Facebook Twitter

¹ბს-479-456(კს-06) 25 ივლისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კორპორაცია «ქ-ის», შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფი

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

კორპორაცია «ქ-ის», შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და აღმასრულებელ ვ. ო-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების და ზიანის ანაზღაურების _ 2000 აშშ დოლარის ოდენობით დავალება /იხ.ს.ფ. 14-25/.

რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალა მოსარჩელეებისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ქ. თბილისში, ............. მე-...... კვ. მე-8 კორპ. პირველ სართულზე მდებარე 130 კვ.მ მეტრის ფართის ჩაბარება; 90 ლარის გადახდა გაწეული სააღსრულებო ხარჯების სახით; ასევე, 2000 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით /იხ.ს.ფ. 314-317/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ, თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის 2000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ 334-335/.

თბილისის სააღსრულები ბიუროს სააპელაციო საჩივარზე შპს «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და დამატებით 5000 აშშ დოლარის ანაზღაურების დავალება /იხ.ს.ფ. 352-356/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეების შეგებებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლები და განმარტა, რომ კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» დაზარალებულ მეანაბრეთა მიერ დარღვეულია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნები შეგებებული სააპელაციო საჩივრის 10-დღიან ვადაში წარდგენის თაობაზე, რადგან მათ სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდათ 2006 წლის 2 მაისს, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2006 წლის 5 ივნისს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, ხოლო კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს დამატებით 5000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, მაშინ, როცა საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეთა მიერ ამგვარი მოთხოვნა აღძრული არ ყოფილა /იხ.ს.ფ. 384-386/.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ ფოსტით, მათ პირადად არ ჩაჰბარებიათ, ჩაიბარეს მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა. აღნიშნულმა პირებმა კი, დროულად ვერ შეძლეს მათთვის სააპელაციო საჩივრის გადაცემა, რადგან მოსარჩელეთა ნაწილი თბილისში არ იმყოფებოდა, ზოგიერთი მათგანი კი იმ მისამართზე, სადაც გაიგზავნა სააპელაციო საჩივარი, არ ცხოვრობდა. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ვინაიდან მათ უშუალოდ არ ჩაჰბარებიათ სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 379-ე მუხლით დადგენილი 10-დღიანი ვადა მათ მიერ დაცულია.

ასევე, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მათ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფარგლებში, ვინაიდან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებული სააპელაციო საჩივრით კი ისინი გადაწყვეტილებას სწორედ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ასაჩივრებენ, ამასთან მოითხოვდნენ დამატებით 5000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია /იხ.ს.ფ. 399-400/.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით კორპორაცია «ქ-ის», შპს «ა-ას» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე, 379-ე მუხლები და განმარტა, რომ კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» დაზარალებულ მეანაბრეთა მიერ დარღვეულია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნები შეგებებული სააპელაციო საჩივრის 10-დღიან ვადაში წარდგენის თაობაზე, რადგან მათ სააპელაციო საჩივარი ჩაბარდათ 2006 წლის 2 მაისს, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2006 წლის 5 ივნისს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სასამართლო უწყებებით და გზავნილებით დადასტურებულია, რომ მეანაბრეთა ჯგუფს სხდომის დღის თაობაზე შეტყობინება და სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით ჩაჰბარდათ, შესაბამისად მათ მიერ დარღვეულია შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი საპროცესო ვადა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, ხოლო კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფმა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს დამატებით 5000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, მაშინ, როცა საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეთა მიერ ამგვარი მოთხოვნა აღძრული არ ყოფილა /იხ.ს.ფ. 402-404/. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის და 2006 წლის 30 ივნისის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393.2. და 394 «ე» მუხლების მოთხოვნები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეებს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრის ასლი და უწყება სასამართლოს სხდომის Dდღის ცნობის თაობაზე გაეგზავნათ 2006 წლის 25 აპრილს /იხ.ს.ფ. 138/, რომლებიც მეანაბრეებს ჩაჰბარდათ 2006 წლის 27 აპრილიდან _ 2006 წლის 2 მაისის ჩათვლით /იხ.ს.ფ. 341-351/. კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეების მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2006 წლის 5 ივნისს /იხ.ს.ფ. 352/ .

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის საფუძველზე /1997 წლის 14 ნოემბრის კანონის რედაქცია/ განმარტავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე აღჭურვილი იყო უფლებით, საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარედგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განაცხადა თუ არა მან უარი სააპელაციო საჩივარზე. 2005 წლის 23 ივნისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის განესაზღვრა კანონისმიერი საპროცესო ვადა _ 10 დღე, რომლის ათვლის მომენტად დადგენილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის ჩაბარების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება, სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, საპროცესო მოქმედება განახორციელოს კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლით დადგენილი კანონისმიერი ვადა წარმოადგენს პროცესის სუბიექტის _ მოწინააღმდეგე მხარისათვის განსაზღვრულ კონკრეტულ ვადას, კონკრეტული საპროცესო უფლების _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის რეალიზაციისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადისა, რომლის გაგრძელების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, საპროცესო კოდექსით დადგენილი კანონისმერი ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ სამართალწარმოების ყოველი მხარე თავად განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო უფლების რეალიზაციის საკითხს. კერძო საჩივრის ავტორი უფლებამოსილი იყო აღეძრა შეგებებული სააპელაციო საჩივარი 2006 წლის 12 მაისის ჩათვლით, რაც მათ მიერ არ განხორციელებულა, კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეთა მიერ საპროცესო უფლება შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის გამოყენებულ იქნა 2006 წლის 5 ივნისს, შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილია რა კანონისმიერი ვადა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» მეანაბრეთა ჯგუფის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას, კანონისმიერ ვადაში წარუდგენლობის _ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის გამო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ ფოსტით, მათ პირადად არ ჩაჰბარებიათ, ჩაიბარეს მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა; აღნიშნულმა პირებმა დროულად ვერ შეძლეს მათთვის სააპელაციო საჩივრის გადაცემა, რადგან მოსარჩელეთა ნაწილი თბილისში არ იმყოფებოდა, ზოგიერთი მათგანი კი იმ მისამართზე, სადაც გაიგზავნა სააპელაციო საჩივარი, არ ცხოვრობდა, რაც, კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოძახებული მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინი არ იმყოფებიან ადგილზე _ იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს, ანდა სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამასთან, უწყების მიმღები პირი ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია ადრესატის დროებით არყოფნის შემთხვევაში უწყების ჩაბარების პირობები.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ აცნობონ სასამართლოს. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება იგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ გზავნილის ჩამბარებელი პირების მიერ დროულად ვერ იქნა უზრუნველყოფილი სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი სააპელაციო საჩივრის ასლის ადრესატისათვის გადაცემა _ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არ წარმოადგენს სასამართლოსათვის საფუძველს, კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებელი საპროცესო მოქმედების შესრულებულად ჩათვლისათვის. ასევე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი, რომ ადრესატები არ იმყოფებოდნენ ქალაქში და აღნიშნული გარემოების გამო მათზე ვერ მოხერხდა სააპელაციო საჩივრის დროულად გადაცემა, ეკისრება სწორედ მხარეს, ადრესატს, რომელიც აღნიშნული საფუძვლით საპროცესო მოქმედებას ასრულებს კანონისმერი ვადის დარღვევით, მოცემულ შემთხვევაში კი ამგვარის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა ნაწილი სასამართლოს მიერ გაგზავნილ მისამართზე არ ცხოვრობს არ წარმოადგენს საფუძველს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გზავნილი მოსარჩელეთათვის გაგზავნილ იქნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო მისამართის ზუსტი მითითება, ასევე მისამართის შეცვლის შემთხვევაში სასამართლოს ინფორმირება მისამართის შეცვლის თაობაზე, სწორედ პროცესის სუბიექტების _ მხარეების საპროცესო მოვალეობას წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში მათ მიერ არ განხორციელებულა, შესაბამისად, სააპელაციო სასმართლოს მიერ უწყება გაგზავნილ იქნა სსსკ-ის 76-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით _ სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეგებებული სააპელაციო საჩივრით აღძრულ მოთხოვნაზე, საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენადაც მხარეები შეგებებული სააპელაციო საჩივრით დამატებით მოითხოვდნენ მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც მათ მოთხოვნას რაიონულ სასამართლოში არ წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მხარეები უფლებამოსილნი არიან გაასაჩივრონ გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყვეტილება მოსარჩელეების საწინააღმდეგოდაა გამოტანილი, ამასთან შეგებებული სააპელაციო საჩივრით დაუშვებელია მხარეთა მიერ ახალი მოთხოვნის აღძვრა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოში მოპასუხისათვის დამატებით 5000 აშშ დოლარის დაკისრება სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, ამგვარ მოთხოვნაზე არ უმსჯელია რა საქალაქო სასამართლოს მოთხოვნის არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს კანონისმიერი საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის საფუძველს, შესაბამისად, მოსარჩელე აღარ არის უფლებამოსილი, მოთხოვნა შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით აღძრას პირვანდელ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივართან ერთად განსახილველად, კანონისმიერი ვადის გაშვების გამო. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე, 390-ე, 399-ე, 408.3. 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კორპორაცია «ქ-ისა» და შპს «ა-ას» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისისა და 2006 წლის 30 ივნისის განჩინებები;

3. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.