Facebook Twitter

საქმე №ა-5738-შ-175-2019 18 თებერვალი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.დ–ი

წარმომადგენელი - მ.ჭ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ქ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - ისრაელის სახელმწიფოს რიშონლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 05.03.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე №035690-08

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ისრაელის სახელმწიფოს რიშონლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 05.03.2009წ. №035690/08 გადაწყვეტილებით მეუღლეთა - ს.დ–სა და ხ.ქ–ს შორის 18.09.1997წ. რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. 16.12.2019წ. ს.დ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ისრაელის სახელმწიფოს რიშონლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 05.03.2009წ. №035690-08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობას ერთვის 04.09.2019წ. მტკიცებულება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2019წ. განჩინებით ს.დ–ს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს.დ–ის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს რიშონლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 05.03.2009 წლის №035690-08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2019წ. განჩინებით ს.დ–ს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ისრაელის სახელმწიფოს რიშონლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 05.03.2009წ. №035690-08 გადაწყვეტილების ამავე სასამართლოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ასლი და ამავე გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2019წ. განჩინება ს.დ–ის წარმომადგენელს - მ.ჭ–ძეს ჩაბარდა პირადად 2019 წლის 27 დეკემბერს.

7. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა 2020 წლის 6 იანვარს.

8. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-3772-შ-93-2018, 7 სექტემბერი, 2018 წელი).

10. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს.დ–ის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს რიშონლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 05.03.2009წ. №035690-08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, სსსკ-ის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.დ–ის შუამდგომლობა ისრაელის სახელმწიფოს რიშონლეციონის ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 05.03.2009 წლის №035690-08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე