საქმე №ა-2806-გან-4-2019 18 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ზ–ძე (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინების განმარტება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის/მოვალის სხვა ქონების რეალიზაცია
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი შ.ზ–ძის მიმართ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 9 547,72 აშშ დოლარის (საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს 4 500,37 აშშ დოლარი, სარგებელს _ 3 105 აშშ დოლარი (2013 წლის 3 იანვრიდან 2017 წლის 3 აპრილის ჩათვლით ძირი თანხის _ 4 500,37 აშშ დოლარის წლიური 18%-ის დარიცხვით), პირგასამტეხლოს _ 1 863 აშშ დოლარი, დაზღვევას _ 79,35 აშშ დოლარი), 2017 წლის 4 აპრილიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) თანხის სრულად დაფარვამდე წლიური 18%-ისა (სესხის ძირი თანხის _ 4 500,37 აშშ დოლარის, რაც ყოველთვიურად 57,50 აშშ დოლარს შეადგენს) და პირგასამტეხლოს (2017 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად ძირი თანხის დავალიანების 0,03%-ის, რაც დღეში 1,35 შშ დოლარს შეადგენს) დაკისრების თაობაზე, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ქ.ბათუმში, ..... მდებარე #...... უძრავი ქონება) რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ.ზ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 673,72 აშშ დოლარის, 2017 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ამ თანხის წლიური 10%-ის, ასევე პირგასამტეხლოს, 2017 წლის 4 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1 673,72 აშშ დოლარის 0,03%-ის გადახდა. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, ხოლო, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი ვალდებულების სრულად შესასრულებლად, განისაზღვრა მოვალის სხვა ქონების რეალიზაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „თ.ბ–მა“ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინების განმარტება, კერძოდ, იგი სრულად აუქმებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებას თუ ნაწილობრივ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა, ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უფლებადარღვეული პირის ინტერესების დაცვის მიზნით გადაწყვეტილების განმარტების უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ერთმნიშვნელოვანად არ უნდა გამომდინარეობდეს დასკვნა აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და, თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება, აღსრულდეს, თუმცა ეს საკანონმდებლო დათქმა არ უნდა განიმარტოს ვიწრო პოცესუალური თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულია ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისად შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა“ (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, განმარტების საგანს წარმოადგენს ქვემდგომი სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც სავსებით არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, უფრო მეტიც, მისი სამოტივაციო ნაწილი შეიცავს ამომწურავ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას თუ რა მოცულობით გაუქმდა გადაწყვეტილება და რა საკითხის დადგენის მიზნით დაუბრუნდა ქვემდომი ინსტანციის სასამართლოს საქმე. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კიდევ ერთ საკითხზე:
განჩინების განმარტების შესახებ განცხადების განხილვის მიზნით საკასაციო სასამართლომ წერილობით მიმართა ქვემდგომ სასამართლოს და მოითხოვა საქმის დროებით გადაგზავნა, თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო პალატას ფაქტობრივად დასრულებული ჰქონდა საქმის განხილვა და 2019 წლის 21 მაისს გამოიტანა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება სს „თ.ბ–მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, თუმცა, 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, საკასაცო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სწორედ საქმის წარმოების დასულების შემდგომ გადმოეცა საქმის მასალები განცხადების განმხილველ სასამართლო შემადგენლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „თ.ბ–ს“ აღარ გააჩნია განჩინების განმარტების მიმართ ინტერესი, ამასთან, ასეც რომ არ იყოს, თუკი სააპელაციო პალატა გასცდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინების მითითებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის დარღვევის მოტივით ეს გარემოება შეიძლება საკასაციო საჩივრის და არა განჩინების განმარტების მოთხოვნის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
ამდენად, საკასციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „თ.ბ–ის“ განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ.ბ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი