Facebook Twitter

საქმე №ას-1780-2019 20 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.შ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ბ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,ბ.ბ–მა’’ (შემდგომ – მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.შ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,ბ.ბ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დადგენილი ხარვეზის შესავსებად 14 დღე განესაზღვრა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

6. ხსენებული განჩინების ასლი, აპელანტს გაეგზავნა და 2019 წლის 25 ივლისს ჩაბარდა მის დედას ნ.შ–ძეს (ტ.1, ს.ფ.97).

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 63-ე, 70-78-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო დაუშვებლობის გამო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ჩაბარებამდე რამდენჯერმე სცადა სასამართლოში იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა სააპელაციო საჩივრის განილვასთან დაკავშირებით, თუმცა სათანადო პასუხი ვერ მიიღო და ელოდებოდა სასამართლოდან როდის დაუკავშირდებოდნენ. 2019 წლის მაისის შემდეგ შეცვლილი აქვს საცხოვრებელი ადგილი და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას არ ჩაბარებია, შესაბამისად, გზავნილის ჩაბარების კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები დარღვეულია.

10. მას ხარვეზის არსებობის შესახებ რომ სცოდნოდა, აუცილებლად გამოასწორებდა. ამასთან, სარჩელში მითითებული იყო მისი საკონტაქტო ინფორმაცია, შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ იქნებოდა რთული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელიშემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, პროცესის მონაწილე პირისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებისა და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის 554,55 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი; ბ) მიეთითებინა, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, რას მოითხოვდა საჩივრის შემტანი პირი; გ) მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

17. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს პირადად არ ჩაბარებია და აღნიშნული განჩინება ჩაიბარა აპელანტის დედამ, რომელთანაც 2019 წლის მაისის შემდეგ აღარ ცხოვრობს.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა შესაგებელში და სააპელაციო საჩივარში (სააპელაციო საჩივარი სასამართლოში რეგისტრირებულია 2019 წლის 1 ივლისს) მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 27 ივლისს ჩაბარდა დედას, რაც დადასტურებულია გზავნილის მიმღების ხელმოწერით (ს.ფ. 97).

19. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებული მისამართი, 2019 წლის 4 თებერვალს, სასამართლოში ბანკის მიერ აღძრულ სარჩელში მითითებული მისამართის იდენტურია, რაც კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების უსაფუძვლობაზე მიუთითებს.

20. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქმის წარმოების მიმდინარეობისას ამ მისამართზე ბარდებოდა აპელანტის დედას სასამართლოს გზავნილები (სარჩელი, სასამართლო უწყება) (ს.ფ. 37; 56). სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებაც გაგზავნილია იმავე მისამართზე და ჩაბარებული აქვს აპელანტის დედას (ს.ფ. 105). უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარებული აქვს კერძო საჩივრის ავტორის დედას და ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევაში, გზავნილის ჩაბარებას შედეგად მოჰყვა მხარის მიერ საპროცესო უფლებების რეალიზება (მაგალითად, კერძო საჩივრის წარდგენა, ხარვეზის შევსება).

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

22. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

23. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

24. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

25. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 76-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

26. კანონის მითითებული დანაწესი ავალდებულებს მხარეებს, აცნობონ თავისი რეალური ადგილსამყოფლის მისამართი სასამართლოს, რათა დროულად განხორციელდეს მათთვის სათანადო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარება და საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების ეფექტურად და საპროცესო ეკონომიის პრინსიპის დაცვით განხორციელებას.

27. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელზე შეტანილ შესაგებელსა და 2019 წლის 1 ივლისს წარდგენილ სააპელაციო საჩივარში დააფიქსირა ერთი და იგივე მისამართი, რომელზეც სურდა სასამართლოსაგან გამოგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მიღება, რის გამოც საფუძველს მოკლებულია მომჩივანის პრეტენზია იმის შესახებ, რომ 2019 წლის მაისის შემდეგ შეცვლილი ჰქონდა მისამართი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, ახალი მისამართი სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია, შესაბამისად, მან სსსკ-ის 76-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის საპროცესო დოკუმენტები უნდა გაეგზავნა სწორედ სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე.

28. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

29. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

30. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2019 წლის 26 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 8 აგვისტოს.

31. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (14 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად

32. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

33. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე'' არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე სასამართლომ დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ,,სასამართლო ხელმისაწვდომობის’’ უფლების ხელყოფად.

35. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

37. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ჩაბარებამდე რამდენჯერმე შეეცადა სასამართლოში იმის გარკვევას, თუ რა ხდებოდა სააპელაციო საჩივრზე და პასუხი ვერ მიიღო, საქმის მასალებით დაუდასტურებელი და საფუძველს მოკლებულია, თუმცა, დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი.

38. საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა იმ ნაწილშიც, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ იქნებოდა რთული კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ტელეფონით), რადგან სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

39. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის თაობაზე დადგენილი ხარვეზის განჩინება მხოლოდ სახელმწიფო ბაჟს არ შეეხებოდა, გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით (სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე'' და ,,ვ'' ქვეპუნქტები), შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება, კანონის დანაწესებთან შესაბამის ქმედებას, მით უფრო, სასამართლოს ვალდებულებას არ წარმოადგენდა.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე