საქმე №ას-1318-2019 1 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ა.ფ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ს–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისში, ......, სახლის პირველ და მეორე სართულზე, მდებარე 138,08 კვ.მ (ს/კ .....) ბინა ა.ფ–იას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სახელზეა რეგისტრირებული (ს. ფ. 31-33).
2. ქუთაისში, ..... მდებარე 130.76 კვ.მ ბინა (ს/კ .....) ლ.ს–ძის (შემდეგში: მოპასუხე) სახელზეა რეგისტრირებული (ს.ფ. 58).
3. ქუთაისში, ...... მდებარე 105.63 კვ.მ ფართი ეკუთვნის გ.ყ–ს (ს.ფ. 59).
4. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია 16,38+12,78+2,1=31,26 კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ქონება, რომელსაც მოპასუხე ფლობს.
5. მოსარჩელის, მოპასუხისა და გ.ყ–ის კუთვნილ ქონებას შორის ფიქსირდება ზედდება, კერძოდ, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული 130,76 კვ.მ. ფართიდან 16,38 კვ.მ ფართი შედის მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ფართის ნაწილში, ხოლო გ.ყ–ის სახელზე რეგისტრირებული ფართიდან მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ფართის ნაწილში შედის 14,88 კვ.მ ფართი (ს. ფ. 175-184, 222-241).
6. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საკუთრების უფლება, ამასთან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია არც საჯარო რეესტრისა და არც მოპასუხის უფლებების წარმოშობის საფუძვლები.
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ 2018 წლის 15 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
7.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ მოპასუხე მოსარჩელის საკუთრების უფლებას ხელყოფს, რის გამოც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრების სრულფასოვან გამოყენებაში.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე და 172-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 172.1, 183-ე, 312.1, 162.1 მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება (მისი ნაწილი) საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებაშიც არის რეგისტრირებული, რის გამოც მას ამ ქონების უფლება აქვს.
11.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაზე მხარეთა უფლებების დასადგენად, თავდაპირველად, ამ ქონებაზე მოპასუხის რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო საბუთის ან გარიგების ნამდვილობა უნდა დადგინდეს. თუმცა, ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნული არ მოუთხოვია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არ შეუძლია მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ მოუთხოვია.
11.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული ძალა არ აქვთ. მით უფრო, რომ მოპასუხის საკუთრებაში სადავო ქონების რეგისტრაციის კანონიერება და მის მიერ სადავო ქონების ფლობის მართლზომიერება ამ დავაში განხილვის საგანი არ ყოფილა და მსგავსი ფაქტები სასამართლოს არ დაუდგენია.
11.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შემთხვევაში, მას მფლობელობაში იმაზე ნაკლები ფართი დარჩება, ვიდრე საჯარო რეესტრის მონაცემებით აქვს რეგისტრირებული. ამიტომ მხოლოდ ის, რომ აპელანტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულთან შედარებით ნაკლებ ფართს ფლობს, ამ ფართზე მოპასუხის უფლების არარსებობას არ ადასტურებს.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
12.2. კასატორის განმარტებით ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საქმე, არ შეისწავლეს და არასწორი შეფასება მისცეს მას. მხედველობაში არ მიიღეს, რომ მოსარჩელემ მემკვიდრეობით მიიღო ქ. ქუთაისში ..... ს/კ ....., ფართი 138.08 კვ.მ, რომელშიც მოიაზრება საცხოვრებელი და სარდაფის ტიპის ფართიც, რომელიც სადავოდ იყო გამხდარი.
12.3. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ დაადასტურა, რომ ზუსტად იმავე ფართზე იყო დავა, რაზედაც სასამართლო გადაწყვეტილებით ყველა ინსტანციაში ჰქონდა წაგებული პროცესები მას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს სამოქალაქო საქმეზე პრეიუდიციული ძალა არ აქვს.
12.4. კასატორის ბინა მდებარეობს მხოლოდ პირველ სართულზე და არც ერთი კვ.მ არ მდებარეობს მეორე სართულზე, სწორედ აღნიშნულ საკითხში გასარკვევად წარუდგინა მოსარჩელემ სასამართლოს ნახაზები და მათი საქმეზე დართვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებით, საქმის სწორი შესწავლითა და გამოკვლევით, შესაძლებელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ კასატორი აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმებას და საკასაციო საჩივარზე დართული ნახაზების საქმეზე დართვას ითხოვს.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
19. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ის წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რასაც სარჩელში უთითებდა, რაც მოსარჩელეს (კასატორს) უძრავი ქონების მოპასუხისაგან გამოთხოვის უფლებას ანიჭებს.
21. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ ფართის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, საიდანაც ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას, სარჩელი წარუმატებელი და შესაბამისად უარყოფილია (სსკ-ის 172.1-ე მუხლი).
22. ამ განჩინების 12.4 ქვეპუნქტში ასახულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 380.2-ე მუხლს მოიხმობს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე კასატორის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ფ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე