Facebook Twitter

საქმე №ას-92-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ი.ძ–ძე, შპს „გ.პ–ი“, შპს „მ.გ–ი“, შპს „ც–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ე.პ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა; თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 13 თებერვალს შპს „ე.პ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა ი.ძ–ძის (შემდეგში - თავდაპირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი), შპს „გ.პ–ის“, შპს „მ.გ–ისა“ და შპს „ც–ის“ (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც კომპანიები, მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, ნასყიდობისა და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. 2018 წლის 14 მარტს თავდაპირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა თავდაპირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა და მითითებულ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა:

4.1. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 21 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას საკუთრებად გადასცა სატრანსპორტო საშუალება, „ფორდ ტრანზიტი ფურგონი“, გამოშვებული 2009 წელს, საიდენტიფიკაციო ნომრით .....; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე;

4.2. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას საკუთრებად გადასცა სატრანსპორტო საშუალება, „მერსედეს ბენცი ფურგონი“, გამოშვებული 1999 წელს, საიდენტიფიკაციო ნომერით ....; სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე;

4.3. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 17 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიას საკუთრებად გადასცა სპეცტექნიკა დამტვირთველი „ტოიოტა“ (ელექტრო) და ამავე ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე;

4.4. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 18 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი 01.12.2017 წლით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი 01.72.14.014.619 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობა-ნაგებობიდან მე-2 სართულზე მდებარე 200 კვ. მეტრი სასაწყობე ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2017 წლის №892017230010 გადაწყვეტილების საფუძველზე;

4.5. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 18 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი 05.12.2017 წლით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობა-ნაგებობიდან მე-2 სართულზე მდებარე 219 კვ. მეტრი სასაწყობე ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2017 წლის №892017230058 გადაწყვეტილების საფუძველზე;

4.6. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 18 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი 05.12.2017 წლით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი ...... საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობა-ნაგებობიდან მე-2 სართულზე მდებარე 200 კვ.მ სასაწყობე ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.12.2017 წლის №892017230108 გადაწყვეტილების საფუძველზე;

4.7. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თავდაპირველ მოსარჩელეს 50 000 ევროსა და 26 000 ლარის გადახდა დაეკისრა შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ.

4.8. შეგებებული სარჩელი თანხის სარგებლობისათვის წლიური 8%-ის თავდაპირველ მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე უარყოფილ იქნა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის უარყოფა, მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის (წინამდებარე განჩინების 4.8) გაუქმების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნასყიდობისა და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

7.1. პალატამ მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას, რომლითაც კომპანიების მიმართ ნასყიდობისა და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში გადაწყვეტილება კი, მიღებული იყო არა პირველი მოპასუხის, არამედ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც სადავო ხელშეკრულების მხარეები იყვნენ და გასაჩივრების უფლებამოსილებაც მათ ჰქონდათ და არა - შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, რომელიც ამ იურიდიული პირების დირექტორია.

8. აღნიშნულ განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ და მოპასუხეებმა კერძო საჩივარი წარადგინეს შემდეგი დასაბუთებით:

8.1. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა და არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ყველა მოპასუხე კომპანიის დირექტორი და წარმომადგენელი სწორედ შეგებებული სარჩელის ავტორია, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებდა, როგორც მოპასუხე კომპანიების დირექტორი და წარმომადგენელი (რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება აქვს კომპანიების სახელით სასამართლოში საქმისწარმოების შესახებ). მოპასუხე კომპანიების უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი სრულად შეესაბამება სსსკ-ის მოთხოვნებს და სასამართლოს არ ჰქონდა განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.ძ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო შპს „გ.პ–ის“, შპს „მ.გ–ისა“ და შპს „ც–ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

10. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარეობს იმ პირთა წრე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივრონ კანონით გათვალისწინებული განჩინებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის კანონმდებელი კერძო საჩივრის სუბიექტებად მიიჩნევს სამართალწარმოების მხოლოდ იმ მხარეებს, რომელთა სამოქალაქო უფლებებსაც შეეხო გასაჩივრებული განჩინება, შესაბამისად, პირს შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მის წინააღმდეგაა გამოტანილი და სასამართლო აქტი უშუალოდ ზეგავლენას ახდენს მის უფლებებსა და მოვალეობებზე (შდრ. სუსგ №ას-1087-1037-2013, 3.10.2014 წელი).

11. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი პალატამ წარმოებაში მიიღო, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, არ არის მიღებული ამ უკანასკნელის მიმართ. ამდენად, ვინაიდან აპელანტს ლეგიტიმური ინტერესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მიმართ არ აქვს, იგი არაა კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი სუბიექტი.

12. სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის- წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

13. სსსკ-ის 368.1 მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის შინაარსს, კერძოდ იმას, თუ რას უნდა შეიცავდეს საჩივარი, მათ შორისაა იმ პირის დასახელება და მისამართი, რომელსაც შეაქვს საჩივარი (სსსკ-ის 368.1 „ბ“ მუხლი). ამასთან, თუ სააპელაციო საჩივარი შეაქვს თავად მხარეს, მაშინ მან უნდა მიუთითოს თავისი დასახელება და მისამართი, ხოლო, თუ სააპელაციო საჩივარი შეაქვს მხარის წარმომადგენელს, მაშინ მან უნდა მიუთითოს როგორც მხარის (აპელანტის), ისე - თავისი დასახელება და მისამართი. წრმომადგენელმა თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთიც უნდა დაურთოს საჩივარს (სსსკ-ის 368.4 მუხლი). თუ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს აპელანტის (თუ წარმომადგენელს შეაქვს, ამ უკანასკნელის) დასახელებასა და მისამართს ან საქმეში არ მოიპოვება და არც სააპელაციო საჩივარს არ ერთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის (თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) მიხედვით, სასამართლომ საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსება უნდა დაავალოს და ამისათვის დაუნიშნოს გონივრული ვადა.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. მითითებული ნორმა კი, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, იმპერატიულად ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, საჩივრის ავტორს დაავალოს ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს და განუსაზღვრავს ვადას მათ შესასრულებლად. ხარვეზიანი სააპელაციო საჩივრის წარდგენისას მხოლოდ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობაა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ნორმის სხვაგვარი განმარტება მხარის საპროცესო უფლებებს დააზიანებდა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ადვოკატმა ლ.ც–ძემ, რომელიც მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგენდა და სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებაც ჰქონდა (იხ. მინდობილობები, ტ.2, ს.ფ. 156-158). მართალია, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ადვოკატმა აპელანტად მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ერთი მხარე მიუთითა, თუმცა სააპელაციო საჩივრის შინაარსი ადასტურებს, რომ წარმომადგენელმა მოპასუხეთა სახელითაც გაასაჩივრა გადაწყვეტილება. წარმომადგენელი სააპელაციო მოთხოვნაშიც ცალსახად მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა იმ ნაწილშიც, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. სარჩელი კი, სწორედ კომპანიათა წინააღმდეგ იყო მიმართული.

16. ამდენად, ტექნიკური ხარვეზი - „აპელანტის“ გრაფაში აპელანტების სრულად მიუთითებლობა, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის და არა - სააპლაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან არაორაზროვნად დგინდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გასაჩივრება. ამასთან, ადვოკატი, რომელმაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა, შეგებებული სარჩელით მოსარჩელესთან ერთად, ყველა მოპასუხეს წარმოადგენდა. ამ ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის ნაცვლად, მისი განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს არ ჰქონდა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრების უფლებამოსილება, რომელიც კომპანიების წინააღმდეგ იყო მიმართული, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

17. ამდენად, რაკი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, სსსკ-ის 412-ე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ძ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. შპს „გ.პ–ის“, შპს „მ.გ–ისა“ და შპს „ც–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა

პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმე შპს „გ.პ–ის“, შპს „მ.გ–ისა“ და შპს „ც–ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი