საქმე№ა-169-შ-4-2020 13 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – უკრაინის, ქალაქ ხარკოვის, მოსკოვის რაიონის, 2016 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება №643/11913/16
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, ქალაქ ხარკოვის, მოსკოვის რაიონის, 2016 წლის 11 ოქტომბრის №643/11913/16 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება), 1990 წლის 17 ნოემბერს, დნეპროპეტროვსკის ოლქის იუსტიციის სამმართველოს პირველი მაისის საქალაქო მმაჩის განყოფილების მიერ #235 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, გ.ვ. ძე ს–ძესა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) და ა.კ–ის ას. ს–ძეს შორის შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 17 იანვარს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა განქორწინების თაობაზე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 24 ოქტომბერს.
4. დასახელებული გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია შუამდგომლობის ავტორის მიერ, მოპასუხეს ეცნობა საქმის განხილვის დრო. ეს უკანასკნელი სარჩელის მოთხოვნას არ შეცილებია, და ითხოვდა საქმის განხილვას მის დაუსწრებლად.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე და 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ს–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის, ქალაქ ხარკოვის, მოსკოვის რაიონის, 2016 წლის 11 ოქტომბრის №643/11913/16 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 1990 წლის 17 ნოემბერს, დნეპროპეტროვსკის ოლქის იუსტიციის სამმართველოს პირველი მაისის საქალაქო მმაჩის განყოფილების მიერ №235 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე