№ას-1078-2019 10 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – კ.შ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- ლ.კ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- კ.შ–ის (შემდეგში მოპასუხის) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. მცხეთაში, სოფელ ..... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება დაზუსტებული ფართობი 1000 კვ.მ შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართი N311, შენობა N2,3, (საკადასტრო კოდი N ....) და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
- გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელეს ეთქვა უარი.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კასატორს ასევე დაევალა ნ.გ–ძის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე რწმუნებულების ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
6. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და წარმოადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებებლი დოკუმენტი.
7. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით
8. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
9. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5-ე მე-9-ე პუნქტები).
8. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებულ მისამართზე - მცხეთა, სოფ. ....., მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, ადრესატი ვერ მოიძებნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორს განმეორებით გაეგზავნა კორესპოდენცია აღნიშნულ მისამართზე, თუმცა კვლავ ვერ ჩაბარდა მოუძიებლობის გამო.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, სასამართლო გზავნილი კასატორს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა, მოუძიებლობის გამო.
10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, კერძოდ, სსსკ-ის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაცვით, ორჯერ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართებზე, მაგრამ ვერცერთხელ ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, ამ მისამართებზე ადრესატი ვერ მოიძებნა. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა განმეორებით გზავნილს ჩაბარებულად მიიჩნევს საფოსტო კონვერტზე მითითებულ დროს - 2020 წლის 23 იანვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 24 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 28 იანვარს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2020 წლის 28 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე