Facebook Twitter

საქმე №ას-1268-2019 31 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.პ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.მ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.პ–ძის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2019 წლის 10 მაისს 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის შესახებ ეცნობა 2019 წლის 23 აპრილს, სასამართლო შეტყობინების შესახებ სატელეფონო აქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ კი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა.

7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს და სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხე საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება წარდგენილი აქვს წარმომადგენელს. შესაბამისად, სასამართლოს სხდომის დანიშვნის შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნა ამ უკანასკნელისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა. გარდა ამისა, 2019 წლის 10 მაისს მოპასუხის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა საქართველოში და საქმეში ფიზიკურად ვერ მიიღებდა მონაწილეობას. შესაბისამად, არსებობს ორი საპატიო მიზეზი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეტოვებინა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

14. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2019 წლის 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ, რადგან მოპასუხე საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, სასამართლოს სხდომის დანიშვნის შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნა ამ უკანასკნელისთვის.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

20. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია სხდომის დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს როგორც მხარის წარმომადგენელს, ასევე პირადად მხარეს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს 2019 წლის 23 აპრილს კანონით დადგენილი წესით, სატელეფონო შეტყობინების გზით პირადად ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 145). შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია.

21. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს ასევე იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 10 მაისს მოპასუხის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა საქართველოში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

22. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ვერც აღნიშნულ პრეტენზიას გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

24. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მხარემ სასამართლო სხდომამდე წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. ასეთად ვერ მიიჩნევა თბილისის სააპელაციო სასამართლოში არაუფლებამოსილი პირის – ქ.ბ–ის მიერ შეტანილი განცხადება, რომელიც სასამართლოს წარედგინა 2019 წლის 10 მაისს, 17:02 საათზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 153) – სხდომის დამთავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ (სასამართლოს სხდომა დანიშნული იყო 2019 წლის 10 მაისს, 11:00 საათზე).

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ 2019 წლის 10 მაისს მოპასუხის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც სხდომაზე მისი გამოცხადება იყო შეუძლებელი, მხარეს უნდა დაესაბუთებინა რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნულის შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირება. თუმცა კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას ამ თვალსაზრისით.

26. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გარდა აპელანტის წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობისა, დადგენილია, ასევე, თავად აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტიც, რაც კერძო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, აპელანტი ვალდებული იყო და გონივრული დროც ჰქონდა იმისათვის, რომ საქმის განხილვაში პირადად მიეღო მონაწილეობა, თუმცა დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.პ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის საოქმო განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე