Facebook Twitter

№ას-852-816-2014 27 დეკემბერი, 2019 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ბ.ხ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სსიპ გ.ს.ს–ი

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლანჩხუთის სატყეო უბნის ტყის მცველის 2013 წლის 21 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ბ.ხ–ძემ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწა თვითნებურად დაიკავა, შეღობა და ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად გამოიყენა.

2. ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით მოპასუხე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

3. სსიპ გ.ს.ს–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 5184.14 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას სახელმწიფომ გადასცა სარგებლობაში მოპასუხის საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც სოფლის წყალმომარაგების სისტემის განსათავსებლად იყო საჭირო. ამასთანავე, მან მიწა მოთხოვნისთანავე გაათავისუფლა. გარდა ამისა, მისი ქმედებით სახელმწიფოს ზიანი არ მისდგომია.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 5184.14 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

6.1. აპელანტის პრეტენზიის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი მას სახელმწიფომ გადასცა სარგებლობაში მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი იყო. აპელანტი იმაზეც მიუთითებდა, რომ მიწა მან მოთხოვნისთანავე გაათავისუფლა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. დუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით: მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმისწარმოება.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.

10.1. პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში-სსსკ-ის) 30920 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უდავოდ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით და ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილებით, სწორედ მოპასუხის მიერ სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდებოდა. პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა მოთხოვნის საფუძვლიანობა - სსკ-ის 992-ე მუხლის წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხის ბრალეული მოქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საპატიოდ მოსარჩელის გამოუცხადებლობა, შესაბამისად, უსაფუძვლოდ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ არსებობდა და ასეთი გარემოებების არსებობა არც სასამართლოს არ დაუდგენია.

11.2. სადავო მიწის ნაკვეთით მოპასუხე კანონიერად სარგებლობდა.

11.3. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა ზიანი. არ არის მითითებული, რომელი კანონის საფუძველზე, რა კრიტერიუმით დაიანგარიშეს ზიანი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

14. საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორი ასაჩივრებს როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის საბოლოო განჩინებას, ისე მის წინმსწრებ ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განჩინებას. რაკი ამ წინმსწრები განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრებას კანონი არ ითვალისწინებს და ის შეიძლება გასაჩივრდეს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, უპირველესად, სწორედ ამ განჩინების კანონიერება უნდა შემოწმდეს, ვინაიდან მისი უკანონოდ მიჩნევისა და გაუქმების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებაც გასაუქმებელი იქნება, რადგან წინმსწრები განჩინებით გაუქმებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი პირდაპირ ეწინააღმდეგება საბოლოო განჩინების შედეგს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო წესის მიხედვით, სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ ისაა, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით (საჩივრით), ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად. სასამართლოს იმ განჩინებების უსწორობასა და დაუსაბუთებლობაზე, რომლებიც შეიძლებოდა, გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით არ გასაჩივრებულა, აგრეთვე - იმ განჩინებებზე, რომლებზეც კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, შეიძლება მიეთითოს საბოლოო გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ სააპელაციო/საკასაციო საჩივარში. უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებები კანონის დარღვევითაა მიღებული, რამაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა განაპირობა, საკასაციო სასამართლო გააუქმებს როგორც შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე კანონის დარღვევით მიღებულ განჩინებებს. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-112-415-04, 4 მარტი, 2004 წ.; №ას-217-209-2013, 20 სექტემბერი, 2013 წ.; №ას-555-526-2015 23 ოქტომბერი, 2015 წ.).

16. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 2 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელი მიდიოდა სასამართლო პროცესზე, თუმცა გზაში შეფერხების გამო პროცესზე დააგვიანა 10 წუთი. მოსარჩელის წარმომადგენელი ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს და დააზუსტა, რომ პროცესი 2 ივლისს ჩატარდებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო ინფორმირებული იყო მხარის დავის მიმართ ინტერესის შესახებ, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა სსსკ-ის 233.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საპატიოდ მიიჩნია.

17. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საპატიო მიზეზად, კერძოდ, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ზემოხსენებული ნორმებით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ, საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს გაუფუჭდა მანქანა, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება, არ არის დადასტურებული არცერთი მტკიცებულებით. ამასთან, ამ ფაქტის დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, რამდენადაც მითითებული საპატიო მიზეზის თაობაზე მხარეს სასამართლოსათვის წინასწარ უნდა ეცნობებინა. მხარე არაფერს ამბობს, რომ შეფერხების შესახებ აცნობა სასამართლოს, მხოლოდ აღნიშნა, რომ შეფერხებამდე სასამართლოს დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა პროცესი გაიმართებოდა თუ არა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა (მოსარჩელემ) ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და ვერ წარადგინა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულებები, რაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

19. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია) (იხ. სუსგ №ას-356-338-2015, 3 ივნისი, 2015 წ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის (სააპელაციო მოსარჩელის) მოწინააღმდეგე მხარე (სააპელაციო მოპასუხე), არასაპატიო მიზეზით, არ გამოცხადდა 2014 წლის 2 ივლისს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე, რის გამოც, არ არსებობდა მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

20. საჩივრის ავტორი იმაზეც აპელირებდა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. პალატა არ იზიარებს ამ პრეტენზიას და მიუთითებს სსსკ-ის 387.2 მუხლზე, რომლის თანახმადაც, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. პალატა განმარტავს, რომ, ნორმის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არის მნიშვნელოვანი საქმეში წარმოდგენილი მასალები, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები. აპელანტი კი, მიუთითებდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას სახელმწიფომ გადასცა სარგებლობაში მოპასუხის საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც სოფლის წყალმომარაგების სისტემის განსათავსებლად იყო საჭირო. ამდენად, დამტკიცებულად მიიჩნევა, რომ აპელანტმა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება კანონიერად მოიპოვა, შესაბამისად, ის ამ ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების შესაძლებლობას, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სარჩელის მიხედვით, სადავო ნაკვეთის არამართლზომიერი (უკანონო) ფლობა წარმოადგენდა, რაც გაქარწყლდა აპელანტის ახსნა-განმარტებით, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, დამტკიცებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია, დაეყრდნოს მას გადაწყვეტილების მიღებისას.

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო. მართებულად დაამყარა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის ახსნა-განმარტებას, რომლის მიხედვითაც არ არსებობდა მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სსკ-ის 992-ე მუხლის წინაპირობები. ამასთან, როგორც აღინიშნა, არ ვლინდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლებისათვის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა. შესაბამისად, რაკი არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს, როგორც 2014 წლის 24 ივლისის განჩინება, ისე მის შემდგომ მიღებული 2014 წლის 25 ივლისის შემაჯამებელი განჩინება და ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ;

3. სსიპ გ.ს.ს–ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი