Facebook Twitter

საქმე №ას-1550-2019 18 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ.ქ–ი’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ი.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სს ,,კ.ქ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობაში უკანონოდ ხელის შეშლის აღკვეთა და მოსარჩელის მიწის ნაკვეთიდან მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 13 ოქტომბერს შეიძინა ქალაქ ყვარელში, ..... მდებარე უძრავი ქონება. შეძენის დროს უძრავი ქონება უფლებრივად უნაკლო იყო, მათ შორის, არ იყო სერვიტუტით დატვირთული. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზი გადის, რომლითაც ელექტროენერგია მოპასუხეს მიეწოდება. გადამცემი ხაზი მოსარჩელეს საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში ხელს უშლის. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის მოთხოვნით მოპასუხეს განცხადებით მიმართა, მაგრამ მოპასუხემ მოთხოვნა უარყო. მოსარჩელემ 2017 წლის 7 ნოემბერს დამატებით გაუგზავნა წერილობითი თხოვნა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, უარყოფილი იქნა მოთხოვნა. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გვერდის ავლით ყოველგვარი დაბრკოლებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე გაატაროს, თუმცა, მოპასუხე ხაზის გადატანის ვალდებულებას თავს არიდებს.

3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში აღნიშნა, რომ გადამცემი ხაზის არსებობის შესახებ მოსარჩელემ იცოდა, რადგან ელექტროგადამცემი ხაზი მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე არსებობდა. ელექტროგადამცემი ხაზი აშენებულია 1993-1998 წლებში და მისი გადატანა ფიზიკურად შეუძლებელია.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ხელშეშლის აღკვეთისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7. 13.10.2016 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ყვარელში, ....., ს/კ N...... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1929.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით N1-280 კვ.მ.), წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 10.10.2016, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია - 13/10/2016წ.

8. 01.09.2016 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ყვარელში, ......, ს/კ N ...... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1929.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით N1-280 კვ.მ., წარმოადგენდა გ.მ–ძის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია: მიღება-ჩაბარების აქტი N1781; დამოწმების თარიღი: 01.09.2016წ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 01 სექტემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ყვარელში, ....., ს/კ N ....., იმყოფებოდა კერძო პირის საკუთრებაში.

9. ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 11 მარტის N50 დადგენილებით, შუამდგომლობა გაეწია სს ,,ქ–ს’’ ყვარლის სატყეო მეურნეობისა და საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე, რათა გრძელვადიანი იჯარით გადაცემოდა მას ყვარლის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული წყალსაცავი ,,ჩალის ზღვა’’, მიზნობრივი ელექტროენერგიის წარმოებისათვის და შესაბამისი მიწის ფართი უშუალოდ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა-ექსპლოატაციის მიზნით. დადგენილების შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ სს ,,ქ–ს’’ განზრახული აქვს ყვარლის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავზე ააშენოს 1800 კვ.მ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომლის პროექტი დამუშავებულია. პროექტის შესაბამისად, უკვე შემოტანილია ტურბინა-გენერატორები და სხვა მასალები, ნაწილობრივ დამონტაჟებულია საჰაერო ელექტრო ხაზის საყრდენი მასალები, გაყვანილია შესაბამისი წყალგამშვები არხი.

10. ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 11 მარტის N50 დადგენილებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998 წლამდე, ყვარლის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავზე 1800 კვ.მ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენების მიზნით, პროექტის შესაბამისად, უკვე შემოტანილი იყო ტურბინა-გენერატორები და სხვა მასალები, ნაწილობრივ დამონტაჟებული იყო საჰაერო ელექტრო ხაზის საყრდენი მასალები, გაყვანილი იყო შესაბამისი წყალგამშვები არხი.

11. დადგენილი იქნა ისიც, რომ მოპასუხე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფლობს „ჩალა ჰესს“, რომელიც განკუთვნილია როგორც გაერთიანებულ ენერგოსისტემაში სამუშაოდ, ისე ქ. ყვარლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის. ჰესი ორი საფიდერო უჯრედით უერთდება ყვარელი-ახალსოფელს შორის გამავალ 10 კვ. ელეტროგადამცემ ხაზს, ხოლო მესამე უჯრედით 9 კმ. სიგრძის 10 კვ გადამცემ ხაზს (1993 წელს დამტკიცებული იქნა ჩალის ჰესის გარე მიერთების მუშა პროექტი და ლოკალური ხარჯთაღრიცხვის განმარტებითი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩალის ჰესი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში ქ. ყვარლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მისგან 8 კვ.მ.-ის დაშორებით და განკუთვნილია, როგორც გაერთიანებული ენერგოსისტემაში სამუშაოდ, ისე, ქ. ყვარლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის. ჩალის ჰესის მოსაწყობად გამოყენებულია ჩალის წყალსაცავის ბაზაზე არსებული ირიგაციული სისტემის 740 მ სიგრძის მონაკვეთი წყალსაცავიდან ყვარელი-ლაგოდეხის ტრასამდე 495.0 და 288.0 მ ნიშნულების შორის. ჰიდროელექტროსადგურის ენერგოსისტემაზე მიერთება ხდება შემდეგი პირობებით: ჰესი 2 ფიდერი უჯრედით უერთდება ყვარელი ახალსოფელს შორის გამავალ 10 კვ.მ. ელექტროგადამცემ ხაზს, ხოლო, მესამე, უჯრედით დასაპროექტებელი 9 კვ.მ. სიგრძის 10 კვ.მ. გადამცემი ხაზით ქ.ყვარლის 35/10 კვ.მ. ქვესადგურს, საიდანაც დაკმაყოფილებული იქნება უშუალოდ ქ. ყვარლის მომხმარებლები. საპროექტო ჰესის ქსელში ჩართვის ამგვარი სქემა საშუალებას იძლევა ენერგოსისტემის მუშაობის შესაბამისად დარეგულირდეს ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გაცემა ან ქ.ყვარლიოს ქვესადგურში ან საერთო ქსელში). აღნიშნული ჰესი ჩართულია საქართველოს ელექტროსისტემაში, მთელი თავისი სიმძლავრით შემდეგი ტექნიკური პირობების დაცვით: „...4. 10 კვ. ფ. „ქ–იდან“ გამომავალი 9,5 კმ.-ის სიგრძის ელექტროგადაცემის ხაზით, რომელიც მოპასუხის ბალანსზეა, „ჩალა ჰესი“ დაკავშირებულია 35/10 კვ. ქს „ყვარელის“ 10 კვ. გამანაწილებელი მოწყობილობის ფ. „ჩალა ჰესთან“.

12. სსიპ ,,ე–ის’’ 21.12.2000 წლის 07-04/899 ცნობის თანახმად, სს ,,ქ–ის’’ კუთვნილი ,,ჩალაჰესი’’ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია და მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობებს. ,,ჩალაჰესი’’ მზადაა საექსპლუატაციოდ (ტომი 1; ს/ფ 74);ტომი 1. ს.ფ. 91-93-ზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, კი 1. ჩალის ჰესის ჰიდროაგრეგატების სამონტაჟო-გაშვების სამუშაოების მიღება-ჩაბარების 28.10.2000 წლის აქტით, კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს 24.10.2005 წლის ცნობით, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 07 მაისის წერილით, ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის 2000 წლის 22 სექტემბრის N21N00002 აქტით, დასტურდება, რომ ელექტროგადამცემი ხაზი შესულია ექსპლუატაციაში 2000 წლიდან; სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხის კუთვნილი 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით №......

13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადენილად იქნა მიჩნეული, რომ ხაზის მშენებლობა 1993-1999 წლებში განხორციელდა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზი შესულია ექსპუატაციაში 2000 წლიდან. ამავე გარემოებას სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებდა ტომი 1, ს.ფ.96-ზე წარმოდგენილი მიმართვა, საიდანაც იკვეთება გარემოება მასზედ, რომ ჩალის წყალსაცავზე ჰესის მშენებლობა დაიწყო 1993 წლის 20 აგვისტოს საქართველოს გარემოება და ბუნებრის რესურსების დაცვის სამინისტროს Nეე-2/39 „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის“ დასკვნის საფუძველზე.

14. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხის საკუთრებაშია ,,ჩალა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურიდან გამომავალი 10 კვ. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც მოპასუხეს ელექტროენერგია მიეწოდება. გადამცემი ხაზი 2000 წლიდან შესულია ექსპუატაციაში და იგი მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კვეთს.

15. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც მოპასუხის კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს. სწორედ ამ ხაზის ექსპლუატაციიდან გამომდინარე ხელშეშლის აღკვეთას მოითხოვდა მოსარჩელე და უთითებს, რომ მას, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, უძრავი ქონების შეხედულებისამებრ განკარგვაში ეშლება ხელი. მოსარჩელის მოთხოვნა კი, (ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა, ხელშეშლის აღკვეთა) მოპასუხე სს ,,კ.ქ–ის’’ მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებს ეფუძნება.

16. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა, კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი ასახულია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.მოცემულ საქმეში, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხის მიერ მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების ხელყოფას. მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეული იქნა ის, რომ მოპასუხე ხელს უშლის მას საკუთრებით სარგებლობაში, ამასთან, ხელშეშლით ზიანი ადგება მას. მოსარჩელე მიუთითებდა ხაზობრივი ნაგებობის უკანონობის თაობაზე. კერძოდ, განმარტავდა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაშია შესული 2000 წლიდან, თუმცა, იგი კანონით დადგენილი წესით, არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და შესაბამისად, წარმოადგენს უკანონო ნაგებობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) განმარტავდა, რომ 2015 წლიდან მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოთხოვნით, მოეხდინათ ხაზოვანი ნაგებობის რეგისტრაცია, რაზედაც, მარეგისტრირებელმა ორგანომ უარი განაცხადა. ამ საკითხზე, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დავა სასამართლოში. მოპასუხის განმარტებით, საჯარო რეესტრში, მის მიერ წარდგენილი იყო როგორც პროექტი, ასევე, საკუთრების სხვადასხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღნიშნულ ხაზოვან ნაგებობაზე. ამასთან. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია 2016 წლის 01 სექტემბერს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოებაში მითითებულია საკადასტრო გეგმა, სადაც ნათლად ჩანს, ხაზობრივი ნაგებობის არსებობა.

18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა დანაწესით, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: (დ) ხაზობრივი ნაგებობა – „... ელექტროგადამცემი ხაზი...“; (თ) რეგისტრაცია - „ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების [...] რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით“; კანონის მე-11 მუხლის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: საკუთრება.კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: (ა) გირავნობა (გარდა ფინანსური გირაოსი, რომლის რეგისტრაცია რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად); (ბ) ლიზინგი; (გ) საბანკო გარანტია; კანონის 23-ე მუხლს „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უფლების [...] წარმოშობა, [...] ცვლილება და [...] შეწყვეტა [...] არ ექვემდებარება რეგისტრაციას.

19. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები; ამავე ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების (შენობა-ნაგებობის) არსებობა დგინდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავ ნივთად (მის არსებით შემადგენელ ნაწილებად) არ მიიჩნევა წიაღისეული, მცენარეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, დროებითი, არაკაპიტალური ან/და ისეთი ხაზობრივი ნაგებობები/ობიექტები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, გარდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა;

20. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 1-20 კვ.-მდე სიმძლავრის ელეტროგადამცემი ხაზი განეკუთნება IV კატეგორიის ნაგებობას; დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად:ლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს, ხოლო 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ხაზობრივი ნაგებობები – „[...] IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზები“.

21. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარე არა ყველა უფლება, არამედ ისეთი, რომლის რეგისტრაციასაც ითვალისწინებს კანონი. ეს არის ე.წ. „რეგისტრაციაუნარიანი“ ან „რეგისტრაციასავალდებულო“ უფლება, რომელიც რეგისტრაციით წარმოიშობა და აგრძელებს არსებობას მანამ, სანამ არსებობს მისი რეგისტრაცია. ასეთ უფლებას მიეკუთვნება, მაგალითად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ან მოძრავ ნივთზე გირავნობა-ლიზინგი; დაუშვებელია, რეესტრს დაევალოს იმ უფლების რეგისტრაცია, რომელსაც არ გააჩნია ე.წ. „რეგისტრაციაუნარიანი“ ხასიათი. აქედან გამომდინარე, ასეთ ხაზოვან ნაგებობას არ გააჩნია „რეგისტრაციასავალდებულო“ ხასიათი.

22. ამასთან, აპელანტი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ელექტროგადამცემი ხაზი 1993-1999 წლებში არ აშენებულა, რაც არ იქნა გაზიარებული ამ განჩინების პ.13-ში მითითებული მოტივაცით.

23. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ თუკი მიჩნეული იქნებოდა, რომ ხაზი 2000 წელს აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ 2016 წლის მდგომარეობით, მოსარჩელე მხარის საკუთრებაში რიცხული ქონება უფლებრივად უნაკლო იყო და მესაკუთრისათვის ხელშეშლა მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედებიდან მომდინარეობდა. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება 2016 წლის ოქტომბერში შეიძინა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მიჩნეული იქნება, რომ გადამცემი ხაზი, რომელიც უძრავ ქონებას კვეთს აშენდა 2000 წელს და ამ წლიდან იმყოფება ექსპლუატაციაში, 2016 წელს მოსარჩელე გახდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც უკვე გადიოდა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი. იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო ამგვარი უძრავი ქონება, მიუთითებს იმაზე, რომ ქონების შეძენის მომენტისთვის მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის განმარტება, რომ ნასყიდობის მომენტისთვის ქონება უფლებრივად უნაკლო იყო, საფუძველს მოკლებულია.

24. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდა მანამ, სანამ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლება დარეგისტრირდებოდა, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მესაკუთრის შეცვლა გადამცემი ხაზის გადატანის ვალდებულებას არ წარმოშობს.

25. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 487-ე და 489-ე მუხლების შესაბამისად, შემძენი მესამე პირთან მიმართებაში იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელია, რაც ნივთის შეძენამდე არსებობდა და უფლებრივი ნაკლის თაობაზე ვალდებულებითი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, მყიდველს - კრედიტორს პრეტენზია, მხოლოდ გამყიდველის - მოვალის მიმართ შეიძლება გააჩნდეს.

26. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილება, რომლითაც დამტკიცებულია ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“. მოცემული ნორმატიული აქტით დარეგულირებულია ელექტრული ქსელის მფლობელსა და მიწათმოსარგებლეს შორის ურთიერთობები. იგი ამ უკანასკნელს გადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გარკვეული სახის შეზღუდვებს უწესებს და იმავდროულად ავალდებულებს, რომ ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან ელექტრული ქსელის მფლობელ პირს გაუწიონ დახმარება ამ წესის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფაში.

27. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტით იზღუდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც გადამცემი ხაზის დაცვის ზონაშია მოხვედრილი და შეზღუდვის ფარგლები დამოკიდებულია ელექტრული ქსელის სახეობაზე.

28. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ე" ქვეპუნქტის მიხედვით დაცვის ზონა შეადგენს 10 მეტრს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი განაპირა სადენებიდან. ამავე წესის მე-4 მუხლში ჩამოთვლილია ის შეზღუდვები, რომლებიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს უწესდებათ.

29. საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონის და საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილებით დამტკიცებული წესი ერთობლიობაში ქმნის იმ ნორმატიულ საფუძველს, რომლის მიხედვითაც იზღუდება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები, რომელი უძრავი ქონებაც ელექტრული ქსელის დაცვის ზონაშია მოხვედრილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრის უფლება კანონმდებლობითაა შეზღუდული, არ შეიძლება მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით გამოწვეული ხელშეშლა არამართლზომიერ ქმედებად ჩაითვალოს.

30. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერი ხელშეშლა, მეორე სასარჩელო მოთხოვნის (ხაზის გადატანის დავალდებულების შესახებ) დაკმაყოფილების წინაპირობებიც ვერ იარსებებს.

31. ამასთან, წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.

32. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი (მოსარჩელე), რომელიც დაინტერესებული პირია, ითხოვს რომ მოპასუხემ ხაზი თავისი ხარჯით გადაიტანოს, რისი ვალდებულებაც მოპასუხე მხარეს არ ეკისრება.

33. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადამცემი ხაზის გადატანა ტექნიკურად შესაძლებელია.

34. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების არამართლზომიერ შეზღუდვას ადგილი არ ჰქონდა და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მოპასუხეს გადამცემი ხაზის საკუთარი ხარჯით გადატანის ვალდებულებას დააკისრებდა.

35. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა (მოსარჩელე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

36. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა, თითქოს ელექტრო გადამცემი ხაზი იყო კანონიერი და ის ხელს არ უშლიდა მოსარჩელეს. 2016 წელს მოსარჩელემ შეიძინა უფლებრივად უნაკლო ნივთი, რაც დადასტურებული იყო საჯარო რეესტრის ამონაწერით, თუმცა როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს, რომ მოსარჩელემ იცოდა ნივთის ნაკლოვანების შესახებ და სადავო ელექტრო გადამცემ ხაზს არანაირი რეგისტრაცია არ სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ აღიარა, რომ ის ედავებოდა საჯარო რეესტრს გადამცემი ხაზის რეგისტრაციის მოთხოვნით.

37. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სადავო ქონების პირველადი საკუთრების უფლების არსებობასა და მის რეგისტრაციაზე, არ შეაფასა რა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონება 1998 წელს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე იყო მოსარჩელის საკუთრება, ელექტრო გადამცემი ხაზი კი ექსპლუატაციაში შევიდა 2000 წელს. შესაბამისად, ამ დროისთვის, უძრავი ქონება უკვე იყო კერძო საკუთრება, რის გამოც, ანძა მოხვდა სხვის საკუთრებაში.

38. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მტკიცება, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ხელშეშლის ფაქტის დადასტურება, აზრს მოკლებულია, რადგან აშკარაა, რომ ასეთი სახის ელექტრო გადამცემი ხაზი იქიდან გამომდინარე, რომ მოქცეულია დაცვის ზონაში, საფრთხეს უქმნის მოსარჩელესა და მის ოჯახს.

39. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც შეძლებდა ელექტრო გადამცემი ხაზის კანონიერ მესაკუთრეობის დადასტურებას

40. სასამართლომ თავისი მოტივაციის ერთ-ერთ საფუძველად მიუთითა მთავრობის დადგენილება, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ნორმატიული აქტების შესახებ კანონში მოცემული იერარქია, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული ძალა ზემდგომია მთავრობის დადგენილებასთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან გამოდინარე და 172-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით, რომელიც ასევე არასწორად იქნა განმარტებული, უნდა დაედგინა ხელშეშლის არსებობა.

41. კასატორი შუამდგომლობს, რომ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს ექპერტიზის დასკვნა და აღნიშნავს, რომ მას სურვილი ჰქონდა აღნიშნული დასკვნა საქმისათვის დაერთო სააპელაციო სასამართლოში, რაზედაც უარი განუცხადეს. ამ მტკიცებულებით კი, დაადგენდა, რომ ელექტრო გადამცემი ხაზი მიწის ნაკვეთზე უსაფრთხოებისა და კანონის დარღვევით გადის.

სამოტივაციო ნაწილი:

42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

43. კასატორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ივლისის განჩინების კანონიერებას, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ხელშეშლის აღკვეთისა და ქმედების დავალდებულების თაობაზე სარჩელის უარყოფის შესახებ და წარმოდგენილ საკასაციო შედავებას იმავე გარემოებებსა და მოსაზრებებზე აფუძნებს, რასაც ეფუძნება მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელსაც ამომწურავად გაეცა პასუხი სააპელაციო სასამართლოს მიერ. კერძოდ, კასატორი უარყოფს, რომ უძრავი ქონების შეძენის დროისათვის ქონება ნაკლიანი იყო და ეს მოსარჩელემ იცოდა. იგი აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია 1998წ.-ს, ხოლო მოპასუხე აცხადებს, რომ ელ.გადამცემი ხაზი ექსპლოატაციაში შევიდა 2000წ.-ს ანუ, ექსპლოატაციაში შესვლის დროისათვის მიწის ნაკვეთი კერძო პირის საკუკთრება იყო. შესაბამისად, კასატორი უარყოფს ელ.გადამცემი ხაზის უძრავ ქონებაზე განლაგების კანონიერებას.

44. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს დასაშვები საკასაციო შედავება წარმოდგენილი არ აქვს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 13.10.2016 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ყვარელში, ......, ს/კ N ...... (ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1929.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით N1-280 კვ.მ.), წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 10.10.2016, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია - 13/10/2016წ (იხ., ამ განჩინების პ.7). დადგენილია ისიც, რომ ხაზის მშენებლობა 1993-1999 წლებში განხორციელდა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზი შესულია ექსპუატაციაში 2000 წლიდან. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ტომი 1, ს.ფ.96-ზე წარმოდგენილი მიმართვით, საიდანაც იკვეთება, რომ ჩალის წყალსაცავზე ჰესის მშენებლობა დაიწყო 1993 წლის 20 აგვისტოს საქართველოს გარემოება და ბუნებრის რესურსების დაცვის სამინისტროს Nეე-2/39 „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის“ დასკვნის საფუძველზე (იხ., ამ განჩინების პ.13).

45. რაც შეეხება ელ.გადამცემი ხაზის განლაგების უკანონობას, ამ ნაწილში, მოსარჩელე (კასატორი) მიუთითებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაშია შესული 2000 წლიდან, თუმცა, იგი კანონით დადგენილი წესით, არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და შესაბამისად, წარმოადგენს უკანონო ნაგებობას.

46. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არც აღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას გააჩნია ვარგისი საფუძველი, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლიდან მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოთხოვნით, მოეხდინათ ხაზოვანი ნაგებობის რეგისტრაცია, რაზედაც, მარეგისტრირებელმა ორგანომ უარი განაცხადა. ამ საკითხზე, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დავა სასამართლოში. მოპასუხის განმარტებით, საჯარო რეესტრში, მის მიერ წარდგენილი იყო როგორც პროექტი, ასევე, საკუთრების სხვადასხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღნიშნულ ხაზოვან ნაგებობაზე. ამასთან. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია 2016 წლის 01 სექტემბერს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოებაში მითითებულია საკადასტრო გეგმა, სადაც ნათლად ჩანს, ხაზობრივი ნაგებობის არსებობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების პპ:18-20-ში მითითებული მსჯელობით დაასკვნა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება არა ყველა უფლება, არამედ ისეთი, რომლის რეგისტრაციასაც ითვალისწინებს კანონი. ეს არის ე.წ. „რეგისტრაციაუნარიანი“ ან „რეგისტრაციასავალდებულო“ უფლება, რომელიც რეგისტრაციით წარმოიშობა და აგრძელებს არსებობას მანამ, სანამ არსებობს მისი რეგისტრაცია. ასეთ უფლებას მიეკუთვნება, მაგალითად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ან მოძრავ ნივთზე გირავნობა-ლიზინგი; დაუშვებელია, რეესტრს დაევალოს იმ უფლების რეგისტრაცია, რომელსაც არ გააჩნია ე.წ. „რეგისტრაციაუნარიანი“ ხასიათი. აქედან გამომდინარე, ასეთ ხაზოვან ნაგებობას არ გააჩნია „რეგისტრაციასავალდებულო“ ხასიათი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ თუკი მიჩნეული იქნებოდა, რომ ხაზი 2000 წელს აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ 2016 წლის მდგომარეობით, მოსარჩელე მხარის საკუთრებაში რიცხული ქონება უფლებრივად უნაკლო იყო და მესაკუთრისათვის ხელშეშლა მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედებიდან მომდინარეობდა.

47. დადგენილი იქნა, ისიც რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება 2016 წლის ოქტომბერში შეიძინა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მიჩნეული იქნება, რომ გადამცემი ხაზი, რომელიც უძრავ ქონებას კვეთს აშენდა 2000 წელს და ამ წლიდან იმყოფება ექსპლუატაციაში, 2016 წელს მოსარჩელე გახდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც უკვე გადიოდა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი. იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო ამგვარი უძრავი ქონება, მიუთითებს იმაზე, რომ ქონების შეძენის მომენტისთვის მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის განმარტება, რომ ნასყიდობის მომენტისთვის ქონება უფლებრივად უნაკლო იყო, საფუძველს მოკლებულია.

48. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდა მანამ, სანამ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლება დარეგისტრირდებოდა, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მესაკუთრის შეცვლა გადამცემი ხაზის გადატანის ვალდებულებას არ წარმოშობს. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების პ.26-34-ში მითითებულ სააპელაციო პალატის მოსაზრებებსა და დასკვნებს.

49. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს არც ამ განჩინების პ-40-ში არ აქვს წარმოდგენილი დასაშვები საკასაციო პრეტენზია.

50. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის დართვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნულს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოში კასატორის ამ განჩინების პ.41-ში მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, მართალია კასატორი უთითებს, რომ საქმეს დაერთოს ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა არც თავდაპირველ და არც დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს არ ერთვის აღნიშნული დოკუმენტი.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

54. სასამართლო ხარჯი: მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 300 ლარი, ხოლო სსსკ-ის 39.2 მუხლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება, შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 150 ლარს. ამდენად, საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 150 ლარი კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს.

55. ამასთან, სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, საკასაციო საჩივრისთვის განსაზღვრული 150 ლარის 70% უკან უნდა დაუბბრუნდეს კასატორს.

56. საბოლოოდ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უბრუნდება 255 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორის შუამდგომლობა საქმისათვის მტკიცებულების (საექსპერტო დასკვნა) დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. ი.მ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 13.11.2019წ.-ში N567 ტერმინალით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან 255 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე