17 თებერვალი, 2020 წელი
№ას-1752-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.ს–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ს–ძე, ს.ს–ძე, ვ.ს–ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები), დ.ა–ა, ც.კ–ა (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის (დაზუსტებული მოთხოვნით) დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა, მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, ბ.ს–ძის, ს.ს–ძის, ვ.ს–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ მამკვიდრებლის - აწ. გარდაცვლილი ლ.დ–ძის დანაშთი ქონების 1/3 წილის (თითოეულს მთლიანი ქონების 1/9 წილი) მესაკუთრეებად ცნობას შემდეგ ქონებაზე: მდებარე ქ.თბილისი ......, ფართობი 44,51 კვადრატული მეტრი ს/კ ..... და აღნიშნულის საჯარო რეესტრში აღრიცხვას, დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით, ა.ს–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ან კასატორი) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში მოსარჩელეებს სოლიდარულად დაეკისრათ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ 1618 (ათას ექვსასთვრამეტი) ლარი და 33 (ოცდაცამეტი) თეთრი, ასევე მიღებული სამკვიდროს ფარგლებში დ.ა–ას და ც.კ–ას (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეეები) სოლიდარულად დაეკისრათ 1618 (ათას ექვსასთვრამეტი) ლარი და 33 (ოცდაცამეტი) თეთრი შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, რომელმაც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის წლისთავის ხარჯის 2100 ლარი ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით (შემდეგში - გასაჩივრებული განჩინება) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის (დაზუსტებული მოთხოვნით) დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივრის წარმოდგენისა და სახელმწიფო ბაჟის (771.65 ლარის) გადაუხდელობის გამო. კასატორს მიეცა 5-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 20 დეკემბერს ჩაჰბარდა.
6. 2019 წლის 26 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის მიერ 2019 წლის 25 დეკემბერს ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი განცხადება, რომლითაც კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელება იშუამდგომლა, იმ მიზეზით, რომ კასატორმა განსაზღვრულ პერიოდში აღნიშნული თანხის მოძიება ვერ შეძლო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის განცხადება ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად 7-დღიანი ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2020 წლის 13 იანვარს ჩაჰბარდა.
8. 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის მიერ 2020 წლის 20 იანვარს ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი განცხადება, რომლითაც კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება იშუამდგომლა, იმ მიზეზით, რომ არ დარღვეულიყო კასატორის კანონიერი ინტერესები და შესაძლებლობა მისცემოდა მას აეყვანა ახალი ადვოკატი, რადგან კასატორის ამჟამინდელი წარმომადგენელი იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა და შეეჩერებინა საადვოკატო საქმიანობა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის განცხადება ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად 5-დღიანი ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2020 წლის 5 თებერვალს ჩაჰბარდა.
10. 2020 წლის 12 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის მიერ 2020 წლის 11 თებერვალს ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის ნაწილში კასატორმა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 3 დღით გაგრძელება იშუამდგომლა საპენსიო კრედიტის აღებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინება კასატორს 2020 წლის 5 თებერვალს პირადად ჩაჰბარდა.
11.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 6 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 10 თებერვალს ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ - 11 თებერვალს ფოსტით გამოაგზავნა მხოლოდ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და დანარჩენ ნაწილში კვლავ ხარვეზის შესავსები საპორცესო ვადის გაგრძელება იშუამდგომლა.
11.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა