საქმე №ას-1493-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ს–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ს–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ს–ის (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ განქორწინების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრება.
3. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2015 წლის 30 მაისს დაბადებული ბ.ს–ის (პ/ნ: .....) რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის 150 ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის აღძვრიდან, 2019 წლის 5 თებერვლიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი ითხოვდა დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას და 150 ლარის ნაცვლად არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 50 ლარის დაკისრებას. ანუ დაკისრებული 150 ლარიდან იგი აღიარებდა 50 ლარს და სადავოდ ხდიდა 100 ლარს.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ დავის საგნის ფასი მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 1200 ლარს (100X12=1200), რაც ნაკლები იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე – 2000 ლარზე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი და უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი არის არაკონსტიტუციური, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მას სრულადაც რომ გაესაჩივრებინა, დავის საგნის ღირებულება მაინც 2000 ლარზე ნაკლები, 1800 ლარი იქნებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეს ფორმალურად მიეცა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში ასევე მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ.
11. კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა კერძო საჩივრის განხილვაზე დასწრების თაობაზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება და ვერც შუამდგომლობის ავტორი ასაბუთებს საქმის გარემოებათა გარკვევის მიზნით ზეპირი მოსმენის აუცილებლობას. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
19. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ალიმენტის ოდენობის 150 ლარიდან 50 ლარამდე შემცირება (იხ. ტ.1. ს.ფ. 90-98).
20. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა აპელანტის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1200 ლარით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ 100 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას (100 ლარი X 12 თვეზე). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგალითად, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), შეზღუდვას აწესებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლიც, რომელიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობად განსაზღვრავს მის ღირებულებას ქონებრივ-სამართლებრივ დავებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, №. 40174/08, §28-§33, 9 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, №. 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, №. 36659/04, §23-§36, 1 ივნისი, 2010 წელი).
24. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ ამ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ს–ის შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე