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის გამცემის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რითაც დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრე და შესაბამისად, სადაზღვევო ინტერესის მქონე გახდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. კასატორის პრეტენზია, რომელიც 18.6 ქვეპუნქტშია მითითებული და ზიანის გაანგარიშებას ეხება, პირველ რიგში უსაფუძვლოა იმიტომ, რომ ასეთი შედავება მხარეს მის მიერ წერილობით წარდგენილ შესაგებელში არ აუსახავს, ამასთან, დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის მიხედვითაც.
28. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმასაც შეეხებოდა, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით წარმართა საქმის განხილვა, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა (იხ. ამ განჩინების 18.3 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილებაა მიღებული, რის გამოც საკასაციო საჩივრის მითითებული საფუძველი არ ქმნის საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილვბელად დაშვების წინაპირობას.
29. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება (სუსგ #ას-1510-1425-2012, #ას-1217-1146-2012), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული განჩინებები განსხვავდება განსახილველი საქმისგან, კერძოდ, კასატორის მიერ აღნიშნულ საქმეებში სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო ავტომობილის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, წინამდებარე საქმეში კი მოსარჩელის მეუღლის, ავტომანქანის მძღოლის, მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მართვას ადგილი არ ჰქონია, რაც მზღვეველს სადაზღვევო ზიანის ანაზღაურებაზე, სსკ-ის 829-ე მუხლით “მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით”\ გათვალისწინებული, უარის თქმის საფუძველს მისცემდა.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
32. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს.კ.უ–სი" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს.კ.უ–სი" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 18 აპრილი), 70% –210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე