Facebook Twitter

¹ბს-476-453(კს-06) 1 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. ჯ-ა

წარმომადგენელი _ ნ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სენაკის ფილიალის მიმართ და მოითხოვა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და ამავე კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნა 45 ლარის ოდენობით და მიუღებელი პენსიის, 1620 ლარის, ანაზღაურება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1953 წლის ოქტომბერში გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიაში, მსახურობდა საავიაციო ნაწილში ..........-ად. სამხედრო დავალების შესრულების დროს, 1955 წლის სექტემბერში, ჰაერში აფეთქდა თვითმფრინავი, რის შედეგადაც მიიღო მძიმე დამწვრობა და სიცოცხლისათვის საშიში, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა. მოსარჩელე 1957 წლის მარტში სამედიცინო კომისიის დასკვნის შედეგად, ცნობილ იქნა საბჭოთა არმიის პირველი ჯგუფის ინვალიდად და დაენიშნა სამხედრო ინვალიდობის პენსია 75 მანეთის ოდენობით, რომელსაც იღებდა აფხაზეთიდან დევნილობამდე. აფხაზეთიდან გადაადგილებისას მოსარჩელეს დაეკარგა საბუთები, მაგრამ შემორჩა სამხედრო ბილეთი და საპენსიო მოწმობა ¹........., გაცემული სოხუმის სოცუზრუნველყოფის მიერ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიმართა სენაკის რაიონის სოცუზრუნველყოფის ფილიალს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა, წარადგინა სამხედრო ბილეთი, საპენსიო მოწმობა და დაენიშნა მოხუცებულობის პენსია. შემდგომ მოხდა სამხედრო პენსიის მომატება და მისი კატეგორიის პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია გახდა 45 ლარი. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას ეკუთვნოდა არა 9,11 და 14 ლარი, რომელსაც ღებულობდა, არამედ 45 ლარი ყოველთვიურად.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2003 წლის 17 სექტემბერს განცხადებით მიმართა გაზეთ ,,ს-ის» რედაქტორს, რომლის დახმარებითაც 2003 წლის 9 დეკემბრიდან დაენიშნა სამხედრო პენსია 45 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხის მიერ პენსიის დროულად არდანიშვნით ვერ მიიღო 3600 ლარი. მოსარჩელემ, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა 36 თვის მიუღებელი პენსია 1620 ლარის ოდენობით.

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 2004 წლის 14 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე განაცხადა თვითაცილება და საქმე განსახილველად გადაეცა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სენაკის ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1620 ლარის ანაზღაურება, ხოლო მითითებული თანხის გადარიცხვა სენაკის ფილიალში დაევალა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ა. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 11 მაისის განჩინებით ა. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

2005 წლის 29 დეკემბერს ა. ჯ-ას წარმომადგენელმა ნ. ფ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ქუთაისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლე) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაში მიუთით, რომ 2003 წლამდე ა. ჯ-ას ინვალიდობის ჯგუფი მინიჭებული ჰქონდა საერთო დაავადებით და არა სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, სენაკის საექსპერტო ბიურომ კი, კომისიური წესით, 2003 წლის 9 დეკემბრიდან ცნო იგი სამხედრო ძალებში პირველი ჯგუფის დაინვალიდებულად და დაუნიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სასამართლოსთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ ა. ჯ-ას 1957 წლიდან _ სამხედრო სამსახურის გავლისას დაინვალიდებიდან მოყოლებული დანიშნული ჰქონდა პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსია, რასაც ღებულობდა კიდეც, აფხაზეთიდან დევნილობამდე, ხოლო აღნიშნული დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ა/რ გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის ¹108 ცნობით, შსს პ-ში მიმართვითა და სამხედრო ბილეთით, რომლებიც განმცხადებელს მანამდე არ წარუდგენია სასამართლოსთვის და ადვოკატურის მიმართვის საფუძველზე, 2005 წლის 27 დეკემბერს მოიპოვა გულრიფშის რაიონის გამგეობიდან ა. ჯ-ას სახელზე არსებულ საბუთებში. განმცხადებლის მტკიცებით, ხსენებული გარემოება წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 იანვრის განჩინებით ა. ჯ-ას წარმომადგენელ ნ. ფ-ის განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად _ იგი არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, მითითებას საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, აგრეთვე, გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებითაც დადასტურდებოდა განცხადების შეტანის ვადის დაცვა.

2006 წლის 20 იანვარს ა. ჯ-ას წარმომადგენელმა ნ. ფ-ემ აღნიშნული ხარვეზის გასწორების მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელშიც დააზუსტა გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ მიუთითა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, აგრეთვე, აღნიშნა, რომ 2005 წლის 7 დეკემბერს გულრიფშის რაიონის გამგეობაში მიტანილი მიმართვის საფუძველზე ა. ჯ-ას პირად საქმეში აღმოაჩინა ისეთი მტკიცებულება, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ა/რ გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის ¹108 ცნობა, რომლის არსებობაც ა. ჯ-ასათვის ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი და წარედგინა სასამართლოსთვის, გამოიწვევდა საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტას. ა. ჯ-ას წარმომადგენელ ნ. ფ-ის მტკიცებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის ვადა მის მიერ დაცულ იქნა, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში მოითხოვდა, რომლითაც ა. ჯ-ას უარი ეთქვა სარჩელის წარდგენის დღემდე წინა 3 წლის საპენსიო თანხის ანაზღაურებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით ა. ჯ-ას წარმომადგენელ ნ. ფ-ის განცხადება ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული მტკიცებულება _ ¹108 ცნობა აფხაზეთის ა/რ გაერთიანებულმა სამხედრო კომისარიატმა ა. ჯ-აზე გასცა 2000 წლის 5 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში წარსადგენად, იმ შეღავათების მისაღებად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იყო სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ განმცხადებლის მიერ დაცული არ იყო განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა _ ზემოაღნიშნული ცნობის წარდგენა შეეძლო როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჯ-ას წარმომადგენელმა ნ. ფ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დაიცვა განცხადების წარდგენის ვადა _ აფხაზეთის ა/რ გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის ¹108 ცნობის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოითხოვა საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით ა. ჯ-ას წარმომადგენელ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. ჯ-ასათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანამდე იყო ცნობილი მისი წარმომადგენლის მიერ მითითებული მტკიცებულების არსებობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ მისცემდა შესაძლებლობას, ხსენებული მტკიცებულება წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვის დროს ან მიეთითებინა მასზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, იმისათვის, რომ იგი დასაშვებად იქნეს ცნობილი. კერძოდ, აღნიშნული ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განმცხადებლის მიერ დაცული არ იყო განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა _ ზემოაღნიშნული ცნობის წარდგენა შეეძლო როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს და ა. ჯ-ასათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანამდე იყო ცნობილი მისი წარმომადგენლის მიერ მითითებული მტკიცებულების არსებობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ მისცემდა შესაძლებლობას, ხსენებული მტკიცებულება წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვის დროს ან მიეთითებინა მასზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ დაიცვა განცხადების წარდგენის ვადა _ აფხაზეთის ა/რ გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის ¹108 ცნობის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოითხოვა საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ჯ-ას წარმომადგენელმა ნ. ფ-ემ ვერ მიუთითა იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება, აგრეთვე, ვერ დაამტკიცა იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა. ჯ-ას წარმომადგენელ ნ. ფ-ის განცხადებაზე დართულ ¹108 ცნობაში აღნიშნულია, რომ ხსენებული ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ა/რ გაერთიანებულმა სამხედრო კომისარიატმა ა. ჯ-აზე გასცა 2000 წლის 5 დეკემბერს აფხაზეთის ა/რ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში წარსადგენად, იმ შეღავათების მისაღებად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იყო სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს არ დაუსახელებია რაიმე საპატიო მიზეზი, რის გამოც თავისი ბრალის გარეშე ვერ შეძლო ზემოთ მითითებული ცნობის, როგორც მტკიცებულების, წარდგენა სასამართლოში საქმის განხილვის დროს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ცნობა და კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული, ამავე ცნობაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება ვერ ჩაითვლება იმ მტკიცებულებად და გარემოებად, რომლებმაც შეიძლება დააფუძნოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კანონისმიერი საფუძვლის ფაქტობრივი არსებობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ჯ-ას წარმომადგენელ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჯ-ას წარმომადგენელ ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.