საქმე №ას-1226-2019 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ხ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ნ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.ნ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 23 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის ადვოკატი (ორდერით) ხ.ნ–ი, გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (ადვოკატის ინფორმირების შედეგად) და მას გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ვალდებულება.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 24 მაისს და ამოიწურა 2019 წლის 6 ივნისს. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი კი ფოსტას ჩაბარდა დაგვიანებით, 2019 წლის 25 ივნისს (სასამართლოს გადაეცა 2019 წლის 8 ივლისს), რის გამოც სააპელაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების ვადა არასწორად აითვალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან და არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა დაგვიანებით;
10.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ 2019 წლის 23 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხის ადვოკატი ხ.ნ–ი. ეს უკანასკნელი მოპასუხის წარმომადგენლობას ახორციელებდა ორდერის საფუძველზე, მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოპასუხეს ხ.ნ–ისთვის მინდობილობა არ მიუცია და მისთვის არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი, მათ შორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მიუნიუჭებია. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი განემარტა გასაჩივრების უფლების არმქონე წარმომადგენელს. შესაბამისად, მას ვერ წარმოეშობოდა კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში გამოცხადებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება;
10.3. გასაჩივრების უფლების არმქონე წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის ცოდნა, მისთვის გადაწყვეტილების გამოცხადება და გასაჩივრების წესის განმარტება არ ნიშნავს მარწმუნებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის ცოდნას, გადაწყვეტილების გამოცხადებას და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტებას. ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (სატელეფონო შეტყობინებით ან სასამართლო უწყებით) ეცნობა თუ არა უშუალოდ გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირისთვის (მოპასუხე) არც ადვოკატის მეშვეობით და არც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. სასამართლოსთვის ცნობილი იყო მოპასუხის ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი კანადაში, თუმცა მოპასუხეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგაც, ახლო პერიოდში, არ მიუღია რაიმე შეტყობინება სასამართლოდან;
10.4. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე გასაჩივრების უფლების არმქონე ადვოკატის დასწრების გამო უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. სააპელაციო პალატის მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სამოქალაქო საქმეებზე, 2014 წლის №12, გვ. 26-32, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინება, საქმე №ას-1614-1608-2011). თბილისის საქალაქო სასამართლომ არ ჩათვალა, რომ მოპასუხე 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებული იყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით გამოცხადებულიყო სასამართლოში და 2019 წლის 28 მაისს მას თავისი ინიციატივით გაუგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი კანადაში;
10.5. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა უნდა აითვალოს არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის გასვლიდან, არამედ – ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი სასამართლომ მოპასუხეს გაუგზავნა 2019 წლის 28 მაისს. იგი მოპასუხეს 2019 წლის 11 ივნისს ჩაბარდა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 12 ივნისიდან. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ვადის უკანასკნელ დღეს, 2019 წლის 25 ივნისს ჩააბარა ფოსტას. შესაბამისად, მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია;
10.6. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება გასაჩივრების უფლებასაც მოიცავს, რომლის წინაპირობაც არის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის მიწოდება და სასამართლოს შესაბამისი აქტის ჩაბარების უზრუნველყოფა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა და არასწორმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფეტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გიორგი ნიკოლაევიჩ მიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით რეკომენდირებულია შემდეგი: როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს, ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა და არ უნდა ჰქონდეს ადგილი პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა გასაჩივრების 14-დღიანი ვადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
17. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
20. საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის მთავარ სხდომას, რომელზეც საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ხ.ნ–ი (იხ. ტ.1. ს.ფ. 43-56), რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის ინტერესებს იცავდა ორდერის საფუძველზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 36).
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
22. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
23. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე ორდერის საფუძველზე.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას, რომ მოპასუხე მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა, რადგან მოპასუხის ადვოკატს არ გააჩნდა ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლებამოსილება.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადება არის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემადგენელი ნაწილი, საქმის განხილვის დასკვნითი სტადია და წარმომადგენელი, რომელიც ორდერის საფუძველზე მონაწილეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში, საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს აღნიშნული განხილვის ყველა სტადიაზე, მათ შორის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
26. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოცხადებაზე მხარის წარმომადგენლის (რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში) დასწრება, ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება მხარე.
27. კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია მხარე წარმოადგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, არ არის უფლებამოსილი დაესწროს საქმის განხილვის დასრულების შედეგად გადაწყვეტილების გამოცხადებას, რაც სამართლებრივად მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
28. რაც შეეხება გადაწყვეტილების გასაჩივრებას, აღნიშნული წარმოადგენს მხარის უფლებამოსილებას და იგი თავად წყვეტს გაასაჩივროს თუ არა გადაწყვეტილება და მიანიჭოს თუ არა ადვოკატს სააპელაციო სასამართლოში საქმის გაგრძელების უფლებამოსილება. აღნიშნული კავშირში არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის უფლებამოსილებასთან. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, რომ იგი არ ესწრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ვალდებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
31. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, მოპასუხისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2019 წლის 24 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 6 ივნისს. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი კი ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 25 ივნისს (იხ. ტ.1. ს.ფ. 75-92), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის.
33. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
34. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებაზე (საქმე №ას-1614-1608-2011), აღნიშნულ განჩინებაში სასამართლომ განმარტა საქმის განხილვაში მხოლოდ ორდერის საფუძველზე მონაწილე ადვოკატის უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ორდერის საფუძველზე ადვოკატს შეუძლია შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ განჩინებაში მოცემულ განმარტებებსა და დასკვნებს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა მოცემულ შემთხვევაში მისი პოზიციის გასამყარებლად არ გამოდგება.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე