Facebook Twitter

საქმე №ას-130-2020 13 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კერძო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, თ.მ–ძეს (შემდეგში: შეგებებული სარჩელის ავტორი, კერძო საჩივრის ავტორი) უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე, ნ.მ–ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

2. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 416-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, აღნიშნული ვადის ათვლა კი დაიწყება მხარისთვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან უშუალოდ სასამართლოში, ან სსსკ-ის 70-78-ე მუხლების გათვალისწინებით.

5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ კერძო საჩივრის ავტორმა, 2019 წლის 6 ნოემბერს წარადგინა შეგებებული სარჩელი. აღნიშნულის მიღებაზე, 2019 წლის 11 ნოემბერს ეთქვა უარი. საქმეში არსებული 2019 წლის 22 ნოემბრის აქტით დასტურდება , რომ მხარეს ეცნობა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, განემარტა, რომ შეეძლო გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა შეგებებული სარჩელის მოსამართლისთვის გადაცემიდან მე-15 დღეს.

6. დადგენილია, რომ გასაჩივრების ვადის 12 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო, შეგებებული სარჩელის მოსამართლისათვის გადაცემიდან მე-15 დღეს - 21 ნოემბერს და ამოიწურა 3 დეკემბერს. ასევე, დადგენილია, რომ კერძო საჩივარი წარდგენილია 3 დეკემბრის შემდეგ, 10 დეკემბერს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის - 12 დღის შემდეგ. კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ მიუმართავს რაიმე შუამდგომლობით, და არც რაიმე საპატიო მიზეზებზე მიუთითებია, რაც გაამართლებდა კერძო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენას.

7. სააპელაციო სასამართლოს, დასახელებული განჩინება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) კერძო საჩივრით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის არსებითი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

10. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

11. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

12. დასახელებული განჩინებით, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადა.

13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველად.

15. საკასაციო სასამართლო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით განმარტავს, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას.

16. ამდენად, თ.მ–ძეს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გამოვლინდა მისი წარმოებაში მიღების ეტაპზე, სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.მ–ძეს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. თ.მ–ძეს (პ/ნ:......) დაუბრუნდეს თ.ჟ–ძის (პ/ნ: .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2020 წლის 14 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

მოსამართლე მ. ერემაძე