საქმე №ას-1576-2019 18 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ლ.ლ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ლ.ლ–მა” (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის” (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მოხმარებული წყლის უკანონოდ დარიცხული გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
2. სარჩელში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: 2013 წლის 12 აგვისტოს ლ.ღ–ძესა და მოსარჩელეს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, მოსარჩელე მხარეს იჯარით გადაეცა მეიჯარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ავტოსამრეცხაო, კაფე-რესტორანი და მოტელის ტიპის სასტუმრო. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს გადაეცა უძრავი ნივთი დროებით სარგებლობის უფლებით, კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულებით, რაც გულისხმობდა წყლის მომარაგების საფასურის გადახდას არსებული ორი მომარაგების წყაროდან, კერძოდ: ე.წ ქალაქი წყალი (შპს ჯ.უ.ე.ფ–ი” მრიცხველი №1094448) და მერე ჭაბურღილიდან (მრიცხველი №11023230) მოხმარებული წყლის მრიცხველიდან გამომდინარე გადასახადს. 2013 წლის სექტემბრის თვეში დაზიანდა ჭაბურღილის ტუმბო, რამაც შეაფერხა ობიექტის წყალმომარაგება და გამართული მუშაობა. გამომდინარე იქიდან, რომ დაზიანებული ტუმბოს აღდგენა დაკავშირებულია ტექნიკურ სირთულეებთან და დროსთან, მოსარჩელემ გადაწყვიტა თავად შეეკეთებინა და თვითნებურად მოახდინა მოპასუხის წყაროზე არსებული მილის გადაერთება ჭაბურღილის მრიცხველზე, საიდანაც ძირითადად ხორციელდება წყალმომარაგება. 2013 წლის 03 დეკემბერს აღნიშნულ ობიექტზე გამოცხადდნენ მოპასუხე კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობისა და წყლის გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც აღმოაჩინეს დარღვევა მილის გადაერთების სახით, რაზეც შეადგინეს აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №001765. ჭაბურღილის მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენების შესაბამისად განხორციელდა თანხის დარიცხვა 58 282 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელე მხარის განმარტებით არ შეეფერება სინამდვილეს. აღნიშნული ჩვენება ჭაბურღილი მრიცხველზე მიმდინარეობდა მრიცხველი დამონტაჟების პერიოდიდან, რომლის საფასურსაც მოსარჩელე იხდიდა ობიექტის მესაკუთრის ლ.ღ–ძის სახელზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ მრიცხველზე ნაჩვენები გახარჯული წყლის რაოდენობის თავის სასარგებლოდ ჩათვლა და თანხის დარიცხვა არ შესააბამება სინამდვილეს და 56 327 გადახდისგან უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელე და გადასახდელ თანხად განესაზღვროს 1953 ლარი.
3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში აღნიშნა, რომ ობიექტს უნდა გააჩნდეს წყალმომარაგების ორი წყარო, თუმცა, რეალურად მოსარჩელე კომპანიას გააჩნია ერთი წყარო - მოპასუხე კომპანიის სახით. მოპასუხემ განმარტა, რომ მართლაც შედგა მოსარჩელის მიმართ აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი და მოსარჩელეს კანონიერად დაერიცხა დავალიანება.
4. 2014 წლის 03 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სასამართლომ განიხილა მოპასუხის შუამდგომლობა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, 2014 წლის 03 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საჩივრით მოსარჩელის მიერ.
5. 2015 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ამავე სასამართლოს 2014 წლის 03 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილ საჩივარზე და მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 241-ე, 233-ე და 215.3 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სხვა საქმის განხილვაში, რომელიც იხილებოდა სისხლის სამართლის წესით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროცესო გახანგრძლივდა და წარმომადგენლებმა მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვაზე გამოცხადება ობიექტურად ვერ შეძლეს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელს არ ჰქონდა დავის მიმართ ინტერესი დაკარგული. შესაბამისად, გაგრძელდა მოცემული დავის განხილვა.
6. 2016 წლის 14 ივნისს მოპასუხემ წარმოადგინა შეგებებული სარჩელი მოსარჩელისათვის ზიანის - 27 678 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. შეგებებული სარჩელი დაეფუძნა სსკ-ის 992-ე მუხლსა და სემეკის „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებს“, ხოლო ფაქტობრივ გარემოებად მიეთითა, რომ აღურიცხავი წლით სარგებლობის პერიოდში, რამაც შეადგინა 113 დღე, მოხმარების 24 საათიანი რეჟიმი მილის დაიმეტრის მიხედვით, მოპასუხეს მიადგა 27 678 ლარის ზიანი.
7. 2017 წლის 23 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოსარჩელე, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ მოითხოვა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის უარყოფა.
8. 2017 წლის 23 ოქტობრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 229-ე და 233-ე მუხლების საფუძველზე სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ ზიანის სახით 27678 ლარის გადახდა.
9. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სასამართლომ იხელმძღვანელა სსსსკ-ის 230.2 მუხლით, სსკ-ის 992-ე მუხლითა და 26.11.2008წ.-ის N32 დადგენილებით დამტკიცებული სემეკის „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას ზიანის ანაზღურების შესახებ.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. საჩივრის ავტორმა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარმოებაზე, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, თუმცა, დარბაზში შუქი იყო ჩამქრალი, აქედან გამომდინარე ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარეც არ იყო ჯერ მოსული და არ შევიდა სხდომის დარბაზში.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 5 მარტს იმსჯელა მოსარჩელის საჩივარზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ამავე სასამართლოს 23.10.2017წ-ის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განჩინებაზე მოსარჩელემ წარდგინა სააპელაციო საჩივარი.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პ -10 ში მითითებული გარემოება. ამასთან, აღნიშნა, რომ აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა მოთხოვნის იურიდიული უმართებულობის საფუძვლით, რაც არ იქნა გაზარებული. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კომპანია რეგისტრირებულია მოპასუხე კომპანიის მონაცემთა ბაზში. საიჯარო ფართი მის სარგებლობაშია 2013 წლის 12 აგვისტოდან. 2013 წლის 3 დეკემბერს კომპანიამ გამოავლინა სასმელი წყლის აბონენტის მიერ დატაცება, რაზეც ამავე თარიღით შეადგინა აღურიცხავი წლის მოხმარების აქტი N001765. აღურიცხავი სასმელი წყლის მოხმარების ფაქტს ადასტურებს თავად მოსარჩელე 2014 წლის 21 იანვრის სარჩელით. წყლის დატაცების შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 27 678 ლარს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდა სსკ-ის 992-ე მუხლის მოთხოვნას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა აპელანტის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება.
16. კასატორის მისაზრებით, აპელანტს ინფორმაცია საქმის მსვლელობის, ასევე, საქმის განხილვის თაობაზე არ მიუღია. სასამართლომ, მოახდინა მხოლოდ შპს „ლ.ლ–ის“ პარტნიორის, კ.კ–ძის ინფორმირება, ისიც ცალკეულ საკითხებზე. ეს კი მხარესთან კომუნიკაციას არ წარმოადგენს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მხარეს წაერთვა საკუთარი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.
17. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ერთ-ერთი მხარის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა, თუნდაც არასაპატიო მიზეზით, ავტომატურად არ იწვევს გადაწყვეტილების მის საწინააღმდეგოდ გამოტანას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. სადავო საკითხს წარმოადგენს თანხის დარიცხვისას გამოყენებული მეთოდოლოგია, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მის ოდენობაზე. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, თანხის დარიცხვა ხდება სხვადასხვა მეთოდით. ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის დადგენა არასაკმარისია რომელიმე მეთოდის გამოყენებისა და დასარიცხი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად. მეთოდის შერჩევისთვის აუცილებელია სხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენაც. სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია მოპასუხის მონცემთა ერთიან ბაზაში, საიჯარო ფართი მის სარგებლობაშია 2013 წლის 12 აგვისტოდან და 2013 წლის 03 დეკემბერს კომპანიის თანამშრომლებმა გამოავლინეს წყლის დატაცების ფაქტი - არ იძლევა თანხის დარიცხვის მეთოდის შერჩევის შესაძლებლობას. კერძოდ, გადაწყვეტილებიდან არ ვლინდება - როდის მოხდა მილის გადაერთება, რას შეადგენდა წყლის მოხმარება და ა.შ. მაგალითად - ის, რომ მოსარჩელე აბონენტად იყო რეგისტრირებული და იჯარის ხელშეკრულება გააფორმა 2013 წლის 12 აგვისტოს არ ნიშნავს, რომ მან მილის გადაერთება სწორედ 2013 წლის 12 აგვისტოს მოახდინა. სასამართლოს აღნიშნული ფაქტი არც დაუდგენია. სხვა საკითხია, რომ ასეთი რამ დაუჯერებელიცაა. როგორც ვხედავთ, უგულებელყოფილი იქნა ის გარემოებები, რომელთა გარეშეც თანხის შეგებებული სარჩელით განსაზღვრული ოდენობით დაკისრება ობიექტურად შეუძლებელია. გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ მის სამოტივაციო ნაწილში ნახსენებიც არ არის „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილება - სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა დაკისრებული თანხის ოდენობა.
18. ამასთან, სასამართლომ არავითარი ყურადღება არ მიაქცია კასატორის განმარტებას, რომლის თანახმადაც მისი წარმომადგენელი დადგენილ დროს გამოცხადდა საქმის განხილვაზე, მაგრამ ნახა რა, რომ დარბაზში შუქი არ ენთო - იქ აღარ შესულა, რის გამოც გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
21. კასატორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში (სასარჩელო წარმოებაში) ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მონაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
23. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენელობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მაგალითად, მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსკ 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია (სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
24. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, რა უნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება სურვილზე. ამიტომ, საქმე უნდა იქნეს განხილული და გადაწყვეტილი გამოუცხადებელი მხარის მონაწილეობის გარეშე.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ერთ–ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას იმ მხარის წინააღმდეგ, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე. დაუსწრებელი წარმოება – ეს ისეთი წარმოებაა, რომლის დროს საქმის განხილვაში არ მონაწილეობს ერთ–ერთი მხარე – მოსარჩელე ან მოპასუხე, რომლებიც გაფრთხილებულები იყვნენ კანონით დადგენილი წესით. საქმის დაუსწრებელი წარმოების მნიშვნელობა მთლიანად განპირობებულია საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებისა და ამ საქმის განხილვის დამთავრების ინტერესებით.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყთვეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებლ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ (როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას ( როცა არ ცხადდება მოპასუხე).
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, როგორც წესი, დაკავშირებულია სასამართლოს მიერ არაერთი მოქმედების შესრულების განხორციელებასთან (გადაწყვეტილების მომზადება, მისი მხარისათვის ჩაბარება, საჩივრის დასაშვებობის შემოწმება, საჩივრის განხილვა და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ გამოდგეს გაუმართლებელი და მოხდეს სასამართლოს რესურსების მართლზომიერი გამოყენება, მხარე ვალდებულია, დროულად აცნობოს სასამართლოს, რომ ვერ ახერხებს სასამართლოში გამოცხადებას და დაასაბუთოს გამოუცხადებლობის საპატიობა. მსგავსი განცხადების არსებობისას და გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენისას, სასამართლო უარს განაცხადებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, მსგავსი მოქმედებათა განხორციელება შედის არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მხარის ინტერესებშიც.
28. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 10 თებერვალი, 2017 ; იხ.სუსგ №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016; № ას-589-564-2016, 16 ნოემბერი, 2016.).
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ: 1. სასამრთლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე (მისი წარმომადგენელი); 2. მოსარჩელეს ან მის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლოს სხდომის დანიშვნის თაობაზე; 3. მოსარჩელემ არ აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის შესახებ; 4. მოსარჩელის გამოუცხადებლობა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა გამოწვეული არ იყო საპატიო მიზეზით; 5. მოპასუხემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება. (ეს შუამდგომლობა უნდა აისახოს ოქმში ან დაერთოს საქმეს, თუ წერილობით იყო წარმოდგენილი), რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოუცხადებელი მოსარჩელის წინააღმდეგ ანუ არ დააკმაყოფილოს სარჩელი. (შდრ. სუსგ №ას-37-37-2018, 16 მარტი, 2018; №ას-1109-1029-2017, 18 ოქტომბერი, 2017; №ას- 156-152-2016, 08 აპრილი, 2016) .
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში არ არის გამორიცხული შემთხვევები, რომ მხარე, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, კვლავ არ გამოცხადდეს დანიშნულ დროს იმ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე განიხილება არსებითად. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს მის მიმართ განმეორებით (მეორე) დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, რომელიც მეორედაა გამოტანილი ერთი და იმავე პირის (მხარე) სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის გამო. ამიტომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც თუმცა მეორედ გამოაქვს სასამართლოს, მაგრამ არა იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც იყო გამოტანილი პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არ იქნება განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იგი შეიძლება გასაჩივრდეს, როგორც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა. სააპელაციო და საკასაციო საჩივრისგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე მუხლით. ( შდრ. სუსგ № ას-1380-1397-2011, 14 დეკემბერი, 2011).
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განმეორებითი (მეორე) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებია: 1. იმავე პირის მიმართ, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, უკვე არსებობს ერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც თუმცა მეორედ გამოაქვს სასამართლოს, მაგრამ არა იმ პირის მიმართ, ვიზეც ადრე იყო გამოტანილი პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება - არ იქნება მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან მნიშვნელობა არა აქვს ეს პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებულია თუ არა. 2. მიმდინარეობს სასამართლო სხდომა არა საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, არამედ ამ საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ან სხდომა, რომელეზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ განიხილება საქმე არსებითად. 3.არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა წინაპირობა ანუ არ არსებობს მისი გამოტანისათვის კანონით გათვალისწინებული ხელის შემშლელი გარემოებები (სსსკ-ის 233-ე მუხლი). (იხ.დამატებით: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.407).
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დაუსწრებლი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას ითვალისწინებს არა მარტო პირველ ინსტანციაში, არამედ სააპელაციო სასამართლოშიც. დაუსწრებელი წარმოება სააპელაციო ინსტანციაში ხასიათდება მნიშვნელოვანი თავისებურებებით. დაუსწრებელი წარმოების ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სსსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ დაიშვება დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება იმ მხარის მიერ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი წინამძღვრები.
34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების თანახმად, დაიშვება, თუ მხარე, რომელის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაამტკიცებს, რომ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ე) არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლოში და ამავდროულად, ვერ შეძლო სასამართლოს წინასწარ ინფორმირება. შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
35. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, კერძოდ, „მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას“. „გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები“. (შდრ.სუსგ №ას-914-876-2014, 19 თებერვალი, 2014; №-ას-1243-1166-2015, 09 მარტი, 2016.).
36. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა. (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018.).
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 06 მარტი, 2017. ).
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215.3 მუხლის მნიშვნელობით გამოუცხადებლობის საპატიოობის მტკიცების ტვირთი გამოუცხადებელ მხარეს ეკისრება, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს (აპელანტი, კასატორი), რომელმაც აღნიშნული გარემოება ვერ დაადასტურა, ხოლო კასატორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი დადგენილ დროს გამოცხადდა საქმის განხილვაზე, მაგრამ ნახა რა, რომ დარბაზში შუქი არ ენთო - იქ აღარ შესულა, რის გამოც, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არ წარმოადგენს სსსკ-ის 215.3 მუხლის მიზნიდან გამომდინარე იმ საპატიო გარემოებას, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიოობას დაადასტურებდა (იხ., კასაციის საფუძვლები - პ. 18).
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
40. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
41. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
42. საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
43. რაც შეეხება ამ განჩინების პ.17 მითითებულ საკასაციო პრეტენზიებს, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილებიდან არ ვლინდება - როდის მოხდა მილის გადაერთება, რას შეადგენდა წყლის მოხმარება და ა.შ. მაგალითად - ის, რომ მოსარჩელე აბონენტად იყო რეგისტრირებული და იჯარის ხელშეკრულება გააფორმა 2013 წლის 12 აგვისტოს არ ნიშნავს, რომ მან მილის გადაერთება სწორედ 2013 წლის 12 აგვისტოს მოახდინა, აღნიშნულ საკითხზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან სსკ-ის 229-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მოსარჩელის გამოუცხადებლობა), განსხვავებით სსკ-ის 230-ე მუხლისაგან (მოპასუხს გამოუცხადებლობა), დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს, სასამართლო არ ამოწმებს სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები ( ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018.). მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, 400). ამასთან, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სსსკ-ის 230.2 მუხლის მნიშვნელობით (იხ., ამ განჩინების პპ.9,14) წარმოშობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს „ლ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ლ.ლ–ს“ (ს.კ ......) უკან დაუბრუნდეს კ.კ–ძის მიერ 15.11.2019-ში საგადასახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1383.90 ლარის) 70% – 968.73 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე